სიახლეები

16:19 | 7.02.2016 | ნანახია 906 - ჯერ

ინგლისმა „მარიფილდზე“ ისევ მოიგო

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ერა „მარიფილდზე“ გამარჯვებით დაიწყო. სტუმრებმა ამ სტადიონზე 2004 წლიდან დამკვიდრებული ტრადიცია შეინარჩუნეს და ლელო არ გაუშვეს, თავად კი, მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ დალაშქრეს.

თამაშმა მაღალ ტემპში ჩაიარა, თუმცა ორივე გუნდი კარგად თამაშობდა დაცვაში. მთელმა პირველმა ტაიმმა ინგლისელთა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ ეს უპირატესობა მათ მხოლოდ ერთ ლელოში ასახეს. სქოთებმა სულ რამდენჯერმე შეძლეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა და სამიდან ორი ჯარიმა გაიტანეს, რითაც მეორე ტაიმში ბრძოლაში დარჩნენ.

ანგარიშის გახსნის შანსი ჯორჯ ფორდს ჰქონდა, მაგრამ არეკნი არაზუსტი იყო. მე-12 წუთზე ფლანგზე ჯეკ ნოუელი გაიქცა და ბურთი ფეხით გადაიკიდა, მას სტიუარტ ჰოგი დაეუფლა, მაგრამ იმავე ნოუელისა და ოუენ ფარელის წნეხის ქვეშ იძულებული გახდა ბურთი საკუთარ ჩათვლის მოედანში დაემიწებინა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ, რაქიდან ჯორჯ ქრუისმა შეუტია, რიჩი გრეის გასცდა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო ფარელიმ გარდასახა - 7:0. გრეიგ ლეიდლიუმ შესვენებამდე სამჯერ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ აქედან ერთი არაზუსტად შეასრულა და ტაიმი 1 ქულის სხვაობით დათმო.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება, მაგრამ მერე დაჯარიმდნენ და გაუმართლათ ფარელის დარტყმა არაზუსტი რომ აღმოჩნდა. თუმცა, ინგლისელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, მეტოქის 22-ში ფაზები აკინძეს და ფლანგზე ნოუელი ინგლისელთა მეორე ლელოსთვის გაიქცა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ინგლისი უკვე სრულად ფლობდა ინიციატივას და რადგან ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, ფარელიმ 62-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. შოტლანდიელებმა რამდენჯერმე შეძლეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა, თუმცა ამით მხოლოდ ერთხელ იხეირეს, ისიც 68-ე წუთზე, როდესაც ლეიდლოუმ ჯარიმა დაახლოებით 42 მეტრიდან გაიტანა და სქოთებმა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე საშინაო მარცხი განიცადეს, რაც ექვს ერზე მათთვის ყველაზე ცუდი შედეგის გამეორებაა, ხოლო ინგლისმა ედი ჯონსის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ შეხვედრაში დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა და შოტლანდიასთან საზიარო თასი შეინარჩუნა - 15:9.

„ლამაზი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა მხოლოდ შედეგს ჰქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების გემოს გახსენება. მატჩში მრავლად იყო ფიზიკური ორთაბრძოლები და გუნდები მაქსიმალურად დისციპლინირებულად მოქმედებდნენ. ედი ჯონსის ხელმძღვანელობით სულ ორი კვირაა ვვარჯიშობთ და ამიტომ, დასახვეწი ელემენტები მრავლად გვაქვს. მუშაობას განვაგრძობთ, რათა ერთ კვირაში იტალია რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ დამარაცხოთ“ - თქვა ინგლისელთა კაპიტანმა დილამ ჰარტლიმ.

რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო იყო შოტლანდიელთა კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ:

„ვფიქრობ, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის, კლასში არც ისე დიდი სხვაობაა. უბრალოდ, ჩვენ საუკეთესო თამაში ვერ ჩავატარეთ, თუმცა, სახიფათო მომენტების შექმნის შანსი რეგულარულად გვქონდა. მთლიანობაში, იმედგაცრუებულნი ვართ. მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ და ამაზე გვაქვს სამუშაო. ასევე, დაუშვებლად ხშირად ვკარგავდით ბურთს. არ იყო რთული თამაში, მაგრამ დავმარცხდით“.

შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის მეორე ტურში 13 თებერვალს შოტლანდიაში ითამაშებს.

2016 წლის ექვსი ერი. პირველი რაუნდი

შოტლანდია - ინგლისი 9:15 (6:7)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08703