საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ვალანს დ’აჟენის” მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ახლახანს შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგთან” კონტრაქტი გააფორმა და მალე გუნდს გამოიცვლის, პორტუგალიასთან 32:7 მოგებული მატჩის წინ, RuRugby-ს ჟურნალისტს ესაუბრა.
რუსებს აინტერესებთ იმ გასაღების პოვნა, რომლითაც “ბორჯღალოსნები” აგერ უკვე 18 წელია მათ “დათვებს” ამარცხებენ.
- როგორ მიდის საქართველოს ნაკრების მზადება?
- ახლა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგას. ახალი მწვრთნელები სიახლეებს ნერგავენ და თითქმის ყოველდღე სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ფსიქოლოგიურ მომზადებას.
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ შოტლანდიურ “ედინბურგში” ითამაშებთ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ძლიერ კმაყოფილი ვარ! ძალიან დიდი პატივია, ჩემით ასეთი ძლიერი გუნდი რომ დაინტერესდა და ვიმედოვნებ, ახალი კლუბის ხელმძღვანელების ნდობას გავამართლებ.
- საქართველოს ნაკრებისთვის რუსეთს აგერ უკვე 18 წელია, არ მოუგია. რაში მდგომარეობს ამ თამაშებში თქვენი გუნდის წარმატების საიდუმლო?
- რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ გვაქვს და გამიჭირდება პასუხის გაცემა. ალბათ, უმთავრესი ისაა, რომ ჩვენ უფრო შეკრული გუნდი ვართ.
- მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობისა, ამ ქვეყნების მორაგბეებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ...
- დიახ, ბიჭებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოედანზე, თამაშის დროს, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ტრადიციულ “მესამე ტაიმზე” ყველას ვაჩვენებთ, რომ პოლიტიკური ხრიკები რაგბისგან ძალიან შორსაა.
- რას უსურვებთ რუსეთის ნაკრებს?
- თქვენს გუნდს განვითარებას და წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ, რა თქმა უნდა არა 17 მარტს (იცინის).
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია