საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონებმა - თბილისის “არმიამ” და კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-მა - დაგეგმილი ამხანაგური მატჩის ნაცვლად, ერთობლივი, ასე ვთქვათ, სპარინგ-ვარჯიში ჩაატარეს.
პირობითი პირველი ტაიმი დაახლოებით 35 წუთს გაგრძელდა და მთლიანად მიეძღვნა დავალებებს სტატიკურ სიტუაციებზე. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი ხუთ-ხუთი შერკინება და დერეფანი, რომელთა დროს საკუთარ კომბინაციებს ათამაშებდა, მეტოქე კი, იერიშის ჩაშლას ცდილობდა. აქ უმთავრესი ის იყო, რომ ვარჯიშისგან განსხვავებით, ორივე გუნდის მორაგბეები მაქსიმალურად ხისტად თამაშობდნენ, ისე, როგორც ნამდვილი თამაშისას.
ე.წ. პირველ ტაიმში “ენისეიმ” ლელოებით 2:1 იმარჯვა. მე-2 ტაიმი მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა და სუფთა, ღია თამაშს დაეთმო. აქ უკვე აღარ ინიშნებოდა შერკინებები და დერეფანი და რუსებმა 1:0 მოიგეს. ანგარიშები ასეთი იმიტომაა, რომ გუნდები არ ურტყამდნენ ჯარიმებს და გარდასახვებს, ისინი მხოლოდ ლელოს გატანას ცდილობდნენ.
ორივე გუნდმა ძირითადი შემადგენლობით ივარჯიშა. 7 მარტს ისინი უკვე სრულფასოვან მატჩს გამართავენ, რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახებული მორაგბეების გამოკლებით.
“არმიასთან” ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, “ენისეის” მეორე შემადგენლობამ მე-3 ამხანაგური მატჩი გამართა “ბათუმი XV”-თან, ოღონდ, შემოკლებული ფორმატით, ტაიმი მხოლოდ 30 წუთს გრძელდებოდა. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, გამარჯვება ამჯერადაც რუსეთის ჩემპიონს დარჩა. უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულმა ბათუმელებმა, მეტოქეს პირველ ტაიმში ერთი ლელო კი გაუტანეს, მაგრამ 14 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 5:19, ჯამში კი, 5:26 წააგეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია