ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში 20 წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიოს 2012 წლის თასის “ალაფის” დაწყებამდე 100 დღე დარჩა და ტურნირის ორგანიზატორებმა 8 გუნდი ჯგუფებში გადაანაწილეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც B ჯგუფში მოხვდა, ზუსტად ის მეტოქეები ერგო წილად, რომლებთანაც შარშან თბილისში ითამაშა - იაპონია, კანადა და ზიმბაბვე. პატარა “ბორჯღალოსნებს” კალენდარიც ანალოგიური აქვთ და ტურნირის სადებიუტო მატჩს კანადელთა წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავენ. შარშან ქართველებმა კანადელები 38:9 დაამარცხეს. ოთხი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეტოქე ზიმბაბვე იქნება, რომელსაც შარშან 50:19 მოუგო, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს იაპონიასთან ჯახით დაასრულებს, ვისთანაც თბილისში 14:29 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა.
A ჯგუფში შარშანდელი მსოფლიო თასის შედეგად დაქვეითებული ტონგა, მასპინძელი აშშ, რუსეთი და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ჩილე ითამაშებენ. შარშანდელთან შედარებით, წელს “ალაფაზე” ახალი გუნდები სწორედ ტონგა (რომელმაც თბილისის ტურნირის მომგები სამოა ჩაანაცვლა) და ჩილე იქნებიან, ვინაც სამხრეთ ამერიკის პირველობაზე ურუგვაის აჯობა. ტრადიციულად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები 30 ივნისს ჩემპიონობისთვის 2013 წლის მსოფლიო თასის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მე-3 საპრიზო ადგილს გაითამაშებენ, ჯგუფში მესამეები ერთურთს მე-5 საფეხურს შეეცილებიან, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები, ბოლოსწინა, მე-7 ადგილისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე მორაგბეთა წლევანდელი მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკაში ტარდება, ხოლო გაისად მას საფრანგეთი უმასპინძლებს. ქართველი ახალგაზრდები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პერიოდულად იკრიბებიან და ჯერ კიდევ გაფართოებული შემადგენლობით (35-38) ფიზმომზადებას გადიან. მალე გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის, იან რიჩარდ სმიტის ხელმძღვანელობით ტაქტიკის დახვეწაზე გადავა, აშშ-ში კი, სულ 26 მორაგბე გაემგზავრება.
ამერიკელები იმედოვნებენ, რომ სოლტ ლეიკ სიტიში თბილისზე უფრო მაღალი დონის ტურნირს ჩაატარებენ და თავიანთი საიტის მეშვეობით, 16-ივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავენ. მათ იმედი აქვთ, რომ დასწრების კუთხით თბილისში დამყარებულ რეკორდს მოხსნიან და ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი, მისი პოპულარიზაცია გაიზრდება.
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
A ჯგუფი
ტონგა
ჩილე
რუსეთი
აშშ
18 ივნისი. I რაუნდი
ჩილე - რუსეთი
აშშ - ტონგა
22 ივნისი. II რაუნდი
ტონგა - რუსეთი
აშშ - ჩილე
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი
B ჯგუფი
იაპონია
საქართველო
კანადა
ზიმბაბვე
18 ივნისი. I რაუნდი
იაპონია - ზიმბაბვე
საქართველო - კანადა
22 ივნისი. II რაუნდი
საქართველო - ზიმბაბვე
იაპონია - კანადა
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო
30 ივნისი. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია