საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ში, ქართველი ლეგიონერების ექვსი კლუბიდან, სამი Top 14-ში აღსავებლად იბრძვის, ორი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო ერთს გავარდნა არ ემუქრება, მაგრამ უძლიერესებში აღზევებაც ძლიერ გაუჭირდება.
სამწუხაროდ, იმ ქართველი ლეგიონერების გუნდები, რომელთა შემადგენლობაშიც ჩვენებურები რეგულარულად თამაშობენ, მხოლოდ მეორე დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, Pro D2-ის ორი უსუსტესი გუნდი ფედერალ 1-ში გავარდება, გამარჯვებული Top 14-ის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო მეორე-მეხუთე გუნდები ერთმატჩიან პლეი ოფში მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ.
ბოლო დროს მდგომარეობა გაიუმჯობესა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგომ” და ბოლო საფეხურსაც თავი დააღწია, მაგრამ 26 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილი უკავია და “ნარბონსაც” მთელი 7 ქულით ჩამორჩება. XXI ტურში ქართველთა გუნდი მე-6 საფეხურზე მყოფ “ალბის” დაუხვდა და კახა კობერიძის გუნდი 33:27 დაამარცხა. მასპინძელთა სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ზიბზიბაძე და პირველხაზელი მარგველაშვილი სრულად გაისარჯნენ, ხოლო ასევე პირველხაზელი დადუნაშვილი ჯერ 51-ე წუთზე შეცვალეს, 65-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე 3 წუთით დააბრუნეს, ხოლო 75-ე წუთზე კიდევ ერთხელ ჩართეს ბრძოლაში და ამჯერად ბოლომდე ათამაშეს. კობერიძე სტუმართა განაცხადში არ იყო.
ანგარიში სტუმრებმა მე-2 წუთზე ლელოთი გახსნეს, რეალიზაცია გამოიყენეს და ორი ზუსტი ჯარიმაც შეასრულეს. მასპინძლებმა ოთხჯერ იხეირეს ჯარიმიდან, ერთი ზუსტი არეკნიც შეასრულეს და ტაიმი 15:13 მოიგეს. მეორე ნახევრის საწყის 8 წუთში “პერიგომ” კიდევ ორი არეკნი შეასრულა ზუსტად და უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ამაზე “ალბიმ” ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა და საათის თავზე ლელოთი დაწინაურდა კიდეც. “პერიგომ” ჯარიმით ანგარიში კვლავ გაათანაბრა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო დასკვნით 6 წუთში გატანილი ორი ჯარიმით, “პერიგომ” უკვე გამარჯვება მოიპოვა. “პერიგოზე” უკვე გითხარით, რაც შეეხება “ალბის”, ამ გუნდს 52 ქულა აქვს და მე-5 საფეხურს სულ 3 ქულა ჩამორჩება.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” საკუთარ მოედანზე “ოშთან” მინიმალური სხვაობით, 20:21 დამარცხდა. დათუნაშვილი “ავჭალაში” ნაკრებისთვის ირჯებოდა, ასეიშვილი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ნაცარაშვილი - 61-ეზე. პირველ ტაიმში სტუმართა ოთხ ჯარიმას მასპინძლებმა სამით უმასპინძლეს, თუმცა, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯერ ლელო გაიტანეს, მერე ჯარიმა და წინ გაიჭრნენ. ცოტა ხანში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ “ორიაკმა” ორი ჯარიმა დასკვნით 6 წუთში, უფრო სწორედ, მეორე დამატებულ წუთზე მიიღო და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “ორიაკი” 37 ქულით მე-13 ადგილზეა და ჯერ გასავარდნი ზონისგან საკმაოდ შორსაა.
გათამაშების ლიდერმა, გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა” “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და 39:9 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისმა გუნდმა პრემიალური ქულაც აიღო და სატურნირო ცხრილის სათავეში 73 ქულით იმყოფება, უახლოეს მდევარ “დაქსს” კი, მთელი 7 ქულით უსწრებს, თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო” “ნარბონთან” სტუმრად 6:15 დამარცხდა, მაგრამ ქართველ ლეგიონერებს ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. “პო” 59 ქულით მე-3 ადგილზეა. “დაქსთან” უქართველებოდ იმარჯვა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” - 23:16. ქართველების გუნდს 46 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია