ამბები

19:00 | 24.02.2012 | ნანახია 7060 - ჯერ

პორტუგალიასთან ჯახის წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებს, ხვალ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის პორტუგალიასთან, რომელთანაც ბოლო საშინაო მარცხი განიცადა 2004 წელს. ქართველი მორაგბეები ჩვეულებისამებრ, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ და იმ გულისტკენის აღმოფხვრასაც შეეცდებიან, რომელიც გულშემატკივარს მადრიდში მარცხით მიაყენეს.

ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს ერთი წელიწადი ექსპერიმენტებისა იქნება და მსგავსი როტაციაც ხშირად მოხდება, ოღონდ, გუნდი წინასწარ განწირული მოედანზე არასდროს გავა.
ფულბეკად ამ კონკრეტულ მატჩში გიორგი შკინინი მოგვევლინება, რომელმაც ესპანეთთან შეცვლაზე ითამაშა და გუნდის თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. შერკინების პირველი ხაზი სრულად შეიცვალა და რევაზ ბელქანიას მხარს ვასილ კაკოვინი და დავით ქუბრიაშვილი გაუმაგრებენ. შერკინების მეორე ხაზში შედგება გიორგი ჩხაიძის დებიუტი, ხოლო მესამე ხაზში დაბრუნდება საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე. “ბორჯღალოსნებს” არსებობის განმავლობაში პირველად უკაპიტნებს დავით კაჭარავა.
ვარჯიშის მსვლელობისას, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია “გალფს” შორის სასპონსორო, ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სრკ ახლა წელიწადში 100 ათას ლარს მიიღებს.
“მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქართული რაგბი სულ სხვა დონეზე უნდა ავიდეს. გაწერილი გვაქვს პროგრამა, რომელსაც ჭირდება სახსრები და ამ კუთხით, ახალი სპონსორების გამოჩენა მნიშვნელოვანია. არის სახელმწიფო პროგრამა, “ქართუს” პროგრამა და IRB-ს დახმარება, მაგრამ აუცილებელია ქართული რაგბის განვითარებაში კერძო კომპანიების ჩართვა. დახმარება განსაკუთრებით ქართულ კლუბებს სჭირდებათ, რომელთა გარეშეც რაგბი უბრალოდ ვერ განვითარდება. მინდა ყველა სხვა კომპანიას მოვუწოდო, “გალფს” მიბაძოს და ქართულ რაგბის გვერდით დაუდგეს” - თქვა სრკ-ს პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.
“რაგბი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში და გვიხარია, მისი სპონსორები რომ გავხდით. “ბორჯღალოსნების” მაისურის მარჯვენა მკლავზე, ჩვენი ლოგო იქნება გამოსახულინ და იმედია, ეს წარმატების მომტანი იქნება. ხელშეკრულება ჯერ ერთწლიანია, მაგრამ იმედია, თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ” - თქვა “გალფის” ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ქათამაძემ.
“ნაკრების გაცნობას ახლა ვიწყებთ და შემადგენლობაშიც როტაცუა ხშირი იქნება. ის ბიჭები, ვინც ესპანეთთანაც იყვნენ შემადგენლობაში, ახლა უკეთეს ფორმაშია არიან, უკეთ იციან, რა უნდა გააკეთონ. აბუსერიძე უპირველესი 9 ნომერია, მაგრამ მის შემცვლელებზეც უნდა გვქონდეს საკუთარი აზრი. ამ როტაციამ, შესაძლოა, თამაშის ხარისხზე იქონიოს გავლენა, მაგრამ წინ ვიხედებით და სხვანაირად არ გამოვა. შკინინმა ესპანეთთან ფულბეკად კარგად ითამაშა და ახლა კიდევ ერთხელ მივცემთ შანსს. ურჯუკაშვილებს შანსი კიდევ მიეცემათ, ბექა უკვე გამოძახებულია A ნაკრებში და იქ დავაკვირდებით. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ სწრაფად ვითამაშოთ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. თუ გვინდა, რომ გრანდებს გავუტოლდეთ, ახლა მსხვერპლი უნდა გავიღოთ და მათსავით ვითამაშოთ. პორტუგალია ძლიერი გუნდია, მაგრამ მათ ფლანგებზე პრობლემები აქვთ და თუ ეს გამოვიყენეთ, ბლომად ლელოებს გავიტანთ. მამუკა გორგოძემ ხშირად უნდა მიიღოს ბურთი, მაგრამ არა ვიწრო კორიდორში, ის თამაშის გაშლაში უნდა დაგვეხმაროს” - განაცხადა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. 
ეროლ ბრაიანი (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მართალია, უკვე 2 თამაში წავაგეთ, მაგრამ ორივეჯერ ბოლომდე ვიბრძოლეთ და საქართველოსთანაც იგივეს გავაკეთებთ. ჩვენ ბურთის გაშლაზე ვაკეთებთ აქცენტს და ახლაც ასე იქნება. უნდა განვვითარდეთ და ნაკრებში ახალი სახეები მოვიზიდოთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს კარგად ვიცნობ, ისინი დინამიკური რაგბის მიმდევრები არიან. თქვენი გუნდის უპირატესობა ჯანია, მაგრამ ახლა ახალ ეტაპზე გადადიხართ და ჩვენც ვცდილობთ სხვა ელემენტების საქმეში ჩართვას”.
გონსალო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი): “ასეთ პატარა სტადიონზე საქართველოში ჯერ არ გვითამაშია, მაგრამ ყველაფერი ძველებურად კარგადაა. მთავარია, ამინდი იყოს კარგი. ჩვენთვის ისიც დამაკმაყოფილებელია, რომ ყოველწლიურად ვეთამაშებით საქართველოს, რუსეთს და რუმინეთს, ასე რომ, ახალ ტურნირებზე არ ვფიქრობთ. მომავალი თამაშის წინ, შიშს არ განვიცდით და შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ”.
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
 
1. რუსეთი          1 1 0 0 33-32 4
2. რუმინეთი      1 1 0 0 15-7 4
3. ესპანეთი        1 1 0 0 25-18 4
4. პორტუგალია  2 0 0 2 39-48 2
5. საქართველო  1 0 0 1 18-25 1
6. უკრაინა           0 0 0 0 0-0 0
 
25 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო: 15. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 33, 25), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 51, 90), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 48, 55), 12. მერაბ შარიქაძე (“გლოსთერი”, ინგლისი, 1, 0), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 29, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 289), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 1, 0); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 17 თამაში, 0 ქულა), 2. რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 4, 0), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 20, 0), 4. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 53, 30), 5. ლევან დათუნაშვილი (47, 10), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 22, 1), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 12, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41, 100).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 3, 0), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 1, 0), 18. დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 20, 15), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 6, 0), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 59, 30), 21. ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი, 26, 25), 22. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
 
1. საქართველო  6 5 0 1 186:60 23
2. რუმინეთი      6 4 0 2 181:76 20
3. პორტუგალია 7 3 0 4 152:146 16
4. რუსეთი          6 3 0 3 133:130 15
5. ესპანეთი        6 3 0 3 117:193 14
6. უკრაინა          5 0 0 5 61:225 0
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.16634