საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “ბათუმი XV”-მა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის ჩემპიონთან, კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-თან პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა და 3:57 შერცხვა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის ნახევარ საათში გაუწიეს. მართალია, მათ ამ პერიოდში ორი ლელო და გარდასახვა გაუშვეს, მაგრამ თავად რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა შეძლეს. ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ 10 წუთში ბათუმური კლუბის დაცვა მოირღვა, კიდევ სამი ლელო გაუშვა, ორი რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 3:33 დასრულდა. ზღვისპირელებმა გონს მოსვლა ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს და კიდევ ოთხი ლელო მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჩემპიონის რიგებში შეცვლაზე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ვეტერანმა რატი ურუშაძემ. წარმოშობით ქართველს, მაგრამ რუსეთის ნაკრებში მობურთალ ვალერი ცნობილაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ბათუმელებს რევანშის შანსი დღეს საღამოს მიეცემათ, როდესაც ისინი “ენისეი-სტმ”-თან მეორე საკონტროლო მატჩს გამართავენ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები სამომავლოდ იგეგმება. სავარაუდოდ 3 და 7 მარტს, რუსეთის ჩემპიონის წინაშე საქართველოს ჩემპიონი - თბილისის “არმია” წარსდგება. წესით, საინტერესო უნდა იყოს ქართული და რუსული საკლუბო რაგბის ფლაგმანების, თუნდაც ამხანაგურ მატჩში დაპირისპირება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია