ამბები

18:47 | 19.02.2012 | ნანახია 2197 - ჯერ

Top 14-ის მძიმე ტური

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XVIII ტური ერთობ დაძაბული გამოდგა. შვიდიდან 2 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო სამში, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთებზე გაირკვა. ფრეები მოწინავე ხუთეულში მყოფი ქართველი ლეგიონერების კლუბებზე მოდის, მაგრამ რეგულარული პირველობის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, ისინი მნიშვნელოვან ჰანდიკაპს ინარჩუნებენ და თუ სასწაული არ მოხდა, საჩემპიონო პლეი ოფშიც აუცილებლად მოხვდებიან.
გათამაშების ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან ყველაზე მისაღები ანგარიშით იმარჯვა, მაგრამ იოლი მატჩი სულაც არ ყოფილა. 17797 მაყურებლის წინაშე, მასპინძელმა “ტულუზამ” თამაში აქტიურად დაიწყო და მალე ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, ლოგიკის საპირისპიროდ, მე-6 წუთზე, ჯარიმა “აჟენმა” გაიტანა და დაწინაურდა. ბუქსიმ წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლო. ნელ-ნელა უპირატესობამ სტუმართა მხარეს გადაინაცვლა და მე-11 წუთზე მათ ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა.
მასპინძლები თამაშის დალაგებას ვერაფრით ახერხებდნენ და ამ სიტუაციაში, გუნდს მშველელად ბუქსი მოევლინა, რომელმაც დაახლოებით 50 მეტრიდან ჯარიმით წონასწორობა შეამცირა, შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე კი, “ტულუზამ” საპასუხო ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 13:10 მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ტულუზელებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ მალევე 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და პრობლემები შეექმნათ. მასპინძლებმა ჩათვლის მოედნის ხელშეუხებლად შენახვა მოახერხეს, 54-ე წუთზე კი, ლელო თავად გაიტანეს და 21:10 დაწინაურდნენ.
დარჩენილმა დრომ შედარებით მშვიდად, დაბალ ტემპში ჩაიარა და “ტულუზამ” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა ვერ შეძლო და მონაგარს პრემიალური ქულა ვერ შემატა.
გიორგაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ბრეგვაძე კი, თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში შეცვლაზე ითამაშა შეყლაშვილმა და ისიც მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, მაგრამ ხუთიოდე წუთში, განზრახ ჯარიმისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა და 10 წუთი სინბინში გაატარა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიუთითებს ორივე კლუბის ოფიციალური საიტი, სხვაგან კი, შეყლაშვილს ამ დროს შეცვლა უწერია. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძის მოედანზე გამოსვლის, განსაკუთრებით კი, შეყლაშვილის სინბინში ყოფნის პერიოდში, მასპინძლები შერკინებაში უდიდეს უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ მისი ქულებში ასახვა ვეღარ შეძლეს.
“ტულუზა” საკუთარ მოედანზე 2010 წლის თებერვლის შემდეგ არ დამარცხებულა. გუნდს Top 14-ში ზედიზედ 7 მოგება აქვს, წაგებით კი, უკვე 11 თამაშია არ წაუგია (1 ფრე, 10 მოგება). ჯამში, 2 მარცხის წილ 15 მოგება და ერთი ფრე აქვს, 69 ქულა დააგროვა და რადგან უახლოესმა მდევარმა თავისი თამაში ვერ მოიგო, უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა.
“აჟენის” საქმე პირიქითაა. ერთი ხანობა, ეს გუნდი საპლეიოფო ექვსეულშიც შედიოდა, მაგრამ ბოლო 6 თამაშიდან ხუთში დამარცხდა და ექსვეულს ნელ-ნელა შორდება - 36 ქულით მე-9 ადგილი უკავია და ექვსეულში შესვლა გაუჭირდება.
“ტულუზას” უახლოესი მდევარი ვახსენეთ და ის დავით ზირაქაშვილის “კლერმონია”, რომელიც XVIII ტურში “ბაიონის” სტუმრად დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 22:22. შეგახსენებთ, რომ ქართველმა პირველხაზელმა გასული წლის მიწურულს ხელი მოიტეხა და მინიმუმ აპრილამდე ვერ ითამაშებს. მისმა თანაგუნდელებმა ტაიმი 16:9 მოიგეს, შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ 73-ე წუთზე კვლავ 7 ქულამდე გაიზარდა - 22:15. სტუმრებმა ვერ გაძლეს, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლელო გაუშვეს, რეალიზაციაც ზუსტი იყო და ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა. “კლერმონს” 61 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და მართალია, ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ უახლოეს მდევარს თავის მხრივ 9 ქულით უსწრებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 6 საუკეთესო განაგრძობს. პირველ-მეორეადგილოსნები საწყის ეტაპზე ისვენებენ, მესამეადგილოსანი მეექვსეს, მეოთხე კი მეხუთეს, ერთმატჩიან პლეი ოფში მასპინძლობს და გამარჯვებულები ნახევარფინალში პირველ-მეორე გუნდს სტუმრად ეთამაშებიან.
სტუმრად, პარიზში, “სტად ფრანსესთან”, ფრედ - 19:19 ითამაშა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, რომელიც 52 ქულით მე-3 ადგილზეა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ პირველხაზელი ქუბრიაშვილი იყო და თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო. საწყის ოც წუთში მასპინძლებს 2 ჯარიმა გაუფუჭდათ, სტუმართა დამრტყმელმა, ინგლისელმა უილკინსონმა კი, ორივე შანსი გამოიყენა და “ტულონი” 6:0 დაწინაურდა, მაგრამ 23-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამას მასპინძელთა 2 ჯარიმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა, ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა ჯერ ერთი ჯარიმა გააფუჭეს, მაგრამ მერე ავსტრალიელმა ჟიტომ საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 9:6.
მე-2 ტაიმის საწყისი 10 წუთი “ტულონისთვის” ცუდი გამოდგა. “სტად ფრანსემ” ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ლელო-გარდასახვა გაიტანა და 16:9 დაწინაურდა. სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და 53-იდან 59-ე წუთამდე, სამჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს. ამაზე, სტუმრებმა თავიანთი ჯარიმით 71-ე წუთზე უპასუხეს, რის შემდეგაც მოედანზე ქუბრიაშვილიც გამოჩნდა. დარჩენილმა დრომ “ტულონის” იერიშებში ჩაიარა, ჟიტოს კარგი თამაშის შედეგად, ბოლო წუთზე ლელოს გატანაც შეძლო, ავსტრალიელს ფეხი არ აუკანკალდა, რეალიზაციაც გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივმა”, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” უმასპინძლა და 13:15 დამარცხდა, არადა, მატჩის ფრედ დამთავრება თავისუფლად შეეძლო. ჯარიმით და ლელოთი, მასპინძლები 25-ე წუთისთვის 8:0-ს იგებდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა იმძლავრეს, შესვენებამდე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მე-2 ნახევრის საწყის 15 წუთში კი, კიდევ ერთი ჯარიმა და 2 არეკნი გაიტანეს და 12:8 დაწინაურდნენ. “კასტრმა” 65-ე წუთზე მე-3 ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რაზეც “ბრივმა” მძლავრი იერიშით უპასუხა და 79-ე წუთზე ლელოც მიითვალა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და ფრისთვის განკუთვნილი ორის ნაცვლად, მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. არადა, “კასტრმა” ყვითელი ბარათების გამო (3), მთელი 30 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა და წესით, ამით მასპინძლებს უნდა ესარგებლათ, მაგრამ... სტუმართა განაცხადში არ იყო ფეიქრიშვილი. “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ხინჩაგიშვილი და კაკოვინი, პირველი 54-ე, ხოლო მეორე 64-ე წუთზე შეცვალეს. 54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ნატრიაშვილი. ამრიგად, “ბრივს” 29 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და მხოლოდ 4 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას, ხოლო “კასტრი” 48 ქულით “მონპელიესთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
მძიმე ბრძოლაში, ბოლო წუთებზე იმარჯვა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიემ”, რომელიც სტუმრად “ბორდოს” ეთამაშებოდა. ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჟღენტი იყო, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგოძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში ვერ მოხვდნენ. მასპინძლებმა ადრეული ლელო-გარდასახვით გახსნეს ანგარიში, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო ტაიმის დასკვნით ათ წუთში, სტუმრებმა ჯერ ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს, მერე კი, ჯარიმით ტაიმი 13:10 მოიგეს.
წონასწორობა შეხვედრის განახლებისთანავე აღდგა, მაგრამ 45-ე წუთზე “მონპელიემ” თავისი მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და წინ გაიჭრა. 65-ე წუთამდე, “ბორდოს” ორ ჯარიმას სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს, აი 68-ე წუთზე კი, მასპინძლები ლელოთი დაწინაურდნენ და რეალიზაციაც გამოიყენეს. ბოლო წუთები უაღრესად დაძაბული გამოდგა და 75-ე წუთზე “მონპელიემ” ლელოთი დაწინაურება შეძლო, ხოლო ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, მეტოქეს 4 ქულით დაშორდა - 30:26. ამან “ბორდო” ლელოზე თამაში აიძულა, “მონპელიემ” თავი კარგად დაიცვა, ანგარიში შეინარჩუნა და 48 ქულით, როგორც ზემოთ გითხარით, “კასტრთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
სატურნირო ცხრილის აუტსაიდერმა, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა”, საკუთარ მოედანზე “რასინგ მეტროსთან” 22:33 წააგო. ამაში ქართველ ლეგიონერებს წვლილი არ მიუძღვით, რადგან ისინი განაცხადში არ იყვნენ. მასპინძლებმა თამაში საშინლად დაიწყეს და მე-16 წუთზე უკვე 0:18 მარცხდებოდნენ. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-2 ნახევრის დასაწყისში - ლელოები, 67-ე წუთიდან კი, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. “ლიონმა” ორ წუთში 2 ლელოს გატანა შეძლო, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა - 22:26, მაგრამ მეტისათვის ძალა აღარ ეყო, პირიქით, ბოლო წამებზე ლელო-გარდასახვა თავად მიიღო და ისე დამარცხდა, პრემიალური ქულაც ვერ ჩაიწერა.
“ლიონი” 24 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზე რჩება, ერთით ჩამორჩება “ბეზიეს”, რომელიც ამ ტურში “პერპინიანთან” 6:25 დამარცხდა და 5 ქულა აშორებს Top 14-ში დამრჩენ მე-12 საფეხურს.
ახლა თოპ 14-ში სანაკრებო ფანჯრით გამოწვეული ერთკვირიანი დასვენებაა, მაგრამ ქართველი ლეგიონერების 4 კლუბი მაინც ითამაშებს. მათ გადადებული მატჩები აქვთ მოსალევი და “აჟენი” “კასტრს”, ხოლო “ლიონი” ერთ-ერთ კონკურენტ “ბრივს” უმასპინძლებს. XIX ტურის შეხვედრები 2-3 მარტსაა დაგეგმილი.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 69 (18 თამაში), 2. კლერმონი - 61 (18 თ.), 3. ტულონი - 52 (18 თ.), 4. კასტრი - 48 (17 თ.), 5. მონპელიე - 48 (18 თ.), 6. სტად ფრანსე - 42 (18 თ.), 7. რასინგ მეტრო - 41 (18 თ.), 8. ბორდო - 37 (18 თ.), 9. აჟენი - 36 (17 თ.), 10. პერპინიანი - 31 (18 თ.), 11. ბრივი - 29 (17 თ.), 12. ბაიონი - 29 (18 თ.), 13. ბიარიცი - 25 (18 თ.), 14. ლიონი - 24 (17 თ.).
გადადებული მატჩები (24 თებერვალი): აჟენი - კასტრი, ლიონი - ბრივი.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087092