საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში ორი გადადებული თამაში გაიმართა და ორივეში ერთმანეთის პირისპირ ქართველი ლეგიონერების გუნდები წარდგნენ.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა” დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივს” უმასპინძლა. ეს გუნდები გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებენ და ამრიგად, ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეტყობა, სტუმრები მეტოქეზე უკეთ მოემზადნენ, დაძაბულ მატჩში 22:9 იმარჯვეს და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.
“ლიონის” განაცხადში მხოლოდ კავთიძე მოხვდა და ის თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. “ბრივის” განაცხადში არ იყო ნატრიაშვილი, ისევე, როგორც ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კაკოვინი. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა ხინჩაგიშვილი, ოღონდ მე-16 წუთზე რაქში თამაშისას დაჯარიმდა და 10 წუთი სინბინში გაატარა. სტუმრებს შერკინებაში კი უჭირდათ, მაგრამ თამაში მაინც მეტოქეზე უკეთ დაიწყეს და მე-19 წუთისთვის 6:0 დაწინაურდნენ. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ნელ-ნელა ხელი მასპინძლებმაც გამოიღეს და 35-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, ბოლო წამზე დაჯარიმდნენ, ამით “ბრივმა” ისარგებლა და ტაიმი 12:9 მოიგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში სიტუაცია უფრო დაიძაბა. 49-ე წუთზე გუნდებმა შერკინება ვერ მოაწყვეს და რეფერიმ ორივე მხარის თითო მორაგბე გაასინბინა. შემდგომ ეპიზოდში უკვე გუნდური ჩხუბი ატყდა და ამჯერად მსაჯმა სტუმარ-მასპინძლის თითო მორაგბეს წითელი ბარათი აუფრიალა, “ლიონის” კიდევ ერთი მორაგბე კი, სინბინით დასაჯა. ამრიგად, მოედანზე 12 ლიონელის წინააღმდეგ 13 ბრიველი დარჩა. მეტობით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს, მაგრამ 61-ე წუთზე ლელო მაინც გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, რასაც 77-ე წუთზე ზუსტი ჯარიმა მოყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ამრიგად, “ბრივს” 33 ქულა დაუგროვდა და მე-10 ადგილზე აღზევდა, “ლიონი” კი 24 ქულით ბოლო საფეხურზე რჩება.
მეორე მატჩში ის გუნდები თამაშობდნენ, რომლებიც საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან. ბექა შეყლაშვილის “აჟენი” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” დაუხვდა, 23:12 აჯობა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ “აჟენი” ერთი ხანობა ექვსეულში იყო დამკვიდრებული, მაგრამ ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგო და ახლა, ამ მოგებით სიტუაცია გამოასწორა. შეყლაშვილი “აჟენის” განაცხადში იყო და თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მყოფი ფეიქრიშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა თამაში უკეთ დაიწყეს და მე-12 წუთისთვის უკვე 10:0 იგებდნენ, ტაიმი კი 16:6 მოიგეს. 47-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ 4 წუთში ლელო-გარდასხვა მიიღეს. “კასტრმა” თავისი მეოთხე ჯარიმა მე-60 წუთზე მიითვალა, მაგრამ დარჩენილ 20 წუთში ვეღარაფერს გახდა და უქულოდ დარჩა. მიუხედავად ამისა, “კასტრი” 48 ქულით “მონპელიესთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. “აჟენი” 40 ქულით მე-8 საფეხურზეა და მე-6 ადგილზე მყოფ “სტად ფრანსეს” სულ 2 ქულით ჩამორჩება. თოპ 14-ის მორიგი ტური 2-3 მარტსაა დანიშნული.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 69 (18 თამაში), 2. კლერმონი - 61 (18 თ.), 3. ტულონი - 52 (18 თ.), 4. კასტრი - 48 (18 თ.), 5. მონპელიე - 48 (18 თ.), 6. სტად ფრანსე - 42 (18 თ.), 7. რასინგ მეტრო - 41 (18 თ.), 8. აჟენი - 40 (18 თ.), 9. ბორდო - 37 (18 თ.), 10. ბრივი - 33 (18 თ.), 11. პერპინიანი - 31 (18 თ.), 12. ბაიონი - 29 (18 თ.), 13. ბიარიცი - 25 (18 თ.), 14. ლიონი - 24 (18 თ.).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია