ამბები

18:20 | 12.03.2012 | ნანახია 5617 - ჯერ

ინგლისმა საფრანგეთი ჩაანაცვლა, საქართველო იაპონიას მიუახლოვდა

გასულ შაბათ-კვირას ევროპის სტადიონებზე გამართულმა სანაკრებო შეხვედრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა.
ექვს ერზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პარიზში 24:22 დამარცხა, 1,59 სარეიტინგო ქულა მიიღო და დამარცხებულ მეტოქეს ადგილი გაუცვალა. ახლა “ვარდებს” ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ და სამი სამხრეთელი ბობოლის შემდეგ მეოთხე ადგილზე აღზევდნენ, რომელიც 2011 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში სწორედ ფრანგებთან მარცხის შემდეგ დაკარგეს. ამ ჯერზე ორით, ხოლო ბოლო ორი კვირის განმავლობაში - სამი ადგილით დაქვეითდა საფრანგეთი (ირლანდიასთან 17:17 ნათამაშები ფრე ორი კვირის წინ და მარცხი ინგლისთან) და მე-6 პოზიციამდე დაეშვა. უელსმა იტალიას 24:3 კი აჯობა, მაგრამ რეიტინგს ვერაფერი შემატა, მე-5 ადგილი შეინარჩუნა და საფრანგეთს მხოლოდ 0,01 ქულით უსწრებს.
32:14 იმარჯვა შოტლანდიასთან ირლანდიამ, მაგრამ ორივე გუნდი თავის პოზიციაზე რჩება. გამარჯვებულებმა მასპინძლებმა 0,25 ქულა მიიღეს, ამდენივე დაკარგეს სტუმრებმა. ბუქარესტში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, კვლავ მე-15 ადგილზე რჩება საქართველოს ნაკრები. “ბორჯღალოსნებმა” 0,94 სარეიტინგო ქულა მიიღო, მაგრამ ეს იაპონიის უკან მოსატოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩამორჩენა მხოლოდ 0,19 ქულამდე დავიდა. სამაგიეროდ, აშშ-ის ქვევით დაეშვა რუმინეთის ნაკრები. ერთ კვირაში ქართველები რუსებს უმასპინძლებენ, მაგრამ მომავალ მეტოქეს იმდენად უსწრებენ, რა დიდი სხვაობითაც მოიგონ, რეიტინგს ვერაფერს შემატებენ, ფრის და მარცხის შემთხვევების განხილვას კი, აზრი არა აქვს.
რუსებმა უკრაინელთა ძლევით ვერაფერი მიიღეს, ხოლო ესპანეთს ლისაბონში პორტუგალიასთან 17:23 მარცხი 1,18 ქულად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინარჩუნებს მე-19 ადგილს. 24-ეზე რჩება პორტუგალიაც, ოღონდ, ჩილეს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ამ კვირაში ყველაზე დიდი წინსვლა გერმანიას ჰქონდა, რომელმაც ჩეხეთს სტუმრად 20:17 აჯობა და ერთბაშად 4 ადგილით დაწინაურდა. ერთა თასის ქვედა დივიზიონის ლიდერმა ბელგიამ მოლდოვა სტუმრად 17:16 დასცა და პორტუგალიის შემდეგ 25-ე ადგილზეა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 12 მარტისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,34
4    (6). ინგლისი    82,93
5    (5). უელსი    82,62
6    (4). საფრანგეთი    82,61
7    (7). ირლანდია    80,55
8    (8). არგენტინა    80,28
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). სამოა    75,81
11    (11). შოტლანდია    74,69
12    (12). იტალია    73,33
13    (13). კანადა    72,92
14    (14). იაპონია    70,45
15    (15). საქართველო    70,26
16    (16). ფიჯი    68,78
17    (18). აშშ    65,63
18    (17). რუმინეთი    64,84
19    (19). ესპანეთი    61,54
20    (20). ნამიბია    61,24
21    (21). ურუგვაი    60,47
22    (22). რუსეთი    60,12
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). პორტუგალია    59,10
25    (25). ბელგია    58,11
26    (26). ჰონკონგი    56,51
27    (27). მაროკო    56,13
28    (29). პოლონეთი    54,80
29    (28). მოლდოვა    53,85
30    (30). ყაზახეთი    53,62
31    (31). კორეა    53,36
32    (36). გერმანია    52,76
33    (32). უკრაინა    52,60
34    (33). ზიმბაბვე        52,40
35    (34). ბრაზილია    51,57
36    ...
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.190235