საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მასპინძელ რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 19:13 აჯობა და ერთა თასის მოგების შანსი შეინარჩუნა.
“ბორჯღალოსანთა” ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ქართველ შეგირდებთან ერთად პირველი თასი უკვე მოიპოვა - “ანთიმოზ ივერიელის თასი”, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრებს შორის თამაშდება, ახლა კი, მეორე თასის მოგების შანსი ეძლევა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში არეულად დაიწყო და მელევე ლელო მიიღო, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ამაზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ რუმინელებმა ჯარიმითვე 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინეს. დასკვნით ხუთ წუთში საქართველოს ნაკრებმა კარგად შეუტია, კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა, მერე კარგ მოლს რუმინელთა დაჯარიმება და სინბინი მოყვა, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ მე-14 წუთზე სინბინით ირაკლი მაჩხანელიც დაისაჯა და ქართველმა მორაგბეებმა 10 წუთი კაცნაკლულებმა ითამაშეს.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის გამოყენება სცადეს, მაგრამ ჯარიმა მიიღეს და მასპინძლები 7 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა 47-ე წუთზე ქართველთა კარგ იერიშს მეტოქემ უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირა, კვირიკაშვილის პასის შემდეგ დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და ეროვნულ გუნდში 50-ე თამაში ლელოთი აღნიშნა. კვირიკაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა, 59-ე წუთზე კი, მანვე ჯარიმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
ამ ეპიზოდში ურსაჩემ გორგოძეს ფეხი დაუდო და სინბინით დაისაჯა, მაგრამ ქართველთა ლიდერი დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა, ისევე, როგორც მერაბ შარიქაძე. 62-ე წუთზე უბურთო ვიტო კოლელიშვილს მარიუს ტინკუმ თავზე დაქაჩა და მიწაზე განართხო, რაზეც პასუხად ორი ძლიერი დარტყმა მიიღო ყბაში და თავში და მოცელილი დაეცა. მანამდე რეფერი ჯარიმის დანიშვნას ქართველთა სასარგებლოდ აპირებდა, მაგრამ მერე ჯარიმა მეტოქეს უბოძა და კოლელიშვილს წითელი ბარათი უჩვენა, ანუ, მატჩის ბოლომდე გააძევა.
მალე რუმინელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ მათი დარტყმა არაზუსტი იყო, კვირიკაშვილმა კი, თავისი მორიგი შანსი 72-ე წუთზე გამოიყენა. ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. რუმინელები უტევდნენ, ქართველები ჩათვლის ხაზზე თავს ძალთა მაქსიმალური მობილიზებით იცავდნენ. ძირითადი დრო უკვე 5 წუთის ამოწურული იყო, როდესაც რუმინელებს ბურთი წინ დაუვარდათ და ინგლისელმა რეფერიმაც, რომელმაც შესაშურად ობიექტურად იმსაჯა, საფინალო ჩასტვინა - 19:13 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ!
პარალელურ მატჩში, რომელშიც პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობდა, პორტუგალიელებმა მეტოქე დაძაბულ ჯახში 23:17 დაამარცხეს, რაც საქართველოს ნაკრებს აძლევს ხელს. ერთა თასის კიდევ ერთ შეხვედრაში, რუსეთმა უკრაინა სოჭში 38:19 დაამარცხა. ახლა საქართველოს, რუმინეთს და ესპანეთს, 10-10 ქულა აქვთ, რუსეთი კი, მეოთხე ადგილს 9 ქულით იკავებს. 17 მარტს “ბორჯღალოსნები” თბილისში რუსეთს მასპინძლობენ, ხოლო ესპანეთი რუმინეთს დაუხვდება და ერთა თასის მფლობელის ბედიც, სავარაუდოდ, ამ დღეს გაირკვევა.
2012 წლის ევროპის ერთა თასი. IV რაუნდი
რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”. 4000
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მედელინ ლემნარუ, 13. ჩობა გალი, 12. კრისტიან დინიში, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიცა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკასი, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. ანდრეი ურსაჩე, 18. ალინ კოსტა, 19. ანდრეი გორჩიოაია; 20. ფლორინ სურუგუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. დორინ მანოლე.
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში
1 ლელო: კარპო
1 გარდასახვა: ვლაიკუ
2 ჯარიმა: კალაფეტეანუ
2 სინბინი: ლუკასი, ურსაჩე
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. თედო ზიბზიბაძე, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კაჭარავა
1 სინბინი: მაჩხანელი
1 გაძევება: კოლელიშვილი
რეფერი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)
ასისტენტები: ენდრიუ სმოლი, პოლ დიქსი (ორივე ინგლისი)
კომისარი: გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
1. ესპანეთი 3 2 0 1 83-47 10
2. საქართველო 3 2 0 1 69-45 10
3. რუმინეთი 3 2 0 1 53-26 10
4. რუსეთი 3 2 0 1 71-78 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 69-97 6
6. უკრაინა 2 0 0 2 25-79 0
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია