ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა 2012 წლის ექვსი ერის III ტურის შეხვედრაში იტალიას შანსი არ დაუტოვა და დუბლინში მეტოქე 42:10 გაანადგურა.
ირლანდიელებს “ავივაზე” ბოლო სამი თამაში ჰქონდა წაგებული, აქედან ორი - ბოლო წუთებზე და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია სწყუროდა. ამისთვის იტალიასთან საუკეთესო შანსი ჰქონდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე, “აძურიმ” მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ მეორე ტაიმში გატყდა.
ანგარიში სტუმრებმა ტობი ბოტესის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ 3 წუთში ჯონათან სექსტონმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-15 წუთზე კარგი შეტევა კეიტ ერლსის ლელოთი დასრულდა და რეალიზაციაც ზუსტი იყო. იტალიელებმა ძლიერ გაიხარეს, როდესაც 34-ე წუთზე სერხიო პარისემ საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, ბოტესმა კი რეალიზაციით ანგარიში გაათანაბრა. ისე ჩანდა, პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდებოდა, მაგრამ შესვენებამდე ორიდე წუთით ადრე, ტომი ბოუმ თავისი პირველი ლელო მიითვალა და სექსტონმა ეს რეალიზაციაც გამოიყენა - 17:10.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში, სექსტონმა ორი ჯარიმით უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, საათის თავზე კი, ბოუმ ამ თამაშში თავისი მეორე ლელო მიითვალა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ცხადი გახდა, ირლანდია გამარჯვებას აღარ დათმობდა, მაგრამ მასპინძლებმა მატჩის მიწურულს ძლიერ მოინდომეს, 76-ე წუთზე ტომ კორტმა, ხოლო 79-ეზე ენდრიუ ტრიმბლიმ თავისი წილი ლელოები გაიტანეს, ორიდან ერთი რეალიზაცია ზუსტი იყო და ირლანდიამ დიდი სხვაობით იმარჯვა. მატჩის ბოლოს გულშემატკივრებმა მოედანზე რონან ოგარას გამოჩენითაც გაიხარეს, რომლისთვისაც ეს მატჩი 118-ე იყო ეროვნულ გუნდში.
ამრიგად, ირლანდიელებმა ხასიათი გამოიკეთეს და 4 მარტს საფრანგეთს გადადებული მატჩის გასამართად კარგ ხასიათზე ეწვევიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია