საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა, ექვსი ერის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეორე შეხვედრა მოიგო და უელსთან ერთად დაუმარცხებელ გუნდად რჩება. თავის მხრივ, შოტლანდიამ საკუთარ “მარიფილდზე” გულშემატკივარს ვერ ასიამოვნა და ახლა უკვე სამი მარცხი დაუგროვდა.
არადა, დროდადრო სქოთები მატჩზე კონტროლის დამყარებას ახერხებდნენ, თუმცა, სწორედ ამ მომენტში სტუმრები თითქოს ძლიერდებოდნენ და 23:17 დამსახურებულად იმარჯვეს.
მატჩი მასპინძელთა დომინირებით დაიწყო და სულ მალე ეს ქულებშიც აისახა. თავი 19 წლის სტიუარტ ჰოგმა გამოიჩინა, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით სულ მეორე თამაშს ატარებდა და მან ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. კრეიგ ლეიდლოუმ ზუსტ გარდასახვას 25-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და შოტლანდია 10:0 დაწინაურდა. ამას ფრანგებმა მყის უპასუხეს. ტრენ-დუკმა ხაზი გაჭრა და ის კი შეაჩერეს, მაგრამ მაღალ სისწრაფეზე მოძრავ უესლი ფოფანს მასპინძლებმა ვეღარაფერი მოუხერხეს და საპასუხო ლელო გავიდა. ეს 28-ე წუთზე მოხდა და მორგან პარამ რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა, შესვენებამდე სამიოდე წუთით ადრე კი, ახლო ჯარიმიდან ანგარიში გაათანაბრა. პარას ზედ შესვენების წინ ფრანგების დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის მე-5 წუთზე პარამ ჯარიმით ფრანგები მაინც დააწინაურა, მაგრამ ათიოდე წუთში სქოთებმა ლიდერობა დაიბრუნეს. ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ლელო ლი ჯონსმა გაიტანა. სქოთებმა ჯერ საკუთარი შერკინება წააგეს, მერე დაჯარიმდნენ და ფრანგები მათი 22-ის ხაზიდან უტევდნენ, მაგრამ მასპინძლებმა კარგად ითამაშეს დაცვაში, ბურთი დაიბრუნეს, ფეხით გადაკიდებული ფრანგების ნადავლი გახდა, მაგრამ ჯონ ბარკლიმ მეტოქე ცენტრთან ისე შებოჭა, ბურთიც დაატოვებინა და შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, ნიკ დე ლუკამ რიჩი ვერნონს უპასა, მან მცველის ყურადღება მიიქცია და ბოლოს გადაცემა ჯონსს არ დაუგვიანა. ლელო მარცხენა ალამთან გავიდა, მაგრამ დანკან ვეირიმ რეალიზაცია მაინც ზუსტად შეასრულა.
შოტლანდიელთა სიხარული სულ ორ წუთს გაგრძელდა. დაცვაში ახლა უკვე ტრენ-დუკმა ითამაშა კარგად და ბურთი ცენტრის სიახლოვეს მოიპოვა, იერიში ამჯერადაც შეტევის მარცხენა ფრთიდან განვითარდა, ჟულიენ მალზიემ მცველი ჩამოიცილა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი მაქსიმ მედარს გაატანა. პარამ რეალიზაცია გამოიყენა - 17:20. ამას მასპინძელთა აფეთქება მოყვა და რამდენჯერმე ხაზის გარღვევასთანაც ახლოს იყვნენ, 15 ფაზიანი შეტევაც განახორციელეს, მაგრამ სტუმართა დაცვამ კარგად იმუშავა. 68-ე წუთისთვის უკვე ფრანგებმა შეუტიეს მოკლე დარტყმებით, მერე ლიონელ ბუქსისმა კარის გასწვრივ 23 მეტრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა და ანგარიში 23:17 გახდა.
დარჩენილი დრო ფრანგებმა შერკინებაში გალიეს, სადაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ბუქსისს მატჩის ბედის გარკვევა ჯერ კიდევ 78-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ კარის გასწვრივ 42 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, აღარაფერი შეცვლილა და უელსთან ერთად, საფრანგეთი “დიდი სლემის” მოგების პრეტენდენტად რჩება. 4 მარტს ფრანგები გადადებულ მატჩში ირლანდიას უმასპინძლებენ, რის შემდეგაც 10 მარტს ინგლისს დაუხვდებიან, ხოლო შოტლანდია ორი კვირის შემდეგ ირლანდის სტუმრად ეთამაშება.
2012 წლის “ექვსი ერი”. III რაუნდი
25 თებერვალი
ირლანდია - იტალია 42:10 (17:10)
ინგლისი - უელსი 12:19 (9:6)
26 თებერვალი
შოტლანდია - საფრანგეთი 17:23 (10:10)
1. უელსი 3 3 0 0 69-46 6
2. საფრანგეთი 2 2 0 0 53-29 4
3. ინგლისი 3 2 0 1 44-40 4
4. ირლანდია 2 1 0 1 63-33 2
5. შოტლანდია 3 0 0 3 37-63 0
6. იტალია 3 0 0 3 37-91 0
4 მარტი. გადადებული მატჩი
საფრანგეთი - ირლანდია
IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია