საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის სატურნირო ცხრილში, XXII ტურის შემდეგ, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” კვლავ ბოლო ადგილს დაუბრუნდა.
“კარკასონთან” სტუმრად გამართულ მატჩში, ქართველთა გუნდი მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა, არადა, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და ცოტა მეტი დისციპლინა რომ გამოეჩინა, ახლა დივიზიონში დარჩენის მხრივ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. “პერიგო” შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ტაიმში იმდენი მოახერხა, 18 უპასუხო ქულა მიიღო და 20:24 დამარცხდა, თანაც, კაცნაკლულ მეტოქისგან. ამ მატჩში სრულად ითამაშა ზიბზიბაძემ, ოღონდ 10 წუთი სინბინში გაატარა - ყვითელი ბარათი 51-ე წუთზე მიიღო, მარგველაშვილი მოედანზე 51-ე, ხოლო დადუნაშვილი 65-ე წუთზე გამოჩნდა.
დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის შუაწელს მასპინძლები ჯარიმითვე დაწინაურდნენ, მაგრამ ორიდე წუთში “პერიგომ” ლელო-გარდასახვით უპასუხა და წინ გაიჭრა. “კარკასონის” მდგომარეობა 34-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც მისი მორაგბე რეფერიმ მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა, ხოლო სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. ქართველთა გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა ბოლო წუთზე ლელოში ასახეს და რეალიზაციაც გამოიყენეს - 20:6. თითქოს საქმე მოთავებული იყო, მაგრამ “პერიგოს” გამოცდილება არ ეყო და ამხელა უპირატესობა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი “კარკასონის” ორი ზუსტი ჯარიმით დაიწყო, მერე სანამ ზიბზიბაძე სინბინში იყო, კიდევ ორი ჯარიმა გავიდა და 55-ე წუთზე სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დავიდა - 18:20. სტუმრები ვერც ამის შემდეგ მოეგნენ გონს, კაცნაკლული მეტოქისგან 66-ე და 75-ე წუთებზე კიდევ ორი ჯარიმა მიიღეს და სამარცხვინო მარცხი განიცადეს.
ახლა “პერიგოს” 27 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება “ბეზიეს”, რომელსაც ერთი გადადებული თამაში აქვს ჩასატარებელი, ორივეს ერთად კი, გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად მინიმუმ 10 ქულა სჭირდებათ. “ბეზიემ” “პერიგოს” იმის გამო გაასწრო, რომ სტუმრად დაამარცხა და თანაც პრემიალური ქულა მიითვალა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბთან”. ქართველ ლეგიონერებს მატჩში, რომლის პირველი ტაიმიც 12:12 დასრულდა, მონაწილეობა არ მიუღიათ. მასპინძლებმა ოთხი ჯარიმა გაიტანეს, სტუმრებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ორი ჯარიმა გამოიყენეს, სტუმრებმა კვლავ ორი ლელო მიითვალეს, ამჯერად ორივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს და 26:18 იმარჯვეს. ამრიგად, “ტარბს” 46 ქულა დარჩა, მე-10 ადგილზეა და Top 14-ში აღსაზევებელი პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას, პრაქტიკულად გამოეთიშა.
კახა კობერიძის “ალბისთან” დამარცხდა Pro D2-ში დასარჩენად მებრძოლი ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი”. კობერიძე მასპინძელთა განაცხადში არ იყო, პირველხაზელი ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს, შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში ასევე პირველხაზელი ასეიშვილი, ხოლო მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა. სტუმრებმა პირველ ტაიმში გაშვებულ ჯარიმას და ლელოს, ზედ შესვენების წინ ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს - 7:8, მაგრამ მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, რითაც ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით წუთებში ლელო-გარდასახვა მიიღეს და 10:23 დამარცხდნენ.
“ორიაკს” 37 ქულა აქვს და “ნარბონთან” მე-13-მე-14 ადგილებს იყოფს, ხოლო “ალბი” 56 ქულით მეექვსეა. სატურნირო ცხრილს 74 ქულით კვლავ გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი” ლიდერობს, რომელიც ამ ტურში დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პოსთან” სტუმრად 16:18 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ამ მატჩში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. რადგან ქართველთა გუნდების მეტოქე “დაქსი” “ლა როშელთან” 13:21 დამარცხდა და უქულოდ დარჩა, “გრენობლმა”, მარცხის მიუხედავად, მასთან უპირატესობა გაზარდა, ხოლო “ალბის” 63 ქულა დაუგროვდა, მე-3 ადგილზეა და “დაქსს” 3 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსანი Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, მეორე საგზურს კი, მეორე-მეხუთეადგილოსნები პლეი ოფში გაითამაშებენ. ნახევარფინალში მეორე მეხუთეს, ხოლო მესამე მეოთხე ადგილზე გასულ გუნდს მასპინძლობს, აქ გამარჯვებულები კი, ფინალში ითამაშებენ. Pro D2-ს ორი უარესი გუნდი ტოვებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია