უელსის ნაკრებმა შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, ინგლისელი მორაგბეების შეცდომით ისარგებლა, ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, დარჩენილი დრო გაძლო და 2012 წლის ექვს ერზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად, რადგან უელსელებმა წლეულს სამივე კუნძულელი მეტოქე დაამარცხეს, Triple Crown-ის არაოფიციალური ტიტული მოიპოვეს და კვლავ რჩებიან ტურნირის მოგების, თანაც “გრანდ სლემის” მოპოვების უმთავრეს კანდიდატებად. ახლა უელსი ორ მატჩს გამართავს, ორივეს საკუთარ მოედანზე და თუ იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებსაც სძლია, ექვს ერს მესამედ მოიგებს, ჯამში კი, 25-ე გამარჯვებას იზეიმებს.
მატჩი უელსელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს - 23-ე წუთზე ოუენ ფარელიმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ორი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ლი ჰალფპენის მეორედ მიეცა ჯარიმის შესრულების საშუალება, ამჯერად მიზანმა არ უმტყუნა და წონასწორობა აღდგა. ნელ-ნელა მასპინძლებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და რომ არა სემ უორბარტონი, მანუ ტუილაგი ლელოს გაიტანდა. სამაგიეროდ, ნახევარი საათის თავზე ინგლისელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და ფარელის დარტყმა ამჯერადაც ზუსტი იყო.
შესვენებამდე გუნდებმა თითო ჯარიმა კიდევ გაცვალეს და ინგლისი 9:6 დაწინაურდა, მეორე ნახევარი კი, სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო. რის პრისტლენდი 44-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და ფარელიმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ჰალფპენიმ ერთი საპასუხო ჯარიმა ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როცა მისი გუნდი მოედანზე კაცნაკლული იყო, მერე ფარელის თავისი მეხუთე მცდელობა გაუფუჭდა და 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, ჰალფპენიმ წონასწორობა აღადგინა.
75-ე წუთი მიდიოდა და ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ინგლისი უტევდა, მაგრამ კორტნი ლოუს ხელიდან ბურთი სკოტ უილიამსმა წაგლიჯა, ფეხით შეიგორა, 50 მეტრი ირბინა, დაზღვევაზე მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა და ლამის ძელებსშუა ლელო გაიტანა, ხოლო ჰალფპენიმ ანგარიში 19:12 გახადა. ინგლისმა მოინდომა და მაგრად შეუტია, უელსი ჯარიმდებოდა, ბურთი 5-მეტრა აუტში გადიოდა და კვლავ მასპინძლები უტევდნენ, სულ ბოლოს, როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო, ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშდა, დევიდ სტრელიმ ორ მცველთან ჭიდილში ხაზს იქით გადაგორება მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ჯორჯ ნორტმა მას ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა და ინგლისს ფრის შანსი გაუქრა.
მომდევნო ტურში უელსი 10 მარტს იტალიას მასპინძლობს, ხოლო ინგლისი 11 მარტს საფრანგეთში ითამაშებს. მანამდე, ანუ დღეს, საფრანგეთის ნაკრები “მარიფილდზე” შოტლანდიის წინაშე წარდგება.
2012 წლის “ექვსი ერი”. III რაუნდი
25 თებერვალი
ირლანდია - იტალია 42:10 (17:10)
ინგლისი - უელსი 12:19 (9:6)
26 თებერვალი
შოტლანდია - საფრანგეთი
1 | უელსი | 3 | 3 | 0 | 0 | 69-46 | 6 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 44-40 | 4 |
3 | ირლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 63-33 | 2 |
4 | საფრანგეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 30-12 | 2 |
5 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 19-40 | 0 |
6 | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 37-91 | 0 |
4 მარტი. გადადებული მატჩი
საფრანგეთი - ირლანდია
IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია