ამბები

15:16 | 12.03.2012 | ნანახია 2579 - ჯერ

უელსი თითქმის ჩემპიონია

წლევანდელი ექვსი ერის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტიტულის მოგება თითქმის გაინაღდა. დაუმარცხებელი “დრაკონები” ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ფრანგებთან დიდი სხვაობით არ უნდა დამარცხდნენ, ხოლო პარალელურ მატჩში ინგლისმა ირლანდიას ასევე დიდი სხვაობით არ უნდა აჯობოს.

გატანილ-გაშვებულ ქულებში უელსელებს ახლა +44 აქვთ, ხოლო ინგლისელებს +6. შედეგად, თუკი მოხდა და ფრანგებმა კარდიფში იმარჯვეს, ხოლო ინგლისმა ირლანდიას სძლია, ამ ორი მატჩის ქულათა სხვაობა 19-ზე მეტი უნდა იყოს, რათა “დრაკონებმა” თასის აღმართვა ვერ მოახერხონ. უფრო რეალურია, რომ უელსმა საფრანგეთს აჯობოს და ტიტული 2008 წლის შემდეგ პირველად, თანაც მაშინდელივით “გრანდ სლემით” მოიპოვოს.
დიახ, უელსის ნაკრებს რიგით მე-11 “გრანდ სლემამდე” სულ რაღაც 80 წუთი რჩება. აქამდე უელსელები ჯამში 24-ჯერ ფლობდნენ ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტულს, 2000 წლიდან კი (რაც ის ექვს ერად გადაკეთდა), გამარჯვება ორჯერ იზეიმეს. IV რაუნდში “დრაკონებმა” იტალიას უმასპინძლეს და მომხვდური 24:3 დაამარცხეს. მიუხედავად 21-ქულიანი სხვაობისა, მასპინძლებს იოლი გასეირნება სულაც არ ჰქონიათ. თითქმის 50 წუთი, სტუმრებმა საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელშეუხებლად შეინახეს, აი, მერე კი, რობერტსმა “აძურის” დაცვის ხაზში ხვრელი გამონახა.
პირველ ტაიმში მასპინძლები იძულებულები გახდნენ, მხოლოდ ლი ჰალფპენის სამი ჯარიმით დაკმაყოფილებულიყვნენ, რაზეც მირკო ბერგამასკომ ერთით უპასუხა და ტაიმი 9:3 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში იტალია ბურთს აკონტროლებდა და ჩარხის შემობრუნებას ცდილობდა, მაგრამ 49-ე წუთზე შეტევაში დაკარგა ბურთი, უელსელებმა საკუთარ ნახევარზე ხაზი სწრაფად და კარგად გაშალეს, ჯეიმი რობერტსი ლუკ მაკკლინს ცრუმოძრაობით დაუსხლტა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 60 მეტრი ირბუნა, ჰალფპენის კი, ძელებსშუა გატანილი ლელოს შემდეგ, რეალიზაციის გამოყენება არ გაუჭირდა.
საათის თავზე ჰალფპენი გადაკიდებული ბურთის ასაღებად ამხტარ სერხიო პარისეს ჰაერში ეთამაშა და სინბინით დაისაჯა, მაგრამ სტუმრებმა რიცხობრივი მეტობით ვერ ისარგებლეს და პირიქით, ამ პერიოდში ჯარიმა მიიღეს, ხოლო საფინალო სასტვენამდე სამიოდე წუთით ადრე, მასპინძლებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღეს. ცენტრალური ხაზის სიახლოვეს სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, ალექს კატბერტმა ხაზი გაჭრა და დაახლოებით 45 მეტრი თითქმის დაუბრკოლებლად ირბინა. მანამდე მასპინძლებმა ერთი ლელოც გაიტანეს, მაგრამ რეფერიმ მანამდე ბლოკი დააფიქსირა და ის სამართლიანად გააუქმა.
ირლანდიამ, რომელიც მიმდინარე ექვს ერზე უელსთან მცირედით დამარცხდა (21:23), ხოლო საფრანგეთს პარიზში ფრედ ეთამაშა (17:17), თავისი შესაძლებლობები შოტლანდიასთან გამოავლინა, მეტოქეს ერთის საპასუხოდ ოთხი ლელო გაუტანა და ინგლისში საკუთარ ძალებში დარწმუნებული მიდის. მასპინძლებმა მეტოქე 32:14 დაამარცხეს, თუმცა, წელს მათ ტურნირის მოგების თეორიული შანსიც აღარ შერჩათ, ხოლო შოტლანდიას ისღა დარჩენია, დასკვნით ტურში იტალიასთან რომში “ხის კოვზის” (ყველა თამაშის წაგება) თავიდან ასაცილებლად იბრძოლოს.
შოტლანდია კრეიგ ლეიდლოუს ორი ჯარიმით მე-9 წუთზე 6:0 დაწინაურდა, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა ირლანდიელებმა მე-12 წუთზე ნაღდ 3 ქულას ჯარიმის აუტში გადატანა არჩიეს და არც შემცდარან. 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ, მათგან ყველა მოლის დაყენებას ელოდა, მაგრამ მოულოდნელად, დონჩა ოკალაჰენმა პიტერ ომაჰონის უპასა, მან კიდით ხაზსთან გუნდის კაპიტანი რორი ბესტი მოძებნა, რომელმაც მცველი გადაჯეგა და ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო ჯონათან სექსტონმა რთული რეალიზაციის გამოყენებით მასპინძლები დააწინაურა.
მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ამასობაში 33-ე წუთიც დადგა, ირლანდიამ კვლავ მარცხენა ფლანგიდან შეუტია, რედანს რაქიდან ბურთის გამოტანისას მეტოქემ დაუფარა, მაგრამ სქოთებს არ გაუმართლათ, ის იქვე დავარდა, მასპინძელთა 9 ნომერიც არ დაიბნა, ბურთი კვლავ აიტაცა და შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში შეხტა. ხოლო სექსტონის რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა. შოტლანდიამ 37-ე წუთზე უპასუხა. რიჩი გრეიმ სამი მცველი (რედანი, ტომი ბოუ და რობ კერნი) ბავშვებივით ჩამოიშორა, ხაზი გაჭრა და ლელომდე 38 მეტრი ირბინა. ამჯერად რეალიზაცია არაზუსტი იყო და მასპინძლებმა 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე თავისი მესამე ლელო უკვე მარჯვენა ალამთან გაიტანეს - ენდრიუ ტრიმბლი მცველს კარგად დაუსხლტა და რადგან რეალიზაცია არაზუსტი იყო, ტაიმი 22:14 დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ირლანდიელებმა ლელო გაიტანეს, მაგრამ რეფერიმ ის სამართლიანად არ ჩათვალა. სქოთების 22-ში, მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა, მათ ფეხით მარჯვენა ფლანგზე ჩაკიდეს, სადაც ბურთს ბოუ დაეუფლა, მაგრამ მას გრემ მორისონი შეახტა, ირლანდიელი მიწას ბეჭებით გააკრა და ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. “სამყურები” ისეთი ლელოს გატანას აპირებდნენ, როგორიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შარშან რუმინეთს გაუტანა. სქოთები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მათი გარჯა გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. 61-ე წუთზე მათ გარემარბ ლი ჯონსს სახეში ტრიმბლი თავით შეეჯახა და შოტლანდიელი მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს, ხოლო 72-ე წუთზე რობ კერნიმ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო, საკუთარი 22-ის ხაზიდან მეტოქისამდე ირბინა, შოტლანდიელთა ხაზი გაჭრა და მარჯვნივ გორდონ დარსის დროული გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა ბურთი ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაცურა და მიყვა, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ უბურთო დარსი მაქს ევანსმა შეაჩერა და საკუთარი გუნდი ლელოსგან იხსნა, მაგრამ სინბინით დაისაჯა. ირლანდიამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, 77-ე წუთზე, იერიში ძელებსშუა გატანილი ლელოთი შეცვლაზე შესულმა ფერგიუს მაკფადენმა დააგვირგვინა. სექსტონმა მანამდე, 71-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, ამჯერად ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა და ირლანდიამ 32:14 იმარჯვა. 
ინგლისის ნაკრებმა დასკვნით 10 წუთში ფრანგების შტურმს გაუძლო, წლევანდელ ექვს ერზე სტუმრად მესამე გამარჯვება მოიპოვა და მართალია მცირე, მაგრამ თასის მოპოვების თეორიული შანსი შეინარჩუნა. ამჯერად ინგლისელებმა მასპინძლები 24:22 დაამარცხეს და რაც მნიშვნელოვანია, ერთის საპასუხოდ სამი ლელო გაიტანეს. საფრანგეთის ნაკრებს მაინც ბოლო წუთზე გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ტრენ-დუკის მიერ 38 მეტრიდან შესრულებულ არეკნს ძალა დააკლდა, ბურთმა ხარიხის ქვეშ გაიარა და ფრანგებს სათასო ოცნება ოცნებად დარჩათ.
ფრანგებს აქამდე “სტად დე ფრანსზე” 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ უფრო სწრაფ ინგლისთან მისი შეწყვეტა მოუხდათ. მე-12 წუთზე მასპინძლებმა ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს და მანუ ტუილაგიმ 45-მეტრიანი რეიდი ლელოთი დააგვირგვინა. ლიონელ ბუქსის მე-16 წუთზე გატანილ ჯარიმას, სტუმრებმა ერთ წუთში მეორე ლელოთი უპასუხეს - ბენ მორგანმა ხაზი გაჭრა, 30-ოდე მეტრით წინ წაიწია და ჩათვლის მოედანში ბურთი ბენ ფოდენს შეაყოლა, ხოლო ოუენ ფარელიმ ეს რეალიზაციაც გამოიყენა. შესვენებამდე ჟულიენ დიუპიუმ და ბუქსიმ ორი ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 9:14 დასრულდა. 
მეორე ტაიმის დასაწყისში, ფარელის გატანილ ჯარიმას მორგან პარამ და ბუქსიმ ორით უპასუხეს და ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანეს (15:17), მაგრამ მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი ტომ კროფტმა გადაასხა, რომელმაც 71-ე წუთზე მასპინძლებს ხაზი კარაქივით გაუჭრა და სტუმართა მესამე ლელო გაიტანა, ხოლო ფარელიმ რეალიზაცია გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, 5-მეტრა შერკინებიდან გამოტანილი ბურთი უელსი ფოფანამ ზედ ალამთან დაამიწა, პარამ რეალიზაცია გამოიყენა მასპინძლებს გამარჯვების იმედი დაუბრუნდათ, მაგრამ ბოლო წუთზე, შეცვლაზე ორიოდე წუთის შესულ ტრინ-დუკის არეკნს ძალა დააკლდა...
დასკვნით ტურში, 17 მარტს, იტალია შოტლანდიას მასპინძლობს, მერე უელსი საფრანგეთს მიიღებს და თუ მოიგო, ბოლო შეხვედრის შედეგი, რომელშიც ინგლისი ირლანდიას დაუხვდება, აზრს დაკარგავს. უელსმა თუ მარცხი განიცადა, ინგლისელებს მისი შედეგი ეცოდინებათ და მასპინძელთა საჭირო სხვაობით დამარცხებას მაქსიმალურად ეცდება.
 
2012 წლის “ექვსი ერი”. IV რაუნდი
10 მარტი
უელსი - იტალია 24:3 (9:3)
ირლანდია - შოტლანდია 32:14 (22:14)
საფრანგეთი - ინგლისი 22:24 (9:14)
 
1. უელსი         4 4 0 0 93-49 8
2. ინგლისი       4 3 0 1 68-62 6
3. ირლანდია    4 2 1 1 112-64 5
4. საფრანგეთი 4 2 1 1 92-70 5
5. შოტლანდია 4 0 0 4 50-95 0
6. იტალია        4 0 0 4 40-115 0
 
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია 
უელსი - საფრანგეთი 
ინგლისი - ირლანდია 
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.12004