ამბები

21:53 | 11.03.2012 | ნანახია 5473 - ჯერ

“მალე შევძლებთ დიდი რაგბის თამაშს”, - ამბობენ თბილისში დაბრუნებული “ბორჯღალოსნები”

რუმინეთის ნაკრებთან ბუქარესტში “ომგადახდილი” საქართველოს ეროვნლი ნაკრები, 17:30 საათზე, სტამბოლი-თბილისის რეისით, სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს რაგბის კავშირის, ოჯახის წევრებისა და ჟურნალისტების გარდა, მათ აეროპორტში “ქართული რაგბის ქომაგთა” 30-მდე წევრი დახვდა, არადა, ვფიქრობ, ქართველთა გამხარებელი ვაჟკაცები, ასეთი მნიშვნელოვანი ჯახის მოგების შემდეგ, გაცილებით მასშტაბურ დახვედრას იმსახურებდნენ.

პირველი გიორგი შკინინი გამოჩნდა, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად სავარძლით გამოიყვანეს... როგორც გაირკვა, “გოშას” ერთ-ერთ ეპიზოდში კოჭი გადაუბრუნდა და აეროპორტის ტერიტორია ყავარჯნებით დატოვა. “არმიას” უკანახაზელს მტკივან ფეხზე სურათს გადაუღებენ, ტრავმის სირთულეც ამის შემდეგ გაირკვევა და დადგინდება, შეძლებს თუ არა ის რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს. ბარემ ვთქვათ, რომ ტრავმები მიიღეს მამუკა გორგოძემ და შალვა სუთიაშვილმა. მწვრთნელების თქმით, საშიში არაფერია და წესით, რუსეთის წინააღმდეგ ორივე მათგანმა უნდა ითამაშოს. გორგოძე ნეკნს იტკიებდა, მაგრამ დღეს ტკივილები შეუმსუბუქდა, თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, მას დამატებითი გამოკვლევა დასჭირდება.
პირველი კომენტარი ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ილია მაისურაძეს ჩამოვართვით: “ერთა თასის 2 საუკეთესო გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს. ჩვენსა და რუმინეთის შორის, მუდამ დაძაბული თამაშებია. პირველ ნახევარში ბიჭები ვერ გაიხსნენ, მე-2 ტაიმში დაძაბულობა მოიხსნა და თუ მანამდე რუმინეთმა ჩვენი შეცდომების ხარჯზე მოახერხა ქულების აღება, ამჯერად უკვე ჩვენ ვაიძულეთ მეტოქე შეცდომები დაეშვა. ტრავმირებული მორაგბეები გვყავს, მაგრამ საშიში არაფერია. ამ კვირაში დავაკვირდებით გორგოძეს, სუთიაშვილს, კვირიკაშვილს, შკინინს და მწვრთნელები გადაწყვეტენ, შეძლებენ თუ არა ისინი რუსეთის წინააღმდეგ თამაშს”. 
ვიტო კოლელიშვილს, რომელსაც რუმინელთა კაპიტანმა - მარიუს ტინკუმ თმაზე დაქაჩა და პასუხად ქართული მუშტი სამჯერ იგემა, რის შედეგადაც ნოკდაუნში აღმოჩნდა, სადისციპლინო კომისიამ ათდღიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ 17 მარტს ვერ ითამაშებს. ის მოედნიდან წითელი ბარათის გამო გააძევეს, თუმცა, ნამატჩევს ტინკუსგან ბოდიში მიიღო და ინციდენტი სუფთა სარაგბო წესჩვეულებისამებრ დასრულდა. 
“ტინკუ არასპორტულად მეთამაშა, მეც ვეღარ მოვითმინე და არასპორტული პასუხი გავეცი. თამაშის შემდეგ, მეტოქემ ბოდიში მომიხადა და თქვა, რომ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. მეტი მოთმინება მომეთხოვებოდა, უნდა მეფიქრა, რომ მალე რუსეთთან მატჩი გვიწევს, მაგრამ იმ მომენტში ეს ვერ ვიფიქრე. სამწუხაროა, რომ რუსეთთან მატჩს გამოვტოვებ”, - განაცხადა ვიტო კოლელიშვილმა.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდა ირაკლი ნატრიაშვილი, რომელიც ნაცნობ რუმინელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო: “ამაღლებული გრძნობა იყო ნაკრების მაისურით თამაში. ერთი მატჩი ცოტა არ არის, მით უმეტეს, ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, როგორიც რუმინეთის ნაკრებია. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება გუნდს გამოადგა. ტრადიციულად, რუმინეთთან იოლი გასეირნება არასდროს გვაქვს, არც თბილისში და მით უმეტეს - რუმინეთში. ამჯერადაც საფინალო სასტვენამდე მატჩის გამარჯვებული უცნობი იყო. პირადად მე, მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, პირველად ვივარჯიშე და ვითამაშე, შედეგად რამდენიმე შეცდომა დავუშვი. დარწმუნებული ვარ, რუსეთთან მატჩამდე უფრო დავლაგდები, ავითვისებ სიახლეებს და კარგ რაგბს ვითამაშებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
დავით კაჭარავა: “ძალიან რთული თამაში იყო, მით უმეტეს, რომ პირველი ტაიმი დავთმეთ და ამის ფონზე, უფრო გასახარი იყო ეს მოგება. ბოლო წუთებში მძიმე ბრძოლა გადაგვხდა, ბიჭებმა ბოლომდე თავდადებით ითამაშეს და გამარჯვებასაც ამის ხარჯზე მივაღწიეთ”. 
მერაბ კვირიკაშვილი: “ჩვენი მიზანი იყო, “ანთიმოზ ივერიელის თასის” უკან, საქართველოში წამოღება. ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, ეს მოვახერხეთ. საქართველოს ნაკრები იზრდება, ძლიერდება, ნელ-ნელა ელიტას უახლოვდება და ვფიქრობ, მალე შევძლებთ დიდი რაგბის თამაშს”.
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104715