ამბები

17:52 | 27.02.2012 | ნანახია 6865 - ჯერ

რუმინეთი მოგვიახლოვდა

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში პორტუგალიის რაგინდარა ანგარიშით ძლევის შემთხვევაში, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგს ვერაფერს შემატებდა. წაგების, ან ფრის შემთხვევაში, დანაკარგი დიდი იქნებოდა, მაგრამ განსხვავებულ სტილში, გაშლილად მობურთალმა საქართველომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 32:7 გაანადგურა.
ამრიგად, “ბორჯღალოსნებს” 69,32 სარეიტინგო ქულა დარჩათ და მე-15 ადგილს ინარჩუნებენ. სამაგიეროდ, მათ მიუახლოვდა მომავალი მეტოქე რუმინეთი, რომელთანაც ჯახი 10 მარტს ბუქარესტში გველის. რუმინელებმა გასულ შაბათს რუსეთი სოჭში 25:0 გაანადგურეს და 1,58 სარეიტინგო ქულაც მიიღეს, რის შემდეგაც ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და აშშ უკან მოიტოვეს. მარცხმა რუსეთი უფრო აზარალა, რომელმაც ორი ადგილი დაკარგა და ახლა 22-ეა. ერთა თასის კიდევ ერთ შეხვედრაში, უკრაინის სტუმრად 41:6 განადგურებამ ესპანელებს 0,62 ქულა მოუტანა და მათ მე-19 პოზიცია შეინარჩუნეს.
რეიტინგში კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც უკვე ექვსი ერის თამაშზე მოდის. უელსმა ინგლისს სტუმრად მატჩის მიწურულს ლელო გაუტანა, მერე თავი დაიცვა, 19:12 იმარჯვა და მას რეიტინგში ადგილი გაუცვალა. უელსელებმა 1,47 ქულა მიიღეს და მე-5 საფეხურამდე აღზევდნენ, ინგლისმა კი, ამდენივე ქულა დაკარგა და მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა. ევროპელთაგან საუკეთესო შედეგი კვლავ საფრანგეთს აქვს, რომელმაც შოტლანდიის ნაკრები სტუმრად 23:17 წააქცია, მონაგარს 0,36 ქულა შემატა და მე-3 პოზიციას ინარჩუნებს. დანაკლისის მიუხედავად, შოტლანდია მე-11 ადგილზე რჩება. ირლანდიამ იტალია 42:10 გაანადგურა, მაგრამ რეიტინგში მხოლოდ 0,19 ქულა მოემატა და მე-8 ადგილზე რჩება, ისევე, როგორც იტალია, ინარჩუნებს მე-12 საფეხურს.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კვლავ ახალი ზელანდიის ნაკრებია. მსოფლიოს ჩემპიონი უახლოეს მდევარ ავსტრალიას სამ ქულაზე მეტით უსწრებს და მას ჯერ არაფერი ემუქრება. სარეიტინგო ცვლილებებს მომავალ კვირაშიც უნდა ველოდოთ, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ირლანდიას გადადებულ მატჩში დაუხვდება, მნიშვნელოვანი ძვრები კი, უკვე 12 მარტსაა მოსალოდნელი.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 27 თებერვლისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). საფრანგეთი    85,06
4    (4). სამხრეთ აფრიკა    84,34
5    (6). უელსი    82,62
6    (5). ინგლისი    81,34
7    (7). არგენტინა    80,28
8    (8). ირლანდია    79,44
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). სამოა    75,81
11    (11). შოტლანდია    74,94
12    (12). იტალია    73,33
13    (13). კანადა    72,92
14    (14). იაპონია    70,45
15    (15). საქართველო    69,32
16    (16). ფიჯი    68,78
17    (18). რუმინეთი    65,79
18    (17). აშშ    65,63
19    (19). ესპანეთი    62,72
20    (21). ნამიბია    61,24
21    (22). ურუგვაი    60,47
22    (20). რუსეთი    60,12
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). პორტუგალია    57,91
25    (25). ბელგია    57,02
26    (26). ჰონკონგი    56,51
27    (27). მაროკო    56,13
28    (28). მოლდოვა    54,94
29    (29). პოლონეთი    54,80
30    (30). ყაზახეთი    53,62
31    (31). კორეა    53,36
32    (32). უკრაინა    52,60
33    (33). ზიმბაბვე        52,40
34    (34). ბრაზილია    51,57
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083243