საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 25 თებერვალს პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
2012 წლის ერთა თასის მეორე მატჩს “ბორჯღალოსნები” “ავჭალის” სტადიონზე გამართავენ. თამაში 14 საათზე იწყება და მას იტალიელი მსაჯები მოემსახურებიან. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება და მომავალ ჯახს ყველა მსურველი ვერ დაესწრება, მაგრამ ეს ფასის ბრალი სულაც არაა. ამ სტადიონზე სულ 2100 მაყურებელი ეტევა. რაგბის კავშირს სურდა, თამაში “ბორის პაიჭაძეზე” ან “მიხეილ მესხზე” გამართულიყო, სადაც “ავჭალასთან” შედარებით ბევრად მეტი მაყურებელი ეტევა, მაგრამ ორივე ეს სტადიონი კერძო მფლობელობაშია და მათთვის აზრის შეცვლა, სამწუხაროდ, არავინ იფიქრა.
საქმე ისაა, რომ ეროვნულზე რეკონსტრუქციას იწყებენ და ეგეც რომ არა, მფლობელი კლუბი (“დინამო”) მორეგბეებს მოედანზე შესაშვებად 40 ათას ლარს სთხოვდა, ხოლო “მიხეილ მესხზე” 29 თებერვალს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ალბანელებს უნდა დაუხვდეს და სფფ-მ მოყინული მოედნის შენახვა განიზრახა. ვაკეში მორაგბეები ოდნავ მოგვიანებით ითამაშებენ. აი, 17 მარტს თბილისში რუსეთის ნაკრები ჩამოდის და რადგან რუსეთის ნაკრები ჩამოდის, მორაგბეებისთვის “მიხეილ მესხის” კი არა, ყველა დახურული კარები გაიხსნება.
გულშემატკივრებს შორის საუბრებია, თითქოს “ავჭალაზე” თამაშს სჯობდა პორტუგალიისთვის რეგიონში გვემასპინძლა, მაგრამ FIRA-ს მოთხოვნით, სტადიონი საერთაშორისო აეროპორტიდან მაქსიმუმ 150 კილომეტრის დაშორებით უნდა იყოს და ამან ქუთაისის ვარიანტი გამორიცხა. ესეც რომ არა, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი კერძო მფლობელის, “ვისოლის” საკუთრებაშია და ეს უკანასკნელი ისურვებდა თუ არა მოედანზე მორაგბეების შეშვებას, ჯერ კიდევ საკითხავია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ქუთაისში “აიაც” კი ვერ ატარებდა საშინაო შეხვედრებს, სავარაუდოდ, შეთანხმების მიღწევა რთული იქნებოდა. რაც შეეხება რუსთავს, იქ ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნებია და იქ რაგბის თამაში უბრალოდ არ შეიძლება, ხოლო გორში რექონსტრუქცია მიმდინარეობს.
ამრიგად, ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები “ავჭალის” სტადიონზე გამართავს და იმედია, “ბორჯღალოსნებისთვის” ეს მოედანი იღბლიანი აღმოჩნდება და მომავალში იქ აღარ მოუწევთ ოფლისღვრა. სათამაშო სახეობებში ქვეყნის ყველაზე წარმატებული ნაკრები ნამდვილად ღირსია, რომ მხოლოდ რუსეთის ნაკრების დამარცხებისთვის კი არა, ისედაც დაფასებული იყოს და საშინაო მატჩებისთვის მოედანი სანთლით საძებარი არ გაუხდეს. მით უმეტეს, რომ პრეტენზიები ბობოლა სარაგბო ნაკრებების მასპინძლობაზე გვაქვს და უკვე მომავალი ნოემბრიდან, თბილისში მთლად ბობოლები არა, მაგრამ წყნარი ოკეანის კუნძულელთა ნაკრებებს ველოდებთ და უბრალოდ სირცხვილია, მათი 2-ათასიანი ტევადობის სტადიონზე გაყვანა.
ესპანეთთან 18:25 მარცხის შემდეგ, შემადგენლობაში 9 ისეთი მორაგბეა გამოძებული, რომელთაც მადრიდში არ უთამაშიათ. ცვლილებები შეეხო პირველ ხაზს, სადაც გამოჩნდნენ გამოცდილი ვასილ კაკოვინი და დავით ქუბრიაშვილი, ასევე, რევაზ ბელქანია, რომელსაც ნაკრების კვართი კარგა ხანია აღარ მოურგია. გამოძახებულთა სიაში არაა ბოლო დროის უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, სამაგიეროდ, გუნდში არიან მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი და ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც მადრიდში გამგზავრების წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა და გუნდს ამის გამო გამოაკლდა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები აღებულ კურსს გააგრძელებს და წლევანდელ ერთა თასზე, ასევე, ივნისში, აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან სტუმრად გასამართ შეხვედრებში, თავის გამოჩენის შანსი ახალბედებს მიეცემათ. ეს ის წელიწადია, როდესაც გრაფიკი ამის საშუალებას იძლევა, თორემ, 2013 წლიდან ერთა თასი უკვე 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და იქ ექსპერიმენტები ნაღდად არ ივარგებს. ამასთან, წელს მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ, კანდიდატთა რიცხვი 80-100 მორაგბემდე გაზარდონ და უკვე ნოემბრიდან მოედანზე უმეტესად უძლიერეს შემადგენლობას გაიყვანენ.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ გუნდის ამ შემადგენლობას აკლია რამდენიმე ტრავმირებული მორაგბე, ზოგიერთმა კი, ამ ეტაპზე ნაკრებში ჩამოსვლაზე სხვადასხვა მიზეზით თავად თქვა უარი. გამოძახებულთა შორის იყო იური ნატრიაშვილი, მაგრამ მის გუნდს, რომელიც Top 14-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 24 თებერვალს გადადებულ მატჩში უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი თამაში ელის და სავარუდოდ ამიტომ, ნაკრებს დაეთხოვა. სრკ-ის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძის თქმით, “მონპელიეს” პირველხაზელი გიორგი ჟღენტი მუდამ იქნება ნაკრებში გამოძახებული და ახლაც ასე ყოფილა, მაგრამ კლუბიდან მოვიდა პასუხი, ჟღენტს კისრის ტრავმა აქვს, 10-დღიან გამოკვლევის კურსს საჭიროებს და ნაკრებში ვერ ჩამოვაო, მაგრამ ფაქტია, მან 18 თებერვალს Top 14-ის შეხვედრაში 53 წუთი ითამაშა...
პორტუგალიასთან მომავალ მატჩში მორაგბეების გამოცდასთან ერთად, ექსპერიმენტები ზოგ მორაგბეს პირადადაც შეეხება. მაგალითად, გიორგი ჩხაიძე, რომელიც კლუბსა თუ ნაკრებში მუდამ მესამე ხაზში თამაშობდა, ამჯერად შერკინების მეორე ხაზში დადგება. ახალზელანდიელი მწვრთნელების თქმით, ის ისეთი მორაგბეა, რომელსაც 2015 წლის მსოფლიო თასისთვის ვერ დაკარგავენ, არადა, ასაკიდან გამომდინარე, მესამე ხაზში ჩვენს მოთხოვნებს ვერ შეასრულებს, აი მეორე ხაზში კი, ძლიერ წაგვადგებაო.
ორი სიტყვა მორაგბეთა კლუბებზეც ვთქვათ. შალვა მამუკაშვილი შარშან “ყოჩებში” კი თამაშობდა, მაგრამ წლეულს “არმიას” ღირსებას დაიცავს. “არმიაში” გადავიდა ქუთაისის “აიას” უკანახაზელი ირაკლი ჩხიკვაძეც, ხოლო რაც შეეხება ბექა ბიწაძეს, ის ფრანგულ “ბრივს” ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი, “არმიას” ღირსებას დაიცავს. “ყოჩები” დატოვა და კარიერას “ბათუმი XV”-ში გააგრძელებს გიორგი ბეგაძე, ხოლო დიმიტრი ბასილაიამ “ედინბურგთან” კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ ჯერ კიდევ “ვალანს დ’აჟენის” მორაგბეა და შოტლანდიაში ზაფხულში გადაბარგდება.
გუნდის მწვრთნელებმა მილტონ ჰეიგმა და კრის გიბსმა ნაკრებში შემდეგი მორაგბეები გამოიძახეს:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 17 თამაში, 0 ქულა), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 1, 0), რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 4, 0), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 1, 0), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 20, 0), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, 3, 0);
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 4, 0), ლევან დათუნაშვილი (47, 10), გიორგი ჩხაიძე (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 53, 30);
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41, 100), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დ’აჟენი”, საფრანგეთი, 20, 15), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 12, 5), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 22, 1), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, 1, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, 6, 0), ბექა ბიწაძე (“არმია”, 0, 0);
#9: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, 1, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, 59, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 289), ლაშა მალაღურაძე (“ვალანს დ’აჟენი”, საფრანგეთი, 32, 100);
შუამარბი: მერაბ შარიქაძე (“ჰართლპული”, ინგლისი, 1, 0), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 48, 55);
გარემარბი: ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 51, 90), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, 29, 5), გიორგი შკინინი (“არმია”, 33, 25), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, 26, 25);
#15: ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 1, 5), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, 5, 12).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
1 | რუსეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 33-32 | 4 |
2 | რუმინეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 15-7 | 4 |
3 | ესპანეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 25-18 | 4 |
4 | პორტუგალია | 2 | 0 | 0 | 2 | 39-48 | 2 |
5 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 18-25 | 1 |
6 | უკრაინა | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1 | საქართველო | 6 | 5 | 0 | 1 | 186-60 | 23 |
2 | რუმინეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 181-76 | 20 |
3 | პორტუგალია | 7 | 3 | 0 | 4 | 152-146 | 16 |
4 | რუსეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 133-130 | 15 |
5 | ესპანეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 117-193 | 14 |
6 | უკრაინა | 5 | 0 | 0 | 5 | 61-225 | 0 |
P.S. ჯამური ცხრილის მიხედვით უნდა გაირკვეს იმ გუნდის ვინაობა, რომელიც წელს ერთა თასის ქვედა დივიზიონში გავარდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია