სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს ამარცხებდა, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონ თოპ 14-ის ქართველ ლეგიონერთა კლუბები რეგულარული პირველობის XX ტურში იბრძოდნენ.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ქართველთა ექვსი გუნდი კვლავ იბრძვის საჩემპიონი პლეი ოფში გასასვლელად, ხოლო ორი გუნდის ამოცანა ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. XX ტურის ცენტრალური მატჩი ტულუზაში გაიმართა, სადაც 18741 მაყურებლის წინაშე, გათამაშების ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძის და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გიორგაძემ “კასტრში” ჩაამთავრა, წელს კი, ის “ტულუზამ” სამედიცინო ჯოკერის სტატუსით აიყვანა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებდა კიდეც, მაგრამ ფრანგულ გრანდში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში, მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
სამაგიეროდ, ტულუზელთა ძირითად შემადგენლობაში (აქამდე სულ შეცვლებზე შედიოდა) პირველად გამოჩნდა მათი მეორე ქართველი “ჯოკერი”, ჯაბა ბრეგვაძე და ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სრულადაც ითამაშა, რას მისი პოზიციის მორაგბისთვის დიდი გმირობაა. ჯაბა აქტიური იყო, როგორც რაქებში, ასევე გაშლილ თამაშში, კარგად იდგა შერკინებაში და დერეფანში ბურთს ზუსტად იმ წერტილში აგდებდა, სადაც მოეთხოვებოდა. მოკლედ, მან კარგი თამაში ჩაატარა და მწვრთნელი ნამდვილად არ იდარდებს, თავის დროზე არჩევანი ბრეგვაძეზე რომ შეაჩერა. ამასთან, ასეთი გარჯა ქართველ ჰუკერს იმის საშუალებას მისცემს, რომ “ტულუზა” მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაფიქრდეს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.
სტუმართა განაცხადში იყო და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად, ბრძოლაში 32-ე წუთიდან ჩაერთო ფეიქრიშვილი. ისიც ბევრს აქტიურობდა და “კასტრი” მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ უფრო გამოცდილმა “ტულუზამ” ჩარხის სათავისოდ შემობრუნება მოახერხა. თავიდან მასპინძლები უამრავ შეცდომას უშვებდნენ და ამ თვალსასეირო, დარამატულ მატჩში მე-16 წუთზე უკვე 0:14 აგებდა. ჯერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, ის კვლავ სტუმართა ნადავლი გახდა და ლელო გავიდა, ხოლო მერე მეტოქემ ბურთი ჩაჭრა და მასპინძელთა ჩათვლის მოედნამდე 60 მეტრი ირბინა.
მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 23-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენის შემცირების შანსი დაკარგეს, მაგრამ ორ წუთში დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. შემდეგ ჯერზე დარტყმული ძელმა აისხლიტა, მაგრამ “კასტრმა” იერიშების მოგერიება რომ ვეღარ მოახერხა, 39-ე წუთზე განზრახ ჯარიმისთვის სინბინით დაისაჯა. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როცა “ტულიზამ” პირველი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, რეალიზაციაც გამოიყენა და ტაიმი 10:14 დასრულდა.
მასპინძლები მეორე ტაიმის დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ მალევე ლელო-გარდასახვა თავად მიიღეს, მერე “კასტრმა” ორი ჯარიმაც გაიტანა და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 27:17 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ “ტულუზამ” დასკვნითი 10 წუთი უზლიერესად ჩაატარა, ჯერ ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, მერე ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სულ ბოლოს თავისი მეოთხე ლელოც შეიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 37:27 იმარჯვა. ახლა “ტულუზას” 73 ქულა აქვს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება, ხოლო ერთი პრემიალური ქულის ამღები “კასტრი”, ჯამში 51 ქულით მე-5 ადგილამდე დაეშვა.
კიდევ ერთ ქართულ დერბიში, ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და 20:29 დამარცხდა. ზირაქაშვილი ტრავმას იშუშებს და განაცხადში არ იყო, ხოლო შეყლაშვილი ბრძოლაში 57-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა, საკუთარ გუნდს ვერ უშველა. პირველ ტაიმში სტუმრებმა ოთხი ჯარიმა გაიტანეს, თავად კი, ორი ჯარიმა და ერთი ლელო მიიღეს და შესვენებაზე გასვლისას 12:11-ს იგებდნენ. დაიწყო მეორე ტაიმი და გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 49-ე წუთზე “კლერმონმა” ლელო-გარდასახვით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.
თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, “აჟენმა” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მალევე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა ერთხელაც შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, 20:29 დამარცხდნენ და პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. “კლერმონს” ამ მოგების შემდეგ 69 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილს იკავებს, ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარსმთელი 11 ქულით უსწრებს. “აჟენს” 44 ქულა შერჩა, მე-8 ადგილზეა და მე-6 საფეხურს ხუთი ქულით დაშორდა.
მესამე ადგილზე დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელიც “პერპინიანს” 22:22 დაუზავდა, 58 ქულით მესამეა. ქუბრიაშვილი ბუქარესტში ნაკრებისთვის ირჯებოდა, ჩილაჩავა განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელმა მოედანზე არ შეუშვა, ხოლო მიქაუტაძე 23 კაციან სიაშიც ვერ მოხვდა. “ტულონმა” პირველი ტაიმი 16:6 მოიგო, მაგრამ 67-ე წუთზე ანგარიში უკვე 19:19 იყო. მიუხედავად ამისა, სტუმრებს მოგება მაინც შეეძლოთ, როდესაც 77-ე წუთზე გიტომ ჯარიმა სამ ქულად აქცია, თუმცა, ორიდე წუთში ჯარიმა მასპინძლებმაც გაიტანეს და ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილის და გოდერძი შველიძის “მონპელიემ”, “ბაიონს” უმასპინძლა და 37:26 დაამარცხა. გორგოძე და ნარიაშვილი “ბორჯღალოსანთა” ღირსებას იცავდნენ, შველიძე განაცხადში არ იყო, ხოლო ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა. “მონპელიე” ლელო-გარდასახვით დებიუტშივე დაწინაურდა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 30-ედან 34-ე წუთამდე, “ბაიონმა” ორი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა მასპინძლებმაც მიითვალეს და ტაიმი 19:9 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 57-ე წუთზე “მონპელიემ” მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. სტუმრებმა საპასუხო ლელო-გარდასახვა მალევე გაიტანეს, რაზეც “მონპელიემ” ჯარიმით უპასუხა, მაგრამ 65-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაუშვა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და სხვაობა სახიფათო ზღვრამდე დავიდა - 32:26. ამან მასპინძლები გამოაცოცხლა, თამაშის დასრულებამდე მათ კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 11 ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს. “მონპელიეს” 52 ქულა აქვს და მე-4 ადგილამდე აღზევდა.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი”, სტუმრად “ბიარიცთან” 11:26 დამარცხდა. კაკოვინი და ნატრიაშვილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ, ხოლო კლუბის ღირსებას ხინჩაგიშვილი იცავდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ, 63-ე წუთზე რეფერიმ რატომღაც მას ყვითელი ბარათი აჩვენა და ათი წუთი სინბინში გაატარა. მიუხედავად მარცხისა, 37 ქულიანი “ბრივი” მე-10 ადგილზე რჩება, ოღონდ, მდევრები წამოეწივნენ. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მხოლოდ 9:6 მოიგეს, მაგრამ მერე მასპინძლებმა აიწყვიტეს და 64-ე წუთზე უკვე 20 ქულით დაინაურდნენ - 26:6. “ბრივმა” სამიოდე წუთში ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ მარცხს და უქულოდ დარჩენას, თავი ვერ დააღწია.
26 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა და გავარდნის უპირველესი კანდიდატია გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონი”, რომელსაც “სტად ფრანსემ” პარიზში 40:19 აჯობა. ტაიმის 6:23 დათმობის შემდეგ, სტუმრებმა მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში 13 უპასუხო ქულა აიღეს და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს (19:23), მაგრამ მალე ჯარიმა გაუშვეს, დასკვნით წუთებში კი, ორი ლელო და ორიც გარდასახვა მიიღეს და დიდი სხვაობით დამარცხდნენ. რატიანიძე თამაშში 58-ე, ხოლო კავთიძე 64-ე წუთიდან ჩაერთო. თოპ 14-ის მორიგი ტური 23-24 მარტსაა დანიშნული. ამ დროს სანაკრებო შეხვედრები მოლეული იქნება და ქართველი ლეგიონერებიც კლუბებს დაუბრუნდებიან.
სატურნირო მდგომარეობა XIX ტურის შემდეგ: 1. ტულუზა - 73, 2. კლერმონი - 69, 3. ტულონი - 58, 4. მონპელიე - 52, 5. კასტრი - 51, 6. რასინგ მეტრო - 49, 7. სტად ფრანსე - 47, 8. აჟენი - 44, 9. ბორდო - 37, 10. ბრივი - 37, 11. პერპინიანი - 34, 12. ბიარიცი - 34, 13. ბაიონი - 30, 14. ლიონი - 26.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია