32:7 – ასეთი დიდი სხვაობით დაამარცხა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია, “ავჭალა”-ზე გამართულ, 2012 წლის ერთა თასის მატჩში.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ისეთი დაძაბული შეხვედრა ვერ გამოდგა, როგორსაც ქართველი ქომაგი ელოდა, არადა, კარგა ხანია, პორტუგალიასთან საკმაოდ გვიჭირს.
პრინციპში, ქართველებს მეტ-ნაკლებად დღევანდელი მატჩის პირველ ტაიმშიც გაუჭირდა და ის მხოლოდ 7-ქულიანი უპირატესობით დაასრულა – 7:0 (სარიქაძის ლელოს, კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა).
აი, მე-2 ტაიმის დასაწყისიდან კი, აშკარა გახდა, რომ პორტუგალია საქართველოს ამჯერად სათანადო წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა.
თამაშის განახლებიდან სამ წუთში კვირიკაშვილმა ძალზე მარტივი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა, კიდევ სამ წუთში კი, შკინინმა ლელო დადო, კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა და აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა – 17:0.
ამის შემდეგ, საინტერესო მხოლოდ ერთი იყო – მოიპოვებდა თუ არა საქართველო პრემიალურ ქულას. ასეც მოხდა – ჯერ ბელქანიას, თამაშის ბოლოსკენ კი, ქუბრიაშვილის ლელოების შედეგად, მასპინძლებმა საწადელს მიაღწიეს.
ამათ შორის, ერთი ლელოს დადება პორტუგალიამაც შეძლო და გარდასახვაც გამოიყენა.
მოკლედ, საქართველომ ამ მატჩში დასახული ამოცანა მაქსიმალურად შეასრულა.
დღესვე ამ ტურნირის დანარჩენი ორი მატჩიც გაიმართა და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოჭში რუსეთი რუმინეთთან 0:25 განადგურდა, ხოლო უკრაინამ ასევე შინ, ესპანეთთან წააგო – 6:41
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია