ამბები

1:58 | 11.03.2012 | ნანახია 7464 - ჯერ

საქართველო ერთა თასის თავზეა

საქართველოს ნაკრებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ ერთა თასის დონე მისი საკადრისი აღარაა და მეტი განვითარებისთვის უკეთესი ტესტ-მატჩები და ტურნირები ესაჭიროება. საქმე ჯერ მთლად ისე არაა, რომ მაღალი კლასის ევროპელ ბობოლად ჩავითვალოთ, როგორც რუმინელებმა მატჩის წინ გვიწოდეს, მაგრამ გუნდი სწორ გზაზე დგას და ის დღე შორს არ უნდა იყოს, როდესაც ექვსი ერის მაჩანჩალებს - იტალიასა და შოტლანდიას, ჩვენთან თამაში სასირცხვილოდ აღარ მოეჩვენებათ.

რუმინელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს თავისი საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ უფრო მაღალი გუნდური თუ ინდივიდუალური კლასის, თავდადებისა და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე, გამარჯვება მაინც “ბორჯღალოსნებს” დარჩათ. რაც მთავარია, მილტონ ჰეიგის მიერ დანერგილმა ახალმა ტაქტიკამ, უკვე ძლიერი რუმინეთის წინააღმდეგაც იმუშავა და მეტოქეს ძალისმიერ ჯაჯგურში კი არა, ლამაზ სტილში ბურთაობით ვაჯობეთ. რაღა თქმა უნდა, ამ მატჩშიც იყო შეცდომები და სწორედ ამ შეცდომების გამო, კონკრეტულად ამ მატჩის ბოლო წუთებზე სრულიად საქართველომ გვარიანად ინერვიულა, ჩვენი გუნდი კი, მთლად ევროპული გრანდი ჯერ კიდევ ვერაა.
ზელანდიელი მილტონ ჰეიგი ვახსენეთ და ტაქტიკური ცვლილების გარდა (რაც ჯამში ქართველმა მორაგბეებმა არცთუ ურიგოდ აითვისეს და დახვეწის შემთხვევაში უკვე მართლაც გავუტოლდებით იტალიას და შოტლანდიას), კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შეინიშნება. გუნდმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უკვე მესამედ ითამაშა და სამივე შემთხვევაში, მე-2 ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ კაცს სწორი ხედვა აქვს და შესვენებისას მორაგბეებს ზუსტად ისეთ მითითებებს აძლევს, რომელიც სიტუაციის შესაცვლელადაა საჭირო. 
მაშინვე თვალნათელი იყო და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთთან მარცხი შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი. მაშინაც კი, ქართველებმა მეტოქეს მე-2 ტაიმი მოუგეს, მაგრამ მანამდე და მე-2 ნახევრის დასაწყისში, ახალ სტილში პირველად მობურთალმა “ბორჯღალოსნებმა” იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ სიტუაციის შეცვლა ვეღარ მოხერხდა.
პორტუგალიას პირველ ტაიმშიც ვჯობდით, მაგრამ მე-2 ნახევარში სულ მთლად დავიბრიყვეთ და ეს შედეგზეც აისახა, რუმინეთთან კი, პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, ქართველებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე მიღწეულითაც უნდა დავკმაყოფილდეთ. 
შეცდომები ვახსენეთ და ეს შეცდომები, ძირითადად, მორაგბეთა ინდივიდუალურ ქმედებებზე მოდის. გიორგი შკინინმა, ამჯერად თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე, არცთუ დამაჯერებლად ითამაშა და ცხადი გახდა, რომ ძლიერ გუნდებთან თამაშისას, ეს პოზიცია ქართველთათვის კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება. რუმინელებმა მიზნის მისაღწევად მთელი თავისი არსენალი გამოიყენეს და უკანა ხაზი საფირმო აბრაგანებით დაგვიბომბეს, რამაც მათ ეპიზოდურად უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა, რადგან არა მარტო შკინინი, არამედ სხვა უკანახაზელებიც ვერ ახერხებდნენ ბურთის პირველივე ჯერზე დაუფლებას. ეს ის საკითხია, რომელიც ნაკრების თავკაცებს ჩვენზე არანაკლებ აღელვებთ და გამოსავალს ეძებენ, მანამდე კი, იძულებული ვიქნებით, ზელანდიელთა ექსპერიმენტებს შევეგუოთ და მოთმინებით დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც ბოლო მცველის შეცდომების შიში აღარ გვექნება.
გარდა აბრაგანებისა, რუმინელებმა მათთვის ღირსების (მსოფლიო თასზე მარცხის შემდეგ), ხოლო ერთა თასზე ფინალად მიჩნეული მატჩის მოსაგებად, სხვა ნაცადი ხერხებიც გამოიყენეს. ის, რომ მათ გულშემატკივრების მობილიზება მოახერხეს და სტადიონი პირთამდე შეივსო (4000 მაყურებელი), რაც არცთუ ხშირად ხდება, კარგი იყო, რადგან სტადიონზე საუკეთესო სათამაშო ატმოსფერო შეიქმნა, მაგრამ ნაცად პროვოკაციებს მაინც არ შეეშვნენ და როცა ძლიერ გაუჭირდათ, ჯერ გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე დაგვიმტვრიეს, შემდეგ გიორგი ჩხაიძეს ნერვები მაგრად უშალეს, ბოლოს კი, ვიტო კოლელიშვილი წამოაგეს პროვოკაციაზე. ამ უკანასკნელის წამიერი აფეთქების გარდა, “მუხის ფოთლებმა” ამით ვერაფერი მოიგეს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გუნდი იზრდება, თორემ ორიოდე წლის წინათ, ამის პასუხად ისეთ გუნდურ ჩხუბს მიიღებდნენ, თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდებოდა და მერე რეფერი წითელ-ყვითელ ბარათებს ააფრიალებდა.
ამ ჯერზე, რეფერიმ წითელი ბარათი მხოლოდ კოლელიშვილს აუფრიალა, რაც სრულიად დამსახურებული იყო, მაგრამ ვიტოს მუშტი რუმინელთა ზორბა კაპიტან მარიუს ტინკუს სრულიად დამსახურებულად მოხვდა. კოლელიშვილმა ჩვეულ სტილში რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ბურთი თანაგუნდელს დაუტოვა, მერე უბურთო ადგომას ლამობდა, როდესაც მას ტინკუ კეფაზე დააწვა და კვლავ მიწაზე დააბრუნა, პასუხად კი, თავ-ყბაში 3 ძლიერი დარტყმა მიიღო და ნოკდაუნში აღმოჩნდა. კაცმა არ იცის, ტინკუმ ქმედებას რა სიტყვები მიაყოლა და დარტყმაც დამსახურებულად მიიღო. კოლელიშვილმა სუფთა კაცურად მეტოქეს ღირსეული პასუხი გასცა, მაგრამ მალე თავადვე მიხვდა, რად შეიძლებოდა ეს გუნდს დასჯდომოდა და ეს მის თვალებში დასკვნით წუთებში იკითხებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ერთადერთი ისაა, რომ ახლა ვიტოს დისკვალიფიკაციას გამოუწერენ (იმედია, მოკლევადიანს) და რუსეთთან მატჩში დიდი ძალა დაგვაკლდება. 
რეფერი ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, საქართველოს ნაკრების თამაში ასე ობიექტურად, მით უმეტეს სტუმრად, ჯერ არავის განუსჯია. კოლელიშვილზე უკვე ვთქვით, ის გასაგდები ნამდვილად იყო და მანამდე, პირველ ტაიმში ირაკლი მაჩხანელიც იმსახურებდა სინბინს, მაგრამ ინგლისელი დოილი არც მასპინძლებს მოფერებია და როცა საჭირო იყო, არც ისინი დაინდო წითელ-ყვითელი ბარათებისგან. გარდა ამისა, მან სწორად შეაფასა სიტუაციები, არანაირი მასპინძლებისადმი სიმპატია არ გამოუმჟღავნებია და გამარჯვების სიხარულში თავისი ობიექტურობით წვლილიც დაიდო, თორემ მას რომ სხვაგვარად ემსაჯა, ახლა ჩვენ სულ სხვა ხასიათზე ვიქნებოდით. 
ისე, რუმინელები თავიანთ მარცხს სწორედ რეფერის აბრალებენ, აქაოდა და ბოლოში საჯარიმო ლელო გვეკუთვნოდაო, მაგრამ რეალურად ასე ნამდვილად არ იყო. ბოლო წუთები იყო მაგალითი თავდადებისა და იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისკენ მომართული ადამიანთა ჯგუფი. ბოლო 10 წუთი, ბიჭებმა ორჯერ იმაზე მეტი ოფლი დაღვარეს, რაც მანამდე დაანთხიეს სისხლი და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი გამარჯვებით სრულიად საქართველოსთვის უდიდესი სიხარული მიენიჭებინათ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საჯარიმო ლელო, ეს თავიდან ბოლომდე რუმინელთა ფანტაზიის ნაყოფი და სურვილია, თორემ ქართველებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, ობიექტური რეფერის ხელით ასეთი სასჯელი რომ მიეღოთ. რეფერი რომ ქართველთმოძულე ყოფილიყო, რაც არაერთხელ მომხდარა, მასაც კი გაუჭირდებოდა ამ ეპიზოდში ისეთი უნამუსობის გამოჩენა, რომ მეტოქისთვის გამარჯვება ებოძა, ინგლისელმა კი - “თუ ვაჟკაცები ხართ, ლელო დადეთო”, მაგრამ რუმინელებს უფრო დიდი ვაჟკაცები დახვდნენ და გამარჯვებაც ღირსეულმა ღირსეულად იზეიმა.
უშუალოდ სათამაშო სიტუაციებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის შერკინება ჩვენსაზე 4 კილოთი მეტი იყო, თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში, ამ კომპონენტში ქართველები ბატონობდნენ და მეტოქეს თავისი შეგდების დროსაც კი, უკან ახევინებდნენ. საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე მოიგო მეტოქის დერეფანი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც თავისი მოწოდებები წააგო. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დერეფანი მაინც ჩვენი იყო და საკუთარ მოწოდებებს ბიჭები უფრო იმიტომ აგებდნენ, რომ მწვრთნელის დავალების შესაბამისად, თამაშში ბურთის ძალიან სწრაფად შეყვანას ცდილობდნენ. ეს მეტოქის დასაბნევად კი კეთდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველმა მოთამაშეებმა ამ “ილეთს” ალღო ვერ აუღეს და ხშირ შემთხვევაში, თავადვე იბნეოდნენ.
საქართველოს ნაკრებს პირველ წუთებში გაშლილი რაგბის თამაში უჭირდა, მაგრამ მერე დალაგდა და ბურთს მეტოქეზე უკეთ აკონტროლებდა. მორკინალები არ იყვნენ დაკავებული ჩვეული საქმით და თვით მამუკა გორგოძეც კი, უფრო ბურთის გათამაშებით იყო დაკავებული ვიდრე ძველებური დაჯახებით და მეტოქის დაცვის ხაზის გაგლეჯვით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დავით ქუბრიაშვილის თამაში. იმ დღეს ის პირველი ხაზის ნამდვილი ლიდერი იყო, არც ნერვებმა უმტყუნა და 85 წუთი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
ბოლო წუთებზე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლაშა მალაღურაძემ, რომელიც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, შერკინებაში დადგა და თუ მანამდე მეტოქე უკან გვახევინებდა, მერე ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
ძალიან კარგად ითამაშეს შუამარბებმა, დავით კაჭარავამ და მერაბ შარიქაძემ. მართალია კაჭარავამ პირველ ტაიმში ლელოს გატანის კარგი შანსი დაკარგა, მაგრამ მე-2 ტაიმში შეცდომა გამოასწორა და მანამდეც, დაცვაში შეუცდომლად ითამაშა. რაც შეეხება შარიქაძეს, ამ პატარა ბიჭმა (ასაკით), ასეთი დონის მატჩში პირველად მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩანს, ეს რუმინელებმაც იცოდნენ, მაგრამ გმირულად აიტანა ყველა დარტყმა, ყველა იერიში და ერთი საათის თავზე მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ ცალი თვალი, დაზიანებისგან, თითქმის დახუჭული ჰქონდა. ყველას ჩამოთვლა გაგვიჭირდება და იმედია, რომელიმე მათგანს არ ეწყინება, მით უმეტეს, რომ რაგბი გუნდური თამაშია და მას ერთი ან რამდენიმე მორაგბე არ იგებს, ან აგებს - ყველა ერთად იგებს და ყველა ერთად აგებს.
თამაში, ბოლო პერიოდის ტრადიციისამებრ, საქართველოს ნაკრებმა არცთუ კარგად, არეულად დაიწყო. პირველსავე წუთებზე საქართველოს ნაკრები მეტოქის მხრებს ზევით ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ვალენტინ კალაფეტეანუმ მარჯვენა კიდით ხაზიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან ანგარიშის გახსნა სცადა, მაგრამ ბურთმა მიზნამდე არ მიაღწია. ამას, ზედიზედ ორჯერ, ბურთის წინ დავარდნა მოყვა - ჯერ კვირიკაშვილი შეცდა, მერე შარიქაძე. ამასობაში მე-7 წუთი დადგა, ალბათ, ნერვიულობის გამო, ახლა უკვე ირაკლი აბუსერიძე და გიორგი შკინინი შეცდნენ, პირველმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა, მეორემ - 22-ში ფეხითვე შეცურებული და სანამ დაცვის ხაზი დაეწყობოდა, დანიელ კარპომ ლელოთი ანგარიში გახსნა, ფლორიან ვლაიკუმ კი, რეალიზაცია გამოიყენა. 
პირველი 15 წუთი “ბორჯღალოსნებმა” არეულად ჩაატარეს და ბურთი შეტევაში წინ კიდევ ერთხელ დაუვარდათ, მერე კვირიკაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქეს ფეხითვე უკან დაუბრუნა, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, მას იულიან დუმიტრაში ნახტომში დაეუფლა, ირაკლი მაჩხანელმა კი, ჰაერში მყოფ მეტოქეს მხარი გაჰკრა და სინბინით დაისაჯა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, საქართველოს ნაკრებმა მე-18 წუთზე ანგარიშის შემცირება მაინც მოახერხა. ვასილ კაკოვინს მეტოქე თამაშგარიდან ეთამაშა და კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ, დაახლოებით 18 მეტრიდან, უშეცდომოდ დაარტყა. კაცნაკლულებმა ჯარიმები გავიტანეთ და ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.
თამაშის განახლებისთანავე, საქართველოს ნაკრებმა კარგი მოლი დააყენა და მეტოქე ცენტრამდე ათრია, მერე კი, რუმინელები დაჯარიმდნენ. ამ შეტევისგან არაფერი გამოვიდა, შკინინმა ფეხით გადაკიდებული კვლავ ვერ დაიჭირა, მაგრამ შერკინებამ სიტუაცია გამოსწორა და როცა უკვე ქართველთა აბრაგანს დუმიტრაში დაეუფლა, მას შარიქაძე და კაჭარავა ერთდროულად ეკვეთა, ამ უკანასკნელმა მეტოქეს ბურთი გამოგლიჯა და გაიქცა, მაგრამ სიჩქარის აკრეფა ვერ მოახერხა, ვერც მიმყოლები შენიშნა და ერთი შეხედვით სალელოვე შეტევა, უქულოდ დასრულდა.
ამ ეპიზოდში, საქართველოს ნაკრები უკვე დომინირებდა სტატიკაში, როგორც საკუთარ დერეფანსა და შერკინებაში, ასევე მეტოქისაში, თამაშიც ძირითადად ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მიმდინარეობდა, მაგრამ ბურთის კონტროლი ჭირდა და უპირატესობა ქულებში ამის გამო არ აისახა. 
34-ე წუთზე, კალაფეტეანუმ ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და ის კარგად გამოიყენა, მაგრამ ორიდე წუთში მეტოქე უკვე ნატრიაშვილის წინააღმდეგ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. ზედ შესვენების წინ, საქართველოს ნაკრებმა კარგი მოლით დაახლოებით 10 მეტრით წინ წაიწია და ჩათვლის მოედნამდე ხუთიოდე მეტრიღა რჩებოდა. ვიორელ ლუკასმა ქართველთა მიძალების შეჩერება ჯერ იმით სცადა, რომ ერთ-ერთ ჩვენიანს დაარტყა, ხოლო მერე, გამოტანილ ბურთზე თამაშგარედან ითამაშა და სინბინით დაისაჯა. “ბორჯღალოსნებმა” მეტობის გამოყენება სცადეს და შერკინება ირჩიეს, მაგრამ იერიში ვერ განავითარეს და ტაიმი 6:10 დათმეს. 
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით კი დაიწყო, მაგრამ კაცნაკლულმა რუმინელებმა კალაფეტეანუს ჯარიმით უპირატესობის 7 ქულამდე გაზრდა მოახერხეს. ოთხ წუთში ქართველმა მორაგბეებმა ლამაზი კომბინაციით უპასუხეს, კვირიკაშვილი ორ მცველს შუა გაიჭრა და მეტოქის ზურგს უკნიდან კაჭარავას, რომელიც ეროვნულ გუნდში 50-ე საიუბილეო თამაშს ატარებდა, კარგი გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა ხაზი გაჭრა, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა და მართალია, რუმინელი მას ფეხში სწვდა, მაგრამ ჩათვლის ხაზს იქით მაინც გადაცურდა. კვირიკაშვილმა რეალიზაცია უშეცდომოდ დაარტყა და 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. 
ქართველთა უპირატესობა ნელ-ნელა აშკარა გახდა და 57-ე წუთზე, როდესაც მეტოქემ მოლი არ დაგვაყენებინა, ბურთი დავკარგეთ, სახიფათო კონტრშეტევას ვიღებდით, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა მასპინძელთა დანაშაული დროულად შენიშნა. “ბორჯღალოსნებმა” შეუტიეს, მაგრამ გორგოძე აკრძალული ხერხით შეაჩერეს და დაჯარიმდნენ. ისე ჩანდა, თითქოს ქართველთა ლიდერს ფეხი ურსაჩემ დაუდო და სინბინიც მან დაიმსახურა, მაგრამ დამნაშავე ლუკასი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ეს მეორე ყვითელი ბარათი იყო და წითლით დაისაჯა. მამუკა დაშავდა და შესაცვლელი გახდა, კვირიკაშვილმა კი, ჯარიმა სამ ქულად აქცია.
სიტუაცია ასეთი იყო: მეტოქეს მატჩის ბოლომდე კაცნაკლულს უნდა ებურთავა და ქართველებმაც შეუტიეს. 62-ე წუთზე, კოლელიშვილის კარგი გარღვევის შემდეგ, რუმინელები ისევ დაჯარიმდნენ და პოზიციაც ისეთი იყო, “მეკო” უეჭველი გაიტანდა, მაგრამ ტინკუმ პროვოკაციას მიმართა და ნოკდაუნის ფასად, რეფერის ვიტოს გაძევება დასტყუა, რის შედეგადაც მოედანზე ორივე გუნდი 14 კაცის ამარა დარჩა. ამრიგად, გორგოძესთან ერთად, კარგად მობურთალი კოლელიშვილიც დავკარგეთ და თითქოს თამაში გათანაბრდა.
65-ე წუთზე, რუმინელებმა დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ვლაიკუმ ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.
ქართველი მორაგბეები ცოტა არ იყოს აირივნენ, საკუთარი 22-იდან ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანეს, ის პირდაპირ აუტში გადავიდა და კარის გასწვრივ 22 მეტრში მეტოქემ შერკინება ირჩია. “მუხის ფოთლებმა” მოკლე დარტყმებით იმ იმედით გვიტიეს, რომ უკეთეს პოზიციაში ჯარიმას მიიღებდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა თავი უშეცდომოდ დაიცვეს, მერე იქით შეუტიეს და 72-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმით ანგარიში 19:13 გახადა.
ამას მოჰყვა რუმინელთა მოძალება, რომელთაც ჯარიმა უკვე ხელს აღარ აძლევდათ და ლელოზე ითამაშეს, მაგრამ დაახლოებით 10 წუთი, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა და თავგანწირვა გამარჯვების მოპოვებით დაუფასდა.
ამრიგად, ჰეიგის ხელმძღვანელობით “ბორჯღალოსნებმა” პირველი თასი მოიპოვეს. მათ რუმინელებთან საზიარო - “ანთიმოზ ივერიელის თასი” შეინარჩუნეს და სანამ მას ჩაიბარებდნენ, ტრადიციული “მამაო ჩვენო” შეასრულეს. უფლისთვის მადლობის შეწირვის შემდეგ, ირაკლი აბუსერიძემ თასი ჩაიბარა და საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის “ტრიუმფალურ თაღზე” იზეიმა, მაგრამ მეორე თასისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ერთ კვირაში ქართველ ვაჟკაცებს კიდევ ერთი დიდი ბრძოლას გადატანა მოუწევთ, ამჯერად - თბილისში.
IV ტურში, პორტუგალიამ ესპანეთს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ჯახში 23:17 დაამარცხეს. ესპანელებმა ერთი პრემიალური ქულა აიღეს და რადგან ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ნაკრებს 25:18 აჯობეს, ჯერ პირველ ადგილზე არიან. ასევე 10-ქულიანი საქართველო, 10-ქულიან რუმინეთს პირად ჯახში მოგების გამო უსწრებს.
ერთა თასის კიდევ ერთ შეხვედრაში, რუსეთმა უკრაინა სოჭში 38:19 დაამარცხა. 
17 მარტს, “ბორჯღალოსნები” თბილისში რუსეთს მასპინძლობენ, ხოლო ესპანეთი რუმინეთს დაუხვდება და ერთა თასის მფლობელის ბედიც, სავარაუდოდ, ამ დღეს გაირკვევა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე პრემიალური ქულით თუ დაამარცხა, მერე იგივეს გაკეთება არც უკრაინასთან გაუჭირდება და დარჩენილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმს აიღებს. 17 მარტსვე, უკეთესი იქნება, თუ რუმინელები ესპანელებს დაამარცხებენ და თანაც პრემიალურ ქულას ვერ აიღებენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენთვის რუსეთის ნებისმიერი სხვაობით ძლევა საკმარისი იქნება. ვარიანტები ბევრია და ახლა მათ ჩამოთვლას, სჯობს, ყველამ ერთად შევძახოთ - საქართველოს გაუ-მარ-ჯოს!
 
p.s. საქართველო – რუმინეთის შეხვედრას ჟურნალისტებმა ლუდის ბარებში: “ანგარსა” და სკარლეტ სეილსში” უყურეს. მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორმა, კომპანია “ნატახტარმა” გაუწია.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას სტუმრებისთვის სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ჩატარდა კონკურსი ლუდის სმაში, რომლის გამარჯვებულსაც “ნატახტარისგან” დაწესებული პრიზი გადაეცა. ყველაზე აქტიურმა ქომაგებმა კი კომპანიისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები მიიღეს.
 
2012 წლის ევროპის ერთა თასი. IV რაუნდი
რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”. 4000
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში (22. დორინ მანოლე 45), 14. მედელინ ლემნარუ, 13. ჩობა გალი, 12. კრისტიან დინიში (21. კონსტანტინ გეარა 74), 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ (20. ფლორინ სურუგუ 60); 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიცა იონი (17. ანდრეი ურსაჩე 55), 4. ვალენტინ ურსაჩე (18. ალინ კოსტა 60), 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკასი, 8. დანიელ კარპო (19. ანდრეი გორჩიოაია 60).
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი.
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში
1 ლელო: კარპო
1 გარდასახვა: ვლაიკუ
2 ჯარიმა: კალაფეტეანუ
სინბინი: ლუკასი (2)
გაძევება: ლუკასი
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (21. თედო ზიბზიბაძე 60), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (22. ლაშა მალაღურაძე 78), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. გიორგი ბეგაძე 74); 1. ვასილ კაკოვინი (17. მიხეილ ნარიაშვილი 77), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. რეზო ბელქანია 55), 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე (18. დიმიტრი ბასილაია 55), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (19. გივი ბერიშვილი 60).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი
სინბინი: მაჩხანელი
გაძევება: კოლელიშვილი
რეფერი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)
ასისტენტები: ენდრიუ სმოლი, პოლ დიქსი (ორივე ინგლისი)
კომისარი: გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)
 
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
 
1. ესპანეთი        3 2 0 1 83-47 10
2. საქართველო  3 2 0 1 69-45 10
3. რუმინეთი      3 2 0 1 53-26 10
4. რუსეთი          3 2 0 1 71-76 9
5. პორტუგალია  4 1 0 3 69-97 6
6. უკრაინა          2 0 0 2 25-79 0
 
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა 
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
 
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
 
1. საქართველო   8 7 0 1 237:80 32
2. რუმინეთი       8 5 0 2 219:95 26
3. რუსეთი          8 4 0 4 171:174 20
4. ესპანეთი        8 4 0 4 175:222 20
5.  პორტუგალია 9 4 0 5 182:195 20
6. უკრაინა          7 0 0 7 86:304 0
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135765