საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონში - Top 14-ში, “ბრივის” ქართველმა ლეგიონერმა - იური ნატრიაშვილმა, თავისი პირველი ლელო გაიტანა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს ორივე კლუბის ოფიციალური საიტი, ზოგიერთი ფრანგული გამოცემისა და ინტერნეტსივრცის ზოგიერთმა წყარომ კი, მოგვიანებით, ამ ლელოს ავტორად, ბრიველთა სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი დაასახელა.
წესითა და რიგით, კლუბების ოფიციალური საიტები უფრო სანდო უნდა იყოს და ალბათ, ლელო მაინც ქართველი ჰუკერის საკუთრებაა. ნატრიაშვილი საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის კლუბში სეზონის წინ გადავიდა და ეს მისი პირველი ლელოა უმაღლეს დონეზე. ექვსეულისთვის მებრძოლ “სტად ფრანსესთან” გამართულ მატჩში, ნატრიაშვილი მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე დაამიწა და მომხვდურს წაგებისთვის თავის დაღწევის იმედი გადაუწურა, მისმა გუნდმა კი, ზედიზედ მეორე ჯახის მოგებით, სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
“ბრივი” უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის და სავარაუდოდ, მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. თავიდან გუნდმა კარგად დაიწყო და ერთხანს საუკეთესო ექვსეულშიც ტრიალებდა, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა - ბოლო წუთებზე კონცენტრაციას ჰკარგავდა, თამაშებს ვერ იგებდა და მხოლოდ პრემიალურ ქულებს სჯერდებოდა. მაგრამ ახლა სიტუაცია გამოასწორა და ოთხიდან სამ ჯახში იმარჯვა, კიდევ ერთში კი, პრემიალურ ქულას დასჯერდა. “სტად ფრანსესთან” მოგებულ თამაშში (25:9), ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი იყო და ის 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით ხინჩაგიშვილი ბრძოლაში, ნატრიაშვილის მსგავსად, 51-ე წუთიდან ჩაერთო. ამრიგად, გარკვეული პერიოდით, “ბრივის” პირველი ხაზი სრულიად ქართული იყო.
უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მოედანზე 3 ქართველი ერთად გავიდა. მანამდე, ტაიმი “ბრივმა” 11:9 მოიგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ჯერ ჯარიმებით გაზარდა, ნატრიაშვილმა კი, ლელოთი საბოლოო წერტილი დასვა.
“ბრივს” 37 ქულა მოუგროვდა, “ბორდოსთან” IX-X ადგილებს იყოფს და გასავარდნ ზონას 7 ქულა აშორებს, ხოლო საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩება.
10 მარტს, “ბრივი” სტუმრად “ბიარიცს” ხვდება, რომელიც გასავარდნ მე-13 ადგილზეა და თუ ქართველთა გუნდმა გაიმარჯვა, მაშინ Top 14-ში დარჩენის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდება.
XIX ტურში, Top 14-ში მოასპარეზე ქართული კლუბების 3 დერბი გაიმართა, მაგრამ ქართველი მორაგბეები ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ერთ შეხვედრაში დადგნენ. საჩემპიონო პლეი ოფისთვის მებრძოლმა გუნდებმა - დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის “ტულონმა”, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიეს” უმასპინძლა. თამაში დაძაბული გამოდგა და მისი მსვლელობიდან გამომდინარე, გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, უფრო მეტად ტულონელებს გაუმართლათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, “მონპელიედან” “ტულონში” გორგოძის არგადასვლის შემდეგ (მან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მერე გუნდში დარჩენა გადაწყვიტა), ამ ორ კლუბს შორის დაძაბული სიტუაციაა და თამაშს ეს დატვირთვაც ჰქონდა.
პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, 10 წუთით, “ტულონი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ამით “მონპელიემ” ვერ ისარგებლა და ჯარიმა იქით გაუშვა. შემდგომში, ჯარიმებითვე, მასპინძლებმა უპირატესობა 12:3-მდე გაზარდეს, ხოლო 70-ე წუთზე, როცა კაცნაკლული უკვე “მონპელიე” დარჩა, შერკინებაში მეტობით ისარგებლეს და საჯარიმო ლელო დაიმსახურეს. სტუმრებმა, ბოლო წუთებზე გატანილი ჯარიმით, სხვაობა მხოლოდ მცირედით შეამცირეს და “ტულონმა” 19:6 იმარჯვა.
მასპინძელთა რიგებში განაცხადში იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა ქუბრიაშვილი. ამის შემდეგ, “ტულონმა” შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მალე საჯარიმო ლელოც დაიმსახურა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 8 ნომრად სრულად ითამაშა გორგოძემ, რომელიც რეფერის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებდა და სამჯერ დაჯარიმდა. მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 57 წუთი ითამაშა ჟღენტმა.
“ტულონი”, 56 ქულით, მე-3, ხოლო “მონპელიე”, 48 ქულით, მე-5 ადგილზეა და ორივე პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.
მე-4 საფეხურზე ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრია”, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ვერ შეძლო აუტსაიდერის - გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონის” დამარცხება.
გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა 22-ე წუთამდე გაიტანეს, მერე კი, უქულოდ იბურთავეს. ფეიქრიშვილი და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ, ხოლო კავთიძე შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.
6:6 დამთავრებული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდმა 2 ქულა მიიღო და “კასტრს” ჯამში 50 გაუხდა, ხოლო “ლიონს” 26 ქულა აქვს და კონკურენტებს 4 ქულით ჩამორჩება.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” გათამაშების ლიდერი, ქვეყნის ჩემპიონი, აქვსენტი გიორგაძის და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 35:5 გაანადგურა და მასთან ჩამორჩენა შეამცირა.
ზირაქაშვილი და გიორგაძე ტრავმირებული არიან, ხოლო ბრეგვაძე მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა.
“კლერმონმა” ქულების უმეტესობა ჯარიმებით მოიპოვა, მხოლოდ 2 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა ვერ აიღო. ახლა 65 ქულა აქვს, მე-2 საფეხურზეა და ოთხით ჩამორჩება “ტულუზას”. მართალია, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ 7 ტური რჩება, მაგრამ ამ ორ გუნდს პირველ-მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთმატჩიან პლეი ოფში გრძელდება. პირველ-მეორეადგილოსანი გუნდები, საწყის ეტაპზე ისვენებენ და ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით ისარგებლებენ, სადაც მათი მეტოქეები მესამე-მეექვსე და მეოთხე-მეხუთე გუნდებს შორის გამარჯვებულები იქნებიან.
ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, რომელმაც “პერპინიანს” 22:17 აჯობა. ქართველმა პირველხაზელმა მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა.
პირველ ნახევარში, მასპინძელთა ლელო-გარდასახვას სტუმრებმა არეკნით და ჯარიმით უპასუხეს - 7:6, 65-ე წუთისთვის, “აჟენი” ჯარიმებით უკვე 19:6-ს იგებდა. ხუთ წუთში, “პერპინიანმა” ჯარიმა და ლელო გაიტანა და ჩამორჩენა სახიფათო ზღვრამდე დაიყვანა, რაც მასპინძლებმა მალევე ჯარიმით გაანეიტრალეს და ბოლო წუთზე გაშვებულმა ჯარიმამ, მათ ვეღარაფერი დააკლო.
“აჟენი”, 44 ქულით, მე-7 ადგილზეა და “რასინგ მეტროს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
XIX ტურის დანარჩენ მატჩებში, “რასინგ მეტრომ” “ბაიონს” მინიმალური სხვაობით - 22:21 აჯობა, ხოლო “ბიარიცმა” “ბორდო” 38:13 გაანადგურა.
მომდევნო ტურის თამაშები 9-10 მარტსაა დაგეგმილი და მას ის ქართველი ლეგიონერები დააკლდებიან, რომლებიც ამ დროს ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების კვართით ითამაშებენ.
სატურნირო მდგომარეობა XIX ტურის შემდეგ:
1. ტულუზა - 69, 2. კლერმონი - 65, 3. ტულონი - 55, 4. კასტრი - 50, 5. მონპელიე - 48, 6. რასინგ მეტრო - 45, 7. აჟენი - 44, 8. სტად ფრანსე - 42, 9. ბორდო - 37, 10. ბრივი - 37, 11. პერპინიანი - 32, 12. ბაიონი - 30, 13. ბიარიცი - 30, 14. ლიონი - 26.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია