საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 10 მარტს ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გამოძახებულ მორაგბეთა გაფართოებულ შემადგენლობაში მოთამაშეთა რიცხვი 27-დან 29-მდე გაზარდა, ამასთან, წინა კრებულთან შედარებით, ცვლილებებიც მოხდა.
ორი დღის წინ გაცხადებული შემადგენლობიდან, გამოირიცხნენ ფრანგული “ბრივის” პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი და ასევე ფრანგული, ოღონდ Pro D2-ის “ორიაკის” მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი. ორივეს ვერგამოძახების ოფიციალურ მიზეზად მათი კლუბები სახელდება, რომელთაც მოთამაშეები არ გაათავისუფლეს. სამაგიეროდ, გუნდს დაემატნენ გამოცდილი პირველხაზელები - ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”), რომელსაც ერთი წელია ეროვნული გუნდის კვართი არ მოურგია (“ბრივში” გადასვლის გამო მსოფლიო თასი გამოტოვა) და დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”), ასევე, ორი დებიუტანტი ქუთაისის “აიადან” - პირველხაზელი თორნიკე ლომიძე და მეორე-მესამეხაზელი გელა შალამბერიძე.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ბრივი” ერთდროულად სამივე ქართველ პირველხაზელს ვერ შეელია და ამ შემთხვევაში არჩევანი ჰუკერ ნატრიაშვილზე ამის გამო შეჩერდა, დავით ქუბრიაშვილი კი, ბურჯის “ვაკანტურ” პოზიციას შეავსებს. ეს იმიტომ, რომ ტრავმირებული დავით ზირაქაშვილი, რომელმაც გასული წლის მიწურულს ხელი მაჯაში მოიტეხა, ჯერ კიდევ მკურნალობს, ხოლო გიორგი ჟღენტს, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამჯერად ჩამოუსვლელობის მიზეზად ოჯახური პირობები დაუსახელებია. შეგახსენებთ, ის არც პორტუგალიასთან მატჩისთვის ჩამოვიდა. მაშინ სრკ-ს ეცნობა, ჟღენტს კისრის პრობლემა აქვს და გამოკვლევა ესაჭიროებაო, მაგრამ მერე Top 14-ში ითამაშა. სრკ-სვე ცნობით, მას რუსეთთან მატჩისთვისაც დაუძახებენ და ვნახოთ, მაშინ რა მოხდება.
საფრანგეთში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ სამი თვით დაისვენებს თბილისის “ლელოს” მგეზავი ლაშა ხმალაძე. “კასტრის” პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი ნაკრებისთვის სასურველი მორაგბეა, მაგრამ ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს და ეროვნულ გუნდს ერთი წლით დაემშვიდობა. ტრავმის გამო გუნდში კვლავ არაა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე. ამ სიტუაციაში, შეკრებილთა შორის მხოლოდ ერთი მეორეხაზელი - გიორგი ნემსაძე რჩება, რომელსაც გიორგი ჩხაიძე შეუწყვილდება. “ბინგო” აქამდე სულ მესამე ხაზში თამაშობდა, მაგრამ ახალმა მწვრთნელებმა ის მეორე ხაზში გადაიყვანეს და უნდა ითქვას, პორტუგალიის წინააღმდეგ, ახალ ამპლუაში თავის სადებიუტო მატჩში კარგადაც გამოიყურებოდა. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ხაზში თამაში შეუძლიათ მამუკა გორგოძეს, შალვა სუთიაშვილს, ბექა ბიწაძეს და გელა შალამბერიძეს.
აღსანიშნავია, რომ ჰეიგის რაზმში სამი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ნაკრების კვართი ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან ზემოთნახსენები ბექა ბიწაძე, ვისაც ზაფხულიდან ფრანგული “ბრივი” ელის, გელა შალამბერიძე და თორნიკე ლომიძე. შალამბერიძისა და ლომიძისგან განსხვავებით, ბიწაძე წინა შეკრებებზეც იყო, ქუთათურები კი, ზელანდიელის ხელქვეითობით პირველად ივარჯიშებენ. ჰეიგის გასაწვრთნელ რაზმში პირველად არიან ნატრიაშვილი და შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელმაც ტრავმა უკვე სათანადოდ მოიშუშა და საბრძოლველად მზადაა. მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, მწვრთნელმა კვლავ უხმო ეროვნული გუნდის კაპიტანს, 9 ნომერ ირაკლი აბუსერიძეს.
“ბორჯღალოსნები” სრული შემადგენლობით შეკრებას 5 მარტიდან, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყებენ, მანამდე კი, მწვრთნელის განკარგულებაში ის მორაგბეები იქნებიან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ნაკრები რუმინეთში 24-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება, 10 მარტს კი, თბილისის დროით 19:00 საათზე, ბუქარესტის “ტრიუმფალურ არკაზე” წლევანდელი ერთა თასის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს რუმინეთთან. ამავე ჯახში გაირკვევა ის, შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს ნაკრები” ანთიმოზ ივერიელის” თასს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
პირველი ხაზი: ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 32 კეპი, 20 ქულა), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 21, 5), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 18, 0), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 2, 0), რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 5, 5), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 4, 0), თორნიკე ლომიძე (“აია”, ქუთაისი, 0, 0);
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 54, 20), გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 24, 25);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 23, 5), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 13, 5), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 7, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 42, 100), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 21, 15), გელა შალამბერიძე (“აია”, ქუთაისი, 0, 0);
#9: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 77, 35), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 2, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 58, 301), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 32, 100);
უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 2, 0), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 49, 55), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 60, 75); ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 52, 90), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 30, 5), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი, 27, 25), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 34, 30), ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
1. რუმინეთი 2 2 0 0 40-7 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 66-24 9
3. საქართველო 2 1 0 1 50-32 6
4. რუსეთი 2 1 0 1 33-57 4
5. პორტუგალია 3 0 0 3 46-80 2
6. უკრაინა 1 0 0 1 6-41 0
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 7 6 0 1 218:67 28
2. რუმინეთი 7 5 0 2 206:76 25
3. ესპანეთი 7 4 0 3 158:199 19
4. პორტუგალია 8 3 0 5 159:178 16
5. რუსეთი 7 3 0 4 133:155 15
6. უკრაინა 6 0 0 6 67:266 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია