საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ხარისხობრივად ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმდენად ლაღი თამაში აჩვენა, ტრიბუნაზე შეკრებილი 2100 მაყურებელი, საკუთარი გამარჯვებით საოცრად კმაყოფილი დატოვა.
ქართველმა მორაგბეებმა სულ სხვა სტილში ითამაშეს, შეჩვეულზე გადაგვაჩვიეს, ზელანდიელი ჰეიგის მოთხოვნები, ასე თუ ისე, შეასრულეს და ლელოებიც შესაბამისი გაიტანეს. ქართველ მორაგბეებს ასეთი სტილით არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ფაქტია, რომ შეძლებიათ და ეს, არც თუ სუსტ პორტუგალიასთან თვალნათლივ გამოჩნდა, ის, რაც ბორჯღალოსნებმა გააკეთეს, ქართული რაგბის გულშემატკივრებს არასდროს გვინახავს და მათ ბრწყინვალე თამაშით შეძლეს ყველას გულის მოგება.
ინდივიდუალურ პოზიციებზე გვქონდა შეცდომა, გიორგი შკინინი ფეხით გადაკიდებული ბურთის დაჭერას ხშირად ვერ ახერხებდა. 9 ნომერ ბეგაძეს ბურთის გაშლა უჭირდა, მამუკა გორგოძის იერიშებს მეტოქე ყოველთვის მომზადებული ხვდებოდა, მაგრამ მიუხედავად ჩამოთვლილი შეცდომებისა, ეს ბიჭები იმდენად კარგები იყვნენ შეტევის ორიგინალურობაში, რომ ერთხელაც არ გაჩენილა კითხვა, თუ ვინ მოიგებდა თამაშს.
ზოგადად, ფაქტია, რომ ქართველებმა კარგად შეითვისეს ახალი, ზელანდიული სტილი. თამაშობენ ისე, როგორც მიჩვეულნი არ ვართ - “დაარტყი და გაგლიჯე” ჩვენი მთავარი კოზირი აღარაა და ვთამაშობთ ისეთ სწრაფ და ლამაზ რაგბის, რომელიც ყველას სიამოვნებას გვანიჭებს. რაც მთავარია, ამან ახლა უკვე შედეგიც მოგვიტანა და ესპანეთთან მწარე მარციხს შემდეგ, პორტუგალიასთან ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა ის რაგბი ითამაშა, რომლითაც უნდა მივუახლოვდეთ მსოფლიო დონეს და ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, ასეთი
საქართველოს ნაკრები ნამდვილად გაუსწორდება ისეთ გრანდებს, როგორებიც არიან შოტლანდია და იტალია.
ექსპერიმენტები იყო და შეცდომები მოგვდიოდა. გიორგი შკინინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ზემოთაც ითქვა - 15 ნომრის პოზიციისთვის სუსტი იყო ბურთის დაჭერაში, მაგრამ იმდენად კარგი იყო კონტრშეტევებისას, იმდენად სხარტი იყო ბურთის ამოტანისას, რომ საკუთარ ნაკლს სათანადოზე მეტად ავსებდა. ეს იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პორტუგალიამ ვერ დაგვსაჯა, თორემ 15 ნომრის პოზიციის ნაკლულობა ახლაც თვალნათელი იყო. 9 ნომერზე ვერ გაამართლა გიორგი ბეგაძემ, ვისაც უჭირდა ბურთის გაშლა და იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარი მოვალეობის შესრულება დააგვიანდა, მაგრამ პორტუგალიასთან ეს უმტკივნეულოდ გადავიტანეთ.
ქარის მიმართულებამ პირველ ტაიმს თავისი კვალი დაატყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ დავით კაჭარავას კაპიტნობით ჩატარებულ შეხვედრაში, პორტუგალიას მოგების ერთი პატარა შანსიც არ ჰქონდა. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც მე-7-ე წუთზე ჯარიმა ააცილა, მალევე კაკოვინმა საინტერესო გარღვევა წამოიწყო, რაც ტერიტორიული უპირატესობის ლოგიკური გაგრძელება იყო, მაგრამ ფეხით შეცურებულ ბურთს ქართველები არ შეყვნენ. შკინინი გადაკიდებულ ბურთებს ცუდად კი იჭერდა, მაგრამ საუკეთესო იყო კონტრშეტევებისას, მნიშვნელოვან ნაწილს იგებდა და მისი დამსახურებაა თამაშის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე რომ მიმდინარეობდა. ნახევარი საათის თავზე, ახალ სტილში, გაშლილი თამაშის ხარჯზე, 2-3 სალელოვე შეტევა უკვე ჩვენს ანგარიშზე იყო და ლოგიკურია ის, რომ მერაბ შარიქაძემ მეტოქის ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების ერთ ერთმა საუკეთესო მორაგბემ - ვიტო კოლელიშვილმა ისეთი გარღვევა წამოიწყო, რომ პორტუგალია მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე გაგვიმკლავდა და”მეკომ” ჯარიმა სამ ქულად აქცია. მალე, ვიტოს აქტიურობას დავით კაჭარავა გამოეხმაურა, რომელსაც სიჩქარეაკრეფილი შკინინი მიეხმარა და საქართველოს ნაკრებმა მეორე ლელო გაიტანა. კვირიკაშვილს დარტყმები წაუვიდა და მიზანმა არ უმტყუნა ისევე, როგორც ორიოდე წუთში საჯარიმოდან - 20:0.
მალე მესამე ლელოს გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ შალვა სუთიაშვილი მამუკა გორგოძეს დახურულ პასს ვერ მიუხვდა. სამაგიეროდ, შტევესი კაჭარავას გარღვევის შემდეგ მიზანმიმართულად დაჯარიმდა, სინბინით დაისაჯა და სწრაფი აუტის შემდეგ, რევაზ ბელქანიამ ლელო გაიტანა. კვირიკაშვილის რეალიზაცია ძელმა აისხლიტა.
საქართველოს ნაკრები ოდნავ მოეშვა და ამის შემდეგ, მარჯვენა კიდეზე ლელო გაუშვა, მაგრამ მობილიზება სწრაფად შეძლო და გიორგი ჩხაიძის კარგი გარჯის შემდეგ, მოკლე დარტყმას დავით ქუბრიაშვილის ლელო და ერთი პრემიალური ქულა მოჰყვა. კვირიკაშვილმა ეს გარდასახვაც ზუსტად შეარულა, საქართველოს ნაკრებმა ლამაზ სტილში გამარჯვება იზეიმა და 2004 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე მოგებათა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს ჩვენ, ლამაზ სტილში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს მოგება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ახალ ციკლში გუნდი საკუთარ მოედანზე პირველ თამაშს ატარებდა, კონკრეტული მორაგბეების შეფასებას არ დავიწყებ, ექსპერიმენტები გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. კმაყოფილი ვართ კაჭარავას კაპიტნობით, მაგრამ მომავალში, როდესაც აბუსერიძეც იქნება ნაკრებში, გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს”.
დავით კაჭარავა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “დიდი მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც თანადგომა გამომიცხადა. მომავალში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ვფიქრობ, დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გავართვი - ინდივიდუალურადაც კარგად ვითამაშე და გუნდსაც გავუძეხი”.
ეროლ ბრაიანი (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “იმედგაცრუებული ვართ, ჩვენი თამაშით. წაგებას ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთ ითამაშა და მოგებაც დაიმსახურა.”
გონსალო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი): “ქართველთა თამაშში სიახლე არ ყოფილა, უბრალოდ, მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ არაფერი გამოგვივიდა.”
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
25 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 2100 მაყურებელი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი (21. ირაკლი ჩხიკვაძე 58), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (22. ბექა წიკლაური 69), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (20. ბიძინა სამხარაძე 64); 1. ვასილ კაკოვინი (17. მიხეილ ნარიაშვილი 74), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი 64), 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი (19. გივი ბერიშვილი 69), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (18. დიმიტრი ბასილაია), 8. მამუკა გორგოძე.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
4 ლელო: შარიქაძე, შკინინი, ბელქანია, ქუბრიაშვილი
3 გარდასახვა: კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
პორტუგალია: 15. ჟოზეფ გარდნერი (21. ფრანსისკო მაგალაინეში 58), 14. ადერიტო შტევესი, 13. კარლ მიურეი, 12. ბერნარდო სილვეისა (22. ხოსე ლიმა 34), 11. ანტონიო აგილარი, 10. იანიკ რიკარდუ, 9. პედრო ლეალი; 1. ჟორჟ სიგურადო (17. ხოსე ლეალ და კოსტა, 64), 2. მაიკ თაჯერი (16. ვასკო მარკესი 72), 3. ხუან მულე (18. ჟოაუ მეტეუში 72), 4. დავიდ დოს ხაისი (19. რუი დორაი 64) , 5. გონსალო უვა, 6. დავიდ პენალვა (20. ლუიშ სოზა 64), 7. ჟულიენ ბარდი, 8. ვასკო უვა.
1 ლელო: ბარდი
1 გარდასახვა: რიკარდუ
1 სინბინი: შტევესი
რუსეთი - რუმინეთი 0:25
უკრაინა - ესპანეთი 6:41
1. რუმინეთი 2 2 0 0 40-7 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 66-24 9
3. საქართველო 2 1 0 1 50-32 6
4. რუსეთი 2 1 0 1 33-57 4
5. პორტუგალია 3 0 0 3 46-80 2
6. უკრაინა 1 0 0 1 6-41 0
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 7 6 0 1 218:67 28
2. რუმინეთი 7 5 0 2 206:76 25
3. ესპანეთი 7 4 0 3 158:199 19
4. პორტუგალია 8 3 0 5 159:178 16
5. რუსეთი 7 3 0 4 133:155 15
6. უკრაინა 6 0 0 6 67:266 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია