ამბები

16:17 | 18.02.2012 | ნანახია 5973 - ჯერ

პორტუგალიასთან უკეთესი შემადგენლობით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 25 თებერვალს პორტუგალიასთან თბილისში გასამართი მატჩისთვის 28 მორაგბე გამოიძახა, რომელთაგან 23 საუკეთესო ახალი მწვრთნელისთვის პირველი გამარჯვების მოტანას შეეცდება.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ერთი კვირის წინ, ექსპერიმენტული შემადგენლობით ესპანეთში გამართა, მეტოქე არ დააფასა და საკუთარი შეცდომების გადამკიდე 18:25 დამარცხდა. ამან გულშემატკივართა წყრომა გამოიწვია, ბუნებრივია, საკუთარი დებიუტით კმაყოფილი არც ჰეიგი დარჩა და მეორე თამაშისთვის ბევრად უფრო გამოცდილ შემადგენლობას მოუყარა თავი, მით უმეტეს, რომ პორტუგალია ესპანეთზე ბევრად ანგარიშგასაწევი ძალაა.
მერე რა, რომ ისინი წელს გამართულ ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პორტუგალიელთა მეტოქეები ერთა თასის მოგების პრეტენდენტები - რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები იყვნენ. პორტუგალიამ ორივე შემთხვევაში ბოლომდე იბრძოლა, ბუქარესტში 7:15 დამარცხდა, ხოლო რუსეთს მხოლოდ მინიმალური სხვაობით დანებდა - 32:33, მაგრამ 4 ლელო გაიტანა და რადგან თან მცირე სხვაობით დამარცხდა, სატურნირო ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. ახლა ლუზიტანიელებს უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა და გამარჯვება სურთ, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრების მადრიდული მარცხი მათ ამბიციებს კიდევ უფრო გაზრდიდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ჰეიგმა გარისკვა აღარ ისურვა და 25 თებერვალს “ავჭალის” სტადიონზე ბევრად ძლიერი და გამოცდილი შემადგენლობა გავა. მომავალი ჯახის ადგილი ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ რატომღაც, საქართველოს ნაკრებისთვის შედარებით დიდ სტადიონზე მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა, “ბორჯღალოსნებს” “მიხეილ მესხზე” შეშვებას მხოლოდ რუსეთთან მატჩისთვის დაპირდნენ. სრკ-ს სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, თამაში “ავჭალაში” დანიშნა. იქ მხოლოდ 2 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი ეტევა, არადა, ქართველთა ბრძოლის ხილვის მსურველი რომ ბევრად მეტი იქნება, ცხადზე ცხადია და გულშემატკივარს ბილეთის შესაძენად და სტადიონზე ადგილის დასაჯავშნად დროულად შეფუცხუნება მოუწევს. ისე, კიდევ კარგი, ახლა “ავჭალისა” და “შევარდენის” სტადიონები რომ გვაქვს, თორემ გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებულ ნაკრებს ერთ-ერთი პრინციპული მეტოქის სამასპინძლოდ მოედანი არ ექნებოდა.
ახლა რაც შეეხება შემადგენლობას. აქ შერკინების პირველ ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამობრძმედილი პირველი და მესამე ნომრები - ვასილ კაკოვინი და დავით ქუბრიაშვილი გამოჩნდნენ. ახალი სახეა 2 ნომერი რევაზ ბელქანია, რომლის ანგარიშზეც 4 სანაკრებო მატჩი კია, მაგრამ ბოლოს “ბორჯღალოსანთა” კვართი 2007 წელს მოირგო. ის შალვა მამუკაშვილის შემცვლელად ითამაშებს, ან პირიქით. საქმე ისაა, რომ სხვა 2 ნომრებიდან, აქვსენტი გიორგაძე ტრავმირებულია, ჯაბა ბრეგვაძე ახლახანს შეუერთდა ფრანგულ გრანდ “ტულუზას” და ჯერჯერობით ნაკრებს მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილის ნაკრებში გამოძახების უფლება მწვრთნელს შეთანხმების ძლით წელს მხოლოდ სამჯერ ექნება და ის უფრო მნიშვნელოვანი მეტოქეებისთვის (რუმინეთი, რუსეთი) შემოინახეს. ესპანეთში დებიუტი ჰქონდათ და კვლავ გუნდთან ერთად არიან მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა შეცვლაზე ითამაშა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა.
მეორე ხაზში მწვრთნელებს კვლავ კოტე მიქაუტაძის და ლევან დათუნაშვილის იმედი ექნებათ. მათ გარდა, გუნდში არიან ისეთი მესამეხაზელები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ამ პოზიციაზეც შეუძლიათ თამაში - 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე, რომელიც ნაკრების და “მონპელიეს” უპირობო ლიდერია, შალვა სუთიაშვილი, რომელმაც მსოფლიო თასზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და ახალგაზრდა ბექა ბიწაძე, ვინც წინა შეკრებაზეც იყო, გუნდს ესპანეთშიც გაყვა, მაგრამ ერთი კვირის წინ მისი დებიუტი არ შედგა. მესამე ხაზში დაბრუნდა ვიტო კოლელიშვილი, ვისაც ესპანეთის წინააღმდეგ თამაშში ხელი ტრავმამ შეუშალა. ამ პოზიციის სხვა მოთამაშეებმა ესპანეთის წინააღმდეგ იბურთავეს.
მთავარ სიახლეს 9 ნომრის პოზიციაზე უნდა ველოდოთ, სადაც ჰეიგმა აღარ გამოიძახა ბოლო წლების ნაკრების უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. შესაძლოა, მწვრთნელი ესპანელთა წინააღმდეგ “აბუს” თამაშით უკმაყოფილო დარჩა, ან უფრო ლოგიკური, 34 წლის კაპიტნის ნაცვლად, თავის გამოჩენის შანსი შედარებით ახლგაზრდა ბიძინა სამხარაძეს და გიორგი ბეგაძეს ექნებათ. 10 ნომერზე კვლავ მერაბ კვირიკაშვილის გამოჩენას უნდა ველოდოთ. განაცხადშია ლაშა მალაღურაძეც, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგაც იყო განაცხადში, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია.
შუამარბებად ისევ ახალბედა მერაბ შარიქაძე და გამოცდილი დავით კაჭარავა გაირჯებიან. საჭიროების შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თამაში გარემარბებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ გარემარბთა შორის მხოლოდ ერთია ლეგიონერი - ირაკლი მაჩხანელი, დანარჩენები კი, ქართულ კლუბებს წარმოადგენენ, მაგრამ სანაკრებო მატჩების გამოცდილების ნაკლებობას არცერთი მათგანი არ უჩივის. განაცხადში არაა რევაზ გიგაური, რომელმაც ესპანელთა წინააღმდეგ 15 ნომრის პოზიციაზე შეცდომები მრავლად დაუშვა და ახლა შანსი პოლონური “გდინიას” წევრ ბექა წიკლაურს და “ლელოს” მორაგბე ირაკლი ყიასაშვილს ექნებათ. ორივე ეს მორაგბე ჰეიგს წინა შეკრებაზეც ყავდა, მაგრამ განაცხადში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა.
მოკლედ, შემადგენლობაში ისეთი მორაგბების გამოჩენამ, როგორებიც კაკოვინი, ქუბრიაშვილი, სუთიაშვილი და გორგოძე არიან, გულშემატკივრებში პორტუგალიელთა უეჭველი ძლევის მოლოდინი გააჩინა და იმედია, ზელანდიელი პირველ ქართულ გამარჯვებას იზეიმებს და ნაკრებს “ავჭალაც” კარგად დაებედება. მით უმეტეს, რომ საქართველოში “ბორჯღალსონებს” ოფიციალური თამაში 2004 წლის შემდეგ არ წაუგიათ (არაოფიციალურ მატჩში 2006 წელს ვაკეში “ბარბაროსებმა” 28:19 იმარჯვეს) და იმედია, ეს ტრადიცია ახლაც შენარჩუნდება. ისე, იმ 2004 წელს საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” 14:19 სწორედ პორტუგალიასთან წააგო და იმავე პორტუგალიას, 2009 წელს “ბორის პაიჭაძეზე” ვერ აჯობა (20:20)...
თბილისში მყოფი მორაგბეები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეკრებას დღეიდან იწყებენ, ორშაბათ-სამშაბათს კი, მათ ლეგიონერებიც შეუერთდებიან. რადგან FIღA უცნაური ორგანიზაციაა და კაცმა არ იცის როდის რა მოუვა თავში, ქვემოთ წლევანდელი ერთა თასის ცხრილთან ერთად, ორი წლის ჯამურ ცხრილსაც გთავაზობთ, მით უმეტეს, რომ თავად FIRA ორივე ცხრილს ერთდროულად აწარმოებს.
 
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულნი არიან:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 17 თამაში, 0 ქულა), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 1, 0), რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 4, 0), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 1, 0), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 20, 0), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, 3, 0);
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 4, 0), ლევან დათუნაშვილი (47, 10), ბექა ბიწაძე (“ბრივი”, საფრანგეთი, 0, 0);
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 53, 30), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41, 100), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დ’აჟენი”, საფრანგეთი, 20, 15), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 12, 5), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 22, 1), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, 1, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, 6, 0);
#9: გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, 1, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, 59, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 289), ლაშა მალაღურაძე (“ვალანს დ’აჯენი”, საფრანგეთი, 32, 100);
შუამარბი: მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 1, 0), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 48, 55);
გარემარბი: ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 51, 90), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, 29, 5), გიორგი შკინინი (“არმია”, 33, 25), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, 26, 25);
#15: ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 1, 5), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 5, 12).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
 
1. რუსეთი           1 1 0 0 33-32 4
2. რუმინეთი       1 1 0 0 15-7 4
3. ესპანეთი        1 1 0 0 25-18 4
4. პორტუგალია  2 0 0 2 39-48 2
5. საქართველო   1 0 0 1 18-25 1
6. უკრაინა            0 0 0 0 0-0 0
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო      6 5 0 1 186:60 23
2. რუმინეთი          6 4 0 2 181:76 20
3. პორტუგალია    7 3 0 4 152:146 16
4. რუსეთი             6 3 0 3 133:130 15
5. ესპანეთი           6 3 0 3 117:193 14
6. უკრაინა             5 0 0 5 61:225 0
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122041