საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში, საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა დიმიტრი ბასილიამ და მერაბ კვირიკაშვილმა თავიანთი გუნდების გამარჯვება განაპირობეს. პირველმა ლელო გაიტანა, ხოლო მეორემ გუნდს 17 ქულა შესძინა.
მართალია, ფედერალ 1-ში უკვე XV ტური გაიმართა, მაგრამ გუნდების უმრავლესობას მხოლოდ 13 თამაში აქვთ ჩატარებული, ნაწილმა 14, ზოგიერთმა კი, სულაც მხოლოდ 12 მატჩის გამართვა მოასწრო. ეს იმიტომ, რომ უამინდობის გამო, ერთი ტური მთლიანად, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში მატჩების უმრავლესობა გადაიდო. აქვე შეგახსენებთ, რომ ფედერალ 1 ოთხ 10-გუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. ჯგუფის 4-4 საუკეთესო პრო D2-ის ორი საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს და ფინალისტები სანუკვარ საგზურს ისაკუთრებენ.
პირველ ჯგუფში 14 თამაშის შემდეგ 52 ქულით ლიდერობს დავით ბოლღაშვილის “ლილი”, რომელიც ამ ტურში ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონს” სტუმრად დაუზავდა - 18:18. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა ყუფარაძემ, ხოლო დადუნაშვილი, ისევე, როგორც სტუმართა ლეგიონერი ბოლღაშვილი, განაცხადში ვერ მოხვდნენ. პირველი ტაიმი “ლილმა” 8:6 მოიგო, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე უკვე 11:18 აგებდა და ფრეს 4 წუთში გატანილი ლელო-გარდასახვის წყალობით მიაღწია. “მონლუსონს” 13 თამაშიდან 36 ქულა აქვს და მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” მნიშვნელოვან ჯახში “ბობინის” სტუმრად 26:18 აჯობა. სუთიაშვილმა 8 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კობაური განაცხადში ვერ მოხვდა. მასელებისთვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, მე-7 წუთამდე სამი ჯარიმა გაუშვა, ხოლო 23-ე წუთზე ანგარიში უკვე 12:0 გახდა. სტუმრები გამოცოცხლდნენ და ერთ წუთში ლელო-გარდასახვა გაიტანეს, ხოლო 52-ე წუთზე მეორე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს. მართალია “ბობინიმ” ჯარიმით უპირატესობა ორიდე წუთში დაიბრუნა, მაგრამ საათის თავზე “მასიმ” მესამე ლელო მიითვალა და რეალიზაციაც ზუსტი იყო. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, მორიგი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, რაზეც “მასიმ” კიდევ ერთი ლელოთი უპასუხა და 26:18 იმარჯვა. ქართველთა გუნდმა ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა, ჯამში 49 გაუხდა და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, თანაც, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული (13).
გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა” აუტსაიდერს, რევაზ გიგაურის, “დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონს” უმასპინძლა და მომხვდური 36:15 გაანადგურა. მჭედლიშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო სტუმართა სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო - გიგაურმა 15 ნომრად სრულად ითამაშა, გიორგაძე 55-ე, ხოლო ხოჭოლავა 62-ე წუთზე შეცვალეს. ბრძოლა მხოლოდ 25 წუთი გაგრძელდა, ანგარიში 10:10 იყო, მერე კი, მასპინძლებმა გაილაღეს. “დიჟონი” 13 თამაშიდან 36 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის, “ბულონი” კი, კვლავაც უქულოდაა.
ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “სტრასბურთან” 6:14 დამარცხდა. პირველხაზელი (2 ნომერი) კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა, მესამეხაზელი საყვარელიძე კი, თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. მასპინძლებმა ტაიმი 6:5 კი მოიგეს, მაგრამ მერე მონაგარს ვეღარაფერი შემატეს, სამი ჯარიმა გაუშვეს და 14 თამაშიდან 14 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე არიან. ახლა “ორლეანი” “სტრასბურს” 6 ქულით ჩამორჩება.
შოთა მელიქიძის “მაკონი” ასევე უშულო კონკურენტ, ოღონდ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში, “ნევერთან” სტუმრად 6:9 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სტუმართა განაცხადში იყო, მისი გუნდი კი, ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა და ახლა 13 თამაშიდან 37 ქულით მე-3 ადგილზეა.
მეორე ჯგუფში დავით კაჭარავასა და მაღალდაძის “ნიცამ” საკუთარ მოედანზე “მონტობანს” 21:13 სძლია. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ გუნდს კი, 14 თამაშის შემდეგ 26 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და საუკეთესოთა ოთხეულში მოხვედრის შანსი აღარ შერჩა.
12 თამაშიდან 26 ქულა აქვს მე-8 ადგილზე მყოფს, გიორგი კუთარაშვილის “შატორენარს”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ბრესანთან” 20:31 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს მისი გუნდი უკვე 6:28 აგებდა.
ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენმა” გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინს” უმასპინძლა და 19:24 დამარცხდა. მაჩხანელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მაგრამ წინა ხუთი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ლელოს გატანა ვერ მოახერხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ვეტერანმა ლაბაძემ, რომელიც ბოლო წუთზე სინბინით დაისაჯა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მობურთალი ბელქანია მწვრთნელმა 76-ე წუთზე შეცვალა. მაისურაძე ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
დაძაბული მატჩის პირველი ტაიმის ბოლომდე, მასპინძლები 13:6 იგებდნენ, ზედ შესვენების წინ ლელო მიიღეს და რადგან რეალიზაცია არაზუსტი იყო, ტაიმი ორქულიანი უპირატესობით დაასრულეს. მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში, მათ ორი ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ მალევე ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. “ლა სეინმა” 65-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა მოიპოვა, ხოლო 3 წუთში არეკნი გამოიყენა. დასკვნით წუთებში მეტოქის იერიშების მოგერიება უქართველებოდ მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ახლა “ლა სეინს” 13 თამაშში 40 ქულა აქვს, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო “სენტ-ეტიენი” 33 ქულით მე-5 ადგილზეა და ოთხეულში მოსახვედრად 6-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებს.
ირაკლი ნინიძის “რომანი” “კასტენთან” სტუმრად 6:13 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა, მერე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ 77-ე წუთზე არეკნი მიიღეს. “რომანი” 29 ქულით მე-7 ადგილზეა. თემურ გელანტიას “ნიმმა” ცხრილში მეზობელი, ჯგუფის აუტსაიდერი” “პოსეენი” 78:15 გაანადგურა, მაგრამ ქართველ ლეგიონერს ამაში წვლილი არ მიუძღვის. “ნიმი” 16 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
მესამე ჯგუფში ერთადერთი “ქართული” კლუბი, “სენ-ჟუნიენი” თამაშობს, რომელმაც ბოლო დროს სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორა, ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და პლეი ოფშო მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ოზგებაშვილის გუნდმა ამ ტურში აუტსაიდერი “მორლასი” სტუმრად 22:14 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ მიიღო. კვირიკაშვილის ორ ჯარიმას მასპინძლებმა ორი ჯარიმითვე და ლელოთი უპასუხეს და 28-ე წუთზე 11:6 დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე “მეკომ” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, შესვენების წინ კი, რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 16:11 დასრულდა.
კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა 44-ე წუთზე მიითვალა და უპირატესობა გაზარდა, ხოლო 53-ე წუთზე, ასევე ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა მგეზავმა სრულად ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო შერკინების მესამე ხაზში, 8 ნომრის პოზიციაზე ჩხაიძე და ის 70-ე წუთზე ოზგებაშვილმა შეცვალა. “სენ-ჟუნიენს” 14 თამაშის შემდეგ 31 ქულა დაუგროვდა, მე-5 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება “ლავორს”, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მეოთხე ჯგუფში დიმიტრია ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენმა”, სტუმრად მინიმალური სხვაობით სძლია “მარმანდის”. ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 3:9 დათმეს, ამასთან, ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და დაახლოებით 6 წუთი მოედანზე 13 კაცის ამარა იყვნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ 53-ე წუთზე “ვალანს დ’აჟენი” უკვე წითელი ბარათით დაისაჯა და შეხვედრის ბოლომდე კაცნაკლულს მოუწია თამაში, თანაც, მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს.
ასეთ მძიმე სიტუაციაში ლიდერობა ქართველებმა იკისრეს და ბასილაიამ 67-ე წუთზე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია და სხვაობის 2 ქულამდე დაყვანა მოყვა. დაძაბულობამ 71-ე წუთზე იფეთქა და ჩხუბის შედეგად, რეფერიმ სტუმრები ყვითლით, ხოლო მასპინძლები წითელი ბარათით დასაჯა. არაფერი იცვლებოდა, “ვალანს დ’აჟენი” მატჩის ბოლომდე კაცნაკლული რჩებოდა და 75-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ჯარიმის გატანა შეძლო - 16:15.
ქართველთა გუნდს ახლა 43 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. 32 ქულით მე-7 საფეხურზე მყოფ “ლენამეზანის” რიგებში გამოჩნდა 22 წლის ქართველი პირველხაზელი საბა ქართველიშვილი. მას შარშან ფედერალ 1-ში 2 ლელო აქვს გატანილი, წელს კი, მოედანზე სულ მეორედ გავიდა. “ბლანიაკთან” 32:15 მოგებულ შეხვედრაში, ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს ანგარიში 23:15 იყო და დასკვნითი წუთები მასპინძლებმა კარგად ჩაატარეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია