რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგის მოწინავეთა შორის გასულ უქმეებზე მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. საფრანგეთმა ექვსი ერის გადადებულ მატჩში ირლანდიას უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა (17:17), ამან კი რეიტინგში მე-3 ადგილი დააკარგვინა.
მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძლები შერკინებაში იმხელა უპირატესობას ფლობდნენ, რომ ვალდებულნი იყვნენ, გამოეყენებინათ, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ შესვენებაზე 11-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მეორე ტაიმი “ლე ბლემ” ბევრად უკეთ ჩაატარა და წონასწორობის აღდგენაც 17 წუთში მოახერხა, მერე კი, გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ორი მცდელობიდან, ძელებსშუა არცერთმა არეკნმა არ გაიარა.
ირლანდიელთა მხრიდან ქების ღირსია ტომი ბოუ, რომელმაც მე-14 წუთზე მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ლელო გაუტანა, მერე მსგავსი “ნომერი” აღარ გაუვიდა, ხოლო 38-ე წუთზე მანვე ფლანგზე დიდებულად ითამაშა, მეტოქეს ბურთი ფეხით თავზე გადაავლო და ტაიმი ირლანდიამ 17:6 მოიგო. მასპინძლებმა სხვაობა ჯერ ჯარიმით შეამცირეს, მერე ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო, ხოლო 57-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღდგა. დარჩენილ დროში გამარჯვების მოსაპოვებლად ორივე გუნდმა იბრძოლა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - 17:17.
ახლა ირლანდიამ ექვსი ერის მოგების შანსი საბოლოოდ დაკარგა. სამაგიეროდ, ფრანგებთან სტუმრად ნათამაშები ფრის გამო, 0,86 სარეიტინგო ქულა მიიღეს, 0,02 ქულით გაასწრეს არგენტინას დე მე-7 ადგილამდე აღზევდნენ. ამდენივე ქულა დაკარგა საფრანგეთმა და საკუთარი მე-3 ადგილი სამხრეთ აფრიკას დაუთმო. რაც შეეხება ექვს ერს, აქ დაუმარცხებელი უელსი 6 ქულით ლიდერობს, ერთით ნაკლები აქვს საფრანგეთს, მესამე ადგილზე ინგლისი (4 ქულა), მეოთხე საფეხურს იკავებს 3-ქულიანი ირლანდია, ხოლო შოტლანდია და იტალია უქულოდ ბოლო ადგილებს იყოფენ. 10 მარტს უელსი იტალიას მასპინძლობს, ხოლო ირლანდია - შოტლანდიას. 11 მარტს საფრანგეთი ინგლისს დაუხვდება და დაკარგულის აღდგენას ეცდება.
რეიტინგში ცვლილებები მომავალ კვირაში იქნება და ის საქართველოს ნაკრებსაც შეეხება, რომელიც 10 მარტს ბუქარესტში რუმინეთს ეთამაშება. “ბორჯღალოსნები” მოგების შემთხვევაში 0,947 ქულას მიიღებენ, ჯამში 70,27 ქულა გაუხდებათ და იაპონიას მიუახლოვდებიან. თუ ქართველმა მორაგბეებმა 15 ქულაზე მეტი სხვაობით იმარჯვეს, მაშინ ნამატი 1,421 ქულა იქნება და საქართველო ესპანეთთან მარცხის შემდეგ დაკარგულ მე-14 ადგილს დაიბრუნებს. ფრის შემთხვევაში “ბორჯღალოსნებს” 0,053 სარეიტინგო ქულა დააკლდებათ და მე-15 ადგილზე დარჩებიან, აი, მარცხის შემთხვევაში კი, ისინი ერთი ადგილით დაქვეითდებიან - მცირე სხვაობით წაგება 1,053, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება 1,579 ქულის ტოლფასი იქნება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 5 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,99
3 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
4 (3). საფრანგეთი 84,20
5 (5). უელსი 82,62
6 (6). ინგლისი 81,34
7 (8). ირლანდია 80,30
8 (7). არგენტინა 80,28
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). სამოა 75,81
11 (11). შოტლანდია 74,94
12 (12). იტალია 73,33
13 (13). კანადა 72,92
14 (14). იაპონია 70,45
15 (15). საქართველო 69,32
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). რუმინეთი 65,79
18 (18). აშშ 65,63
19 (19). ესპანეთი 62,72
20 (20). ნამიბია 61,24
21 (21). ურუგვაი 60,47
22 (22). რუსეთი 60,12
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). პორტუგალია 57,91
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). ჰონკონგი 56,51
27 (27). მაროკო 56,13
28 (28). მოლდოვა 54,94
29 (29). პოლონეთი 54,80
30 (30). ყაზახეთი 53,62
31 (31). კორეა 53,36
32 (32). უკრაინა 52,60
33 (33). ზიმბაბვე 52,40
34 (34). ბრაზილია 51,57
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია