ქართველთა უპირატესობით დაიწყო “ავჭალა”-ზე მიმდინარე, 2012 წლის ერთა თასის დღევანდელი თამაში პორტუგალიასთან. მასპინძლებმა რამდენიმე სწრაფი და მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ ხშირი ტექნიკური წუნის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანას ვერაფრით ახერხებდნენ.
პირველ წუთებში სტუმრებს ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ საკმაოდ კარგი პოზიციიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
კიდევ უკეთესი შესაძლებლობა მიეცათ პორტუგალიელებს 23-ე წუთზე, როდესაც საკუთარი ჩათვლის მოედანთან ახლოს, მასპინძლებმა ბურთი ვერ დაიჭირეს და ის სტუმრებს მიუვიდათ, თუმცა, უხეირო თამაშის გამო, სალელოვე ხაზთან მიახლოვება ვერ შეძლეს.
სამაგიეროდ, ქართველებმა მოახერხეს ლელოს ორჯერ დადება, თუმცა, პირველი მათგანი, რომელიც კვირიკაშვილმა 32-ე წუთზე გაიტანა, მსაჯმა არ ჩათვალა – ბურთი ჩათვლის მოედანში არ დაფიქსირებულაო.
სულ რაღაც ოთხ წუთში მსაჯს მაინც მოუხდა ლელოს დაფიქსირება, რადგან შარიქაძის მიერ ბურთის დადება ყველა კუთხიდან აშკარად ჩანდა. ამას კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ქართველებმა ტაიმი 7:0 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია