ამბები

18:25 | 1.03.2012 | ნანახია 2166 - ჯერ

“ბათუმი” რუსეთის ჩემპიონთან მეორედაც დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “ბათუმი XV”-მა, რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-თამ მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა და ამჯერადაც დამარცხდა, ოღონდ, შედარებით მოკრძალებული ანგარიშით - 5:31.
შეგახსენებთ, რომ სამიოდე დღის წინ, ბათუმელები რუსეთის ჩემპიონს 3:57 დანებდნენ. იმ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულმა გუნდმა, რუსებს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის ნახევარ საათში გაუწია და მერე გატყდა, ამჯერად სიტუაცია სხვაგვარად იყო.
“ენისეი” ორი სწრაფი ლელოთი და ერთი გარდასახვით, მალევე დაწინაურდა, ტაიმის მიწურულამდე ეს მიღწევა კიდევ გაიმეორა და ტაიმი 24:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ქვეყნის ჩემპიონმა თავის გამოჩენის საშუალება უკვე რეზერვისტებს მისცა და “ბათუმი XV”-მა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ მერე ერთი ლელო და გარდასახვა თავადაც გაუშვა. ამჯერად “ენისეის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართული წარმოშობის, მაგრამ რუსეთის ნაკრების პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე (რომელსაც წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ხოლო რატი ურუშაძეს არ უთამაშია (წინა შემთხვევაში ის შეცვლაზე შევიდა).
სავარაუდოდ 3-4 და 7 მარტს, რუსეთის ჩემპიონს უკვე მეტწილად თანასწორი ქართველი მეტოქე ეყოლება. გუშინ თურქულ შეკრებაზე ჩავიდა საქართველოს ჩემპიონი თბილისის “არმია” და საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონები ერთმანეთთან ორ მატჩს გამართავენ. სავარაუდოდ, ამჯერად “ენისეი” უკვე ძირითად შემადგენლობას ათამაშებს და იმედია, “არმია”, რომელსაც ნაკრებში მივლინებული მორაგბეები დააკლდება (ისევე, როგორც “ენისეის”), მეტოქის დამარცხებას შეძლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, თუ რა თანაფარდობაა რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის. ამასთან, ქართული კლუბები საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ნაკლებობას უჩივიან და ეს მატჩები (როგორც “არმიასთვის”, ასევე “ბათუმი XV”-ისთვის), ერთგვარი საზომი და დიდი გამოცდილებაა.
 

 

ზურა ქსოვრელი   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069463