ამბები

15:12 | 21.02.2012 | ნანახია 1700 - ჯერ

სამი ქართული ლელო ფედერალში

საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრად პროფესიონალურ ლიგა ფედერალ 1-ის XIII ტურში, ლელოს გატანა ერთბაშად სამმა ქართველმა ლეგიონერმა მოახერხა. თავი შალვა სუთიაშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა და გიორგი ჩხაიძემ გამოიჩინეს, რასაც “მეკომ” 4 რეალიზაცია, 3 ჯარიმა და ერთიც არეკნი შემატა. სამივე მორაგბე პორტუგალიასთან მატჩისათვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და იმედია, მომავალ შაბათს ისინი ლელოს უკვე “ბორჯღალოსანთა” მაისურით გაიტანენ.

პირველ ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანს” უმასპინძლა, მომხვდური 49:5 გაანადგურა და პრემიალური ქულაც მიითვალა. სტუმართა რბევას სათავე სუთიაშვილმა დაუდო, რომელმაც ანგარიში პირველივე წუთზე ლელოთი გახსნა. ეს მისი მესამე ლელოა მიმდინარე გათამაშებაში (10 თამაშში). ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა. მასპინძელთა სასტარტოში იყო პირველხაზელი აშვეთია და მან მოედანზე 59 წუთი გაატარა, ხოლო კობაური განაცხადში არ იყო. “ორლეანის” შემადგენლობაში ორივე ქართველმა შეცვლაზე ითამაშა - პირველხაზელი კოპალიანი თამაშში 55-ე წუთზე ჩაეღო, მესამეხაზელი საყვარელიძე კი, 70-ეზე.
“ორლეანს” 13 ქულა აქვს და 10-გუნდა ჯგუფში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, აი “მასი” კი, 44 ქულით მეორეა და Pro D2-ში აღსაზევებელ პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, სადაც თითოეული ჯგუფიდან (სულ 4 ჯგუფია) 4-4 საუკეთესო გუნდი გადის. პირველ ჯგუფს 46 ქულით დავით ბოლღაშვილის “ლილი” ლიდერობს, რომელმაც ამ ტურში “ბობინი” 25:10 დასცა. ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა” ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 17:12 იმარჯვა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით - 10:9 მოიგეს, 72-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანეს და სტუმრებმა ისღა შეძლეს, რომ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა შეამცირეს და ერთი პრემიალური ქულაც აიღეს. მჭედლიშვილი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, ყუფარაძე მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ გამოჩნდა, დადუნაშვილი კი, განაცხადში არ იყო. “დიჟონი” 31 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს, რადგან მეოთხეზე მყოფ “მონლუსონს” სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება.
რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონმა” შოთა მელიქიძის “მაკონს” უმასპინძლა და კვლავ უქულოდ დარჩა. სტუმრებმა 35:15 იმარჯვეს, პრემიელური ქულაც აიღეს, ჯამში 36 ქულა დაუგროვდათ და მე-3 ადგილზე არიან, “ბულონი” კი, კვლავაც უქულოდაა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გიორგაძე და გიგაური, რომელიც მწვრთნელებმა ნაკრების დარად 15 ნომერზე ათამაშეს. სამწუხაროდ, შეცვლების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ.
მეორე ჯგუფში უამინდობის გამო ორი თამაში გადაიდო. ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენს”, რომელიც 32 ქულით მე-5 ადგილზეა, გიორგი კუთარაშვილის “შატორენარისთვის” (26 ქულით მე-7 ადგილი) უნდა ემასპინძლა, ხოლო დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცა” (22 ქულით მე-8 ადგილი) ჯგუფის ლიდერ “ბრესანის” წინააღმდეგ სტუმრად უნდა წარმსდგარიყო.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინმა” საკუთარ მოედანზე თემურ გელანტიას “ნიმს” 29:20 აჯობა. სტუმართა განაცხადში არ იყო ქართველი ლეგიონერი, ისევე, როგორც მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ტრავმირებულ მეორეხაზელ მაისურაძეს. ბელქანია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, ხოლო 4 წუთის შემდეგ თამაშში ლაბაძე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 43-ე წუთზე “ლა სეინი” 16:6 იგებდა, მაგრამ 68-ეზე მდევრის როლში აღმოჩნდა (19:20), თუმცა, დასკვნით 10 წუთში ძალების მობილიზება მოახერხა, ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ისიც სათქმელია, რომ 26-ედან 31-ე წუთამდე რეფერიმ “ნიმის” სამი მორაგბე გაასინბინა და სტუმრებმა დაახლოებით 17 წუთი ორმორაგბენაკლულებმა ითამაშეს (26-ე წუთზე ყვითელი ბარათით მასპინძელთა მორაგბეც დაისაჯა), მაგრამ “ლა სეინმა” ამით ვერ ისარგებლა.
“ლა სეინს” 36 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, “ნიმი” კი, 11 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ირაკლი ნინიძის “რომანმა” “პოსეენი” 85:5 გაანადგურა და 28 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა. ქართველი პირველხაზელი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო - როდესაც ანგარიში 38:0 იყო.
III ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ოზგებაშვილის “სენ-ჟუნიენმა” ბოლო ოთხი თამაშიდან მესამე მოიგო და პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაიჩინა. აღსანიშნავია, რომ განვლილ 13 თამაშში ამ გუნდმა 5 მოიგო და 8 წააგო, მაგრამ 6 წაგებულ მატჩში პრემიალური ქულის აღება მოახერხა.
ამ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით ქართველ ლეგიონერებს. კვრიკაშვილმა და ჩხაიძემ ბოლო ტურში “სენ-ჟან-დე-ლიუსთან” 45:9 მოგებულ მატჩში ლელოები გაიტანეს, ხოლო “მეკოს” ანგარიშზე ჯამში 25 ქულაა. ჩხაიძემ 8 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ისევე, როგორც სრულად გაისარჯა კვირიკაშვილი, ხოლო ოზგებაშვილი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. კვირიკაშვილმა პირველი რეალიზაცია მე-4 წუთზე გამოიყენა, 10 წუთში ზუსტად ჯარიმა შეასრულა, მე-19 წუთზე უკვე ლელო მიითვალა და რეალიზაციაც მიაყოლა, 27-ე წუთზე არეკნით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 36-ეზე ჯარიმა გამოიყენა და ტაიმიც 23:9 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში კვირიკაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ 52-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა, რასაც 61-ე წუთზე ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. ჩხაიძემ თავისი წილი ლელო 67-ე წუთზე მიითვალა და “მეკომ” ზუსტი რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ახლა “სენ-ჟუნიენს” 13 თამაშის შემდეგ 27 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება საპლეიფო მე-4 ადგილს, ოღონდ, “ლავორს” ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამეზე 32 ქულით “სენ-ნაზერია”, ვისაც “სენ-ჟუნიენის” მსგავსად 13 მატჩი აქვს ნათამაშები. მომდევნო ტურში ქართველთა გუნდი აუტსაიდერ “მორლაას” ეთამაშება, მისი კონკურენტები კი, ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.
პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის IV ჯგუფში დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენი”, რომელმაც აუტსაიდერი “რიბერაკი” 51:0 გაანადგურა და 39 ქულით მე-3 ადგილზეა. ბასილაიამ, რომელიც სულ მალე შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგს” შეუერთდება, მოედანზე 43 წუთი გაატარა, ხოლო 8 ნომრის პოზიციაზე მობურთალმა ნემსაძემ სრულად ითამაშა.
ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის თამაშები 4 მარტს გაიმართება, მანამდე კი, გუნდებს გადადებული თამაშების ჩატარება მოუწევთ.
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.143851