საქართველოს მოარგბეთა ეროვნული ნაკრები 10 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში “სტეჟარის” წინაშე მე-16-ედ წარდგება და მოგება-წაგებების ბალანსის აღდგენასთან ერთად, წლევანდელი ერთა თასის მოპოვების შანსის შენარჩუნებასაც ეცდება.
მსოფლიო რაგბის მიერ ქვეყნების დონეებად დაყოფის და ელიტარული გუნდების “ხელშეუხლებლობის” გამო, აგერ უკვე 14 წელია, “ბორჯღალოსნების” უმთავრესი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია. ერთა თასის დაარსების დღიდან, სადაც ევროპის მეშვიდე-მეთორმეტე გუნდები თამაშობენ, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები მუდამ ფავორიტები არიან და ამ გუნდების სათასო ჭიდილში იშვიათად თუ ერევიან პორტუგალია და რუსეთი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიდერებმა თასზე უგულოდ, შესუსტებული შემადგენლობით ითამაშეს. ტურნირიის დაარსების დღიდან, 2000 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ ამ გუნდების დავაში პორტუგალიამ იხეირა და 2004 წელს თასი დაისაკუთრა, სხვა დროს კი, ერთა თასი ან ბუქარესტში მიდიოდა, ანაც თბილისში.
იმის გამო, რომ ტურნირის ჩატარების სისტემა პერიოდულად იცვლებოდა და გამარჯვებული ხან ერთი წლის, ხანაც ორი წლის ჯამის შედეგად ვლინდებოდა, აქამდე თასის მფლობელი სულ 9-ჯერ გამოვლინდა და გამარჯვების სიხარული ქართველებმა და რუმინელებმა 4-4-ჯერ გაიზიარეს, ხოლო ერთხელ პორტუგალიამ იხეირა. წელს ისეთი პირი უჩანს, რომ თასს რომელიღაც გუნდი მეხუთედ აღმართავს, რადგან ესპანეთი, მიუხედავად საქართველოს ნაკრების დამარცხებისა და ორიდან ორი მოგებისა, მაინც არაა იმ კლასის ნაკრები, რომ ამათ დავაში ჩაერიოს.
ჰოდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 10 მარტს ბუქარესტში ერთგვარი მცირე ფინალი შედგება. აქ სიტუაცია ასეთია. რუმინეთი გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად დაიბევებს თასის მოგებას, რადგან უკვე დაამარცხა პორტუგალია და რუსეთი. ჩვენს შემდეგ კი, სათამაშო მხოლოდ ესპანეთთან და უკრაინასთან რჩება. საქართველოს ნაკრებს ტიტულის შესანარჩუნებლად ბუქარესტში უცილობლად გამარჯვება სჭირდება და ერთ კვირაში რუსეთი ეყოლება წასაქცევი, მაგრამ ქულათა ახალი, პრემიალური სისტემის დანერგვის ფონზე, მნიშვნელობა ანგარიშის სხვაობას და გატანილ-გაშვებულ ლელოებსაც მიენიჭება.
ახლა რუმინეთი სატურნირო ცხრილს ესპანეთთან ერთად 9 ქულით ლიდერობს, საქართველოს კი 6 ქულა აქვს. თუ “ბორჯღალოსნებმა” ბუქარესტში მოიგეს და ოთხი ლელოს გატანაც შეძლეს, ისინი მეტოქეს ულაპარაკოდ გადაუსწრებენ. მცირე სხვაობით გამარჯვების და ოთხი ლელოს ვერგატანის შემთხვევაში, გუნდებს თანაბარი ქულები დაუგროვდებათ და მერე ყველაფერს ის გადაწყვეტს, თუ ვინ მეტ პრემიალურ ქულას აიღებს დარჩენილ შეხვედრებში. ისე, თუ საქართველომ 4 ლელო ვერ გაიტანა, მცირე სხვაობით მოიგო, მაგრამ თავად 4 ლელო გაუშვა, რუმინეთი ორ პრემიალურ ქულას მიიღებს და კვლავ “ბორჯღალოსნებზე” წინ იქნება, თანაც ისე, რომ მისთვის გადასწრება ძალიან რთული იქნება. მოკლედ, ვარიანტები ძალიან ბევრია და ახლა მის თვლას სჯობს, თამაშსა და მის შედეგს დაველოდოთ.
ამ მატჩში უმთავრესი მაინც გამარჯვებაა და ქულების თვლა და თასის მოგება-არმოგების საკითხი მაინც მეორეხარისხოვანია. საქმე ისაა, რომ აქამდე რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სულ 15-ჯერ შეხვდნენ და ურთიერთდაპირისპირებაში ჯერაც მეტოქე გვჯობინის, ახლა კი, თანაფარდობის აღდგენის შანსი გვეძლევა. 1998 წლიდან დღემდე, რუმინელებმა 8 მატჩი მოიგეს, ქართველებმა 7. მეტოქემ ჯამში 25-ის წილ 28 ლელო გაგვიტანა, ქულების ბალანსი კი, 302-282-ზეა “სტეჟარის” სასარგებლოდ. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უარყოფითი ბალანსისა, “მუხის ფოთლები” ადრეულ წლებში დაწინაუდნენ, ბოლო ექვსიდან ხუთი დაპირისპირება ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და იმედია, ეს ტენდენცია “ტრიუმფალურ არკაზეც” გაგრძელდება.
ჩვენ კი ვითვლით მოგება-წაგებებს და საკუთარ გეგმებს ვსახავთ, მაგრამ რუმინელებს განსაკუთრებით მწარედ ახსოვთ ბოლო მარცხი, რომელიც გასული წლის მსოფლიო თასზე იგემეს. სექტემბრის მიწურულს, ახალი ზელანდიის ქალაქ პამერსთონში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე მთელი მსოფლიოს თვალწინ, აქამდე სარეკორდო სხვაობით 25:9 დასცა და რუმინელებს რევანში სწყურიათ. სწორედ ამის გამო, მეტოქემ პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა და გულშემატკივარსაც მოუწოდა, ტრიბუნები შეავსეთ, თქვენი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდებაო, მაგრამ ამას ქართველები არად დაგიდევენ და ბუქარესტში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩადიან!
ერთა თასის გარდა, ამ მატჩში კიდევ ერთი თასი თამაშდება. 2002 წელს, ერთმორწმუნე რუმინეთთან მატჩებში, ქართველთა ინიციატივით რაგბში მიღებული საზიარო თასის გათამაშება დაწესდა - “ანთიმოზ ივერიელის თასი”. უკვე მეათე წელია, თუ თამაში მსოფლიო თასზე, ან მის შესარჩევ ეტაპზე არ იმართება, გუნდები ერთურთს ამ გარდამავალ თასსაც ეცილებიან და ახლა ეს თასი ქართველთა მფლობელობაშია. პირველი სამი გათამაშება რუმინელების მოგებით დასრულდა, მერე ქართველებმა კი იმარჯვეს, მაგრამ ერთ წელიწადში თასი ისევ დაკარგეს. ამას უკვე “ბორჯღალოსანთა” სამწლიანი სერია მოჰყვა, 2010 წელს თასი ბუქარესტში დაბრუნდა, მაგრამ გასულ წელს ის ქართველთა ხელში გადავიდა. ამრიგად, “ანთიმოზ ივერიალის თასს” გუნდები 5-5-ჯერ ფლობდნენ და ამ მატჩის შემდეგ რომელიმე გუნდი დაწინაურდება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ფრის შემთხვევაში, თასი მის წინა მფლობელს რჩება, ანუ, ამ შემთხვევაში ქართველთა საკუთრებაში დარჩება.
“ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა და ბუქარესტში შედარებით გამოცდილი რაზმი წაიყვანა. შეკრებაზე მყოფთაგან რუმინეთში არ წავიდნენ შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), თორნიკე ლომიძე (“აია”, ქუთაისი,), გელა შალამბერიძე (“აია”, ქუთაისი,), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი) და ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი). ზელანდიელის თავკაცობით პირველად ითამაშებენ “ბრივის” ჰუკერი ირაკლი ნატრიაშვილი და “პერიგოს” შუამარბი თედო ზიბზიბაძე. ორივე ამ მორაგბეს უდიდესი გამოცდილება აქვს და ნაკრებისთვის ფასდაუდებელ ძალას წარმოადგენს. ნაკრები საგანგებოდ ემზადებოდა და რუმინული სტილისთვის - ბურთის ფეხით ზურგში გადაკიდება და მაქსიმალური ყურადღებით მოუწევს თამაში 15 ნომერს - გიორგი შკინინს და მის შემცვლელ ბექა წიკლაურს.
ჰეიგის მიერ დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, რუმინეთშიც 24 მორაგბე გაემგზავრა და მათგან ორი განაცხადს მიღმა დარჩება. ძირითადი შემადგენლობა და სათადარიგოები, ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იმ 15 მორაგბის დასახელება, რომლებიც ბრძოლაში პირველივე წუთებიდან ჩაერთვებიან: 15. შკინინი, 14. მაჩხანელი, 13. კაჭარავა, 12. ზიბზიბაძე (ან შარიქაძე), 11. თოდუა, 10. კვირიკაშვილი, 9. აბუსერიძე: 1. კაკოვინი, 2. ნატრიაშვილი, 3. ქუბრიაშვილი, 4. ნემსაძე, 5. ჩხაიძე, 6. სუთიაშვილი, 7. კოლელიშვილი, 8. გორგოძე. შესაძლოა, გორგოძე ფლანკერად დადგეს და 8 ნომრის პოზიციაზე ბასილაია გამოჩნდეს.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ინგლისელი რეფერი, დოილი მოემსახურება და იმედია, ის სამართლიანი იქნება, რადგან ესპანეთთან და პორტუგალიასთან მატჩში, მსაჯებმა ქართველთა წინააღმდეგ მთელი რიგი შეცდომები დაუშვეს. მომავალ ჯახს სარეიტინგო დატვირთვაც აქვს. “ბორჯღალოსნები” მოგების შემთხვევაში 0,947 ქულას მიიღებენ, ჯამში 70,27 ქულა გაუხდებათ და იაპონიას მიუახლოვდება. თუ ქართველმა მორაგბეებმა 15 ქულაზე მეტი სხვაობით იმარჯვეს, მაშინ ნამატი 1,421 ქულა იქნება და საქართველო ესპანეთთან მარცხის შემდეგ დაკარგულ მე-14 ადგილს დაიბრუნებს. ფრის შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს” 0,053 სარეიტინგო ქულა დააკლდებათ და მე-15 ადგილზე დარჩებიან, აი, მარცხის შემთხვევაში კი, ისინი ერთი ადგილით დაქვეითდებიან - მცირე სხვაობით წაგება 1,053, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება 1,579 ქულის ტოლფასი იქნება.
რაგბის ქართველ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლით შეეძლება და იმედია, მისი დასრულების შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, გამარჯვების სადღეგრძელო ბლომად შეისმება.
რუმინეთში შემდეგი 24 მორაგბე გაემგზავრა:
პირველი ხაზი: ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 32 კეპი, 20 ქულა), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 21, 5), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 18, 0), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 2, 0), რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 5, 5);
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 54, 30), გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 24, 25);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 23, 5), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 13, 5), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 7, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 42, 100), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 21, 15);
#9: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 77, 35), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 2, 0);
#10: მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 58, 301), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 32, 100);
უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 2, 5), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 49, 55), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 60, 75); ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 52, 90), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 30, 5), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 34, 30), ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
1. რუმინეთი 2 2 0 0 40-7 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 66-24 9
3. საქართველო 2 1 0 1 50-32 6
4. რუსეთი 2 1 0 1 33-57 4
5. პორტუგალია 3 0 0 3 46-80 2
6. უკრაინა 1 0 0 1 6-41 0
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 7 6 0 1 218:67 28
2. რუმინეთი 7 5 0 2 206:76 25
3. ესპანეთი 7 4 0 3 158:199 19
4. პორტუგალია 8 3 0 5 159:178 16
5. რუსეთი 7 3 0 4 133:155 15
6. უკრაინა 6 0 0 6 67:266 0
საქართველო-რუმინეთის ყველა დაპირისპირება:
1998 წელი. დუბლინი. მსოფლიო თასის შესარჩევი
საქართველო - რუმინეთი 23:27
2000 წელი. თბილისი. ერთა თასი
საქართველო - რუმინეთი 20:23
2001 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი
რუმინეთი - საქართველო 20:31
2002 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 23:31
2003 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 6:19
2004 წელი. იასი (რუმინეთი). ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 25:18
2005 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 20:13
2006 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 35:10
2006 წელი. ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი
რუმინეთი - საქართველო 20:8
2007 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 17:20
2008 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 22:7
2009 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 28:23
2010 წელი. ბუქარესტი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
რუმინეთი - საქართველო 22:10
2011 წელი. თბილისი. ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
საქართველო - რუმინეთი 18:11
2011 წელი. პამერსთონი (ახალი ზელანდია). მსოფლიო თასი
საქართველო - რუმინეთი 25:9
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია