ამბები

13:09 | 26.02.2012 | ნანახია 2785 - ჯერ

რუმინეთმა რუსეთი, ესპანეთმა კი უკრაინა გაანადგურა

სანამ საქართველოს ნაკრები “ავჭალაზე” პორტუგალიის ნაკრებს ანადგურებდა, ერთა თასის პარალელურ მატჩებში სტუმრებს მასპინძლები ჰყავდათ დაბრიყვებული. თუკი ესპანელთაგან უკრაინის დამარცხებას ყველა ელოდა, რუსეთის ასეთი უსუსური თამაში ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
რუსები სოჭში რუმინეთის ნაკრებს დაუხვდნენ და მშრალად, 0:25 განადგურდნენ. სოჭი მორაგბეებს არცთუ კეთილგანწყობილად დახვდა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო, მაგრამ რუმინელებმა მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხება და თანაც, პრემიის მომტანი 4 ლელოც გაიტანეს. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა და პირველი ლელო შერკინების შემკვრელმა დანიელ კარპომ მიითვალა, ფლორინ ვლაიკუს კი რეალიზაცია გაუფუჭდა. ათიოდე წუთში რუსების შერკინება ზედიზედ რამდენჯერმე ჩავარდა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა. ამჯერად ვლაიკუს რეალიზაციის გამოყენება აღარ გაუჭირდა და ტაიმი 12:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ათიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც რუმინელთა გარემარბმა ადრიან აპოსტოლიმ მესამე ლელო მიითვალა, ხოლო კიდევ 3 წუთში თავი მეორეხაზელმა კრისტიან პეტრემ გამოიჩინა. ვლაიკუს რეალიზაციები გაუფუჭდა, მაგრამ ოთხი ლელოს გატანისთვის რუმინელებს პრემიალური ქულა უკვე გარანტირებული ჰქონდათ და 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვალენტინ კალაფეტეანუმ ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. რუსეთის ნაკრებში ორმა წარმოშობით ქართველმა მორაგბემ ითამაშა. პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, პავლე კვერნაძე კი, თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა თასის შემდეგი შეხვედრა 10 მარტს რუმინეთთან, ბუქარესტში ელის, ხოლო 17 მარტს “მიხეილ მესხზე” რუსეთს უმასპინძლებს.
III ტურის კიდევ ერთ მატჩში, ესპანეთი უკრაინას ეწვია და მეტოქე 41:6 გაანადგურა. ესპანელებმა პირველ ნახევარში ორი ლელო გაიტანეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და ზედ ორი ჯარიმაც მიაყოლეს, უკრაინამ კი, მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა - 20:3. მეორე ტაიმში კვლავ სტუმრები დომინირებდნენ და ჯამში ხუთი ლელო გაიტანეს, რის შედეგადაც ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 9 ნომრის პოზიციაზე ითამაშა ზურაბ კიკაჩეიშვილმა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078596