ამბები

13:33 | 13.03.2012 | ნანახია 1558 - ჯერ

“თიბისი” შემდეგ ეტაპზე გავიდა

საქართველოს მორაგბეთა გარდამავალი, საგაზაფხულო ტურნირის აღმოსავლეთ დივიზიონში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, მაგრამ მთავარი უკვე გადაწყვეტილია.

გათამაშების დასკვნით ტურში, თბილისის “დევებისა” და პატარძეულის “ვეფხვების” შეხვედრა 18 მარტისთვის გადაიდო. გადამწყვეტ ჯახში, დედაქალაქურ დერბიში “ხულიგანა” “თიბისის” ეთამაშებოდა და გამარჯვებული მარტის ბოლოდან უმაღლესლიგელებთან ერთად თასისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებას იღებდა. მანამდე დაუმარცხებელ “ხულიგანას” მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ “თიბისიმ” დაძაბულ ბრძოლაში 20:15 იმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის “ხულიგანამ” პრემიელური ქულა აიღო და მას ჯამში გაუტოლდა (10-10 ქულა), ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე, “თიბისიმ” აღმოსავლეთ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა.
დასავლეთ დივიზიონში ერთი ტური და სამიც გადადებული მატჩია ჩასატარებელი. აქ ყველაფერი ქუთაისის “ბაგრატის” ხელშია, რომელმაც ბათუმის “დელფინებს” ურთიერთშეხვედრაში აჯობა, თუმცა, ჯერ მხოლოდ მეორე ადგილზეა. ეს იმიტომ, რომ ქუთათურებს ზღვისპირელებზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული და ამ შეხვედრას ხვალ, საჩხერეში “ჯრუჭის” წინააღმდეგ გამართავენ, რა თქმა უნდა, თუ ამინდმა ამის საშუალება მისცა. მანამდე, IV რაუნდში “დელფინებმა” სენაკის “ნოქალაქევი” 34:5 გაანადგურეს, პრემიალური ქულაც აიღეს და ამ წუთისთვის “ბაგრატს” ერთი ქულით უსწრებენ. ამავე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, ფოთის “კოლხმა რაინდებმა” ოზურგეთის “არწივებს” უმასპინძლეს და მეტოქეს 13:5 აჯობეს, მაგრამ შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ვერცერთი მათგანი ვეღარ იბრძოლებს.
 
აღმოსავლეთ დივიზიონი
III ტური. 11 მარტი
ხულიგანა - თიბისი 15:20
 
1. თიბისი (თბილისი)          3 2 0 1 75-43 10
2. ხულიგანა (თბილისი)      3 2 0 1 64-33 10
3. დევები (თბილისი)          2 1 0 1 21-53 4
4. ვეფხვები (პატარძეული)  2 0 0 2 20-51 1
 
18 მარტი. (გადადებული)
დევები - ვეფხვები 
 
დასავლეთ დივიზიონი
IV ტური. 12 მარტი
დელფინები - ნოქალაქევი 34:5
კოლხი რაინდები - არწივები 13:5
14 მარტი. 15:00 საათი
ჯრუჭი - ბაგრატი 
 
1. დელფინები (ბათუმი)        4 3 0 1 96-20 15
2. ბაგრატი (ქუთაისი)             3 3 0 0 94-7 14
3. კოლხი რაინდები (ფოთი)  3 2 0 1 23-29 8
4. არწივები (ოზურგეთი)      3 1 0 2 25-59 5
5. ჯრუჭი (საჩხერე)               2 0 0 2 0-51 0
6. ნოქალაქევი (სენაკი)           3 0 0 3 5-77 0
 
V ტური. 18 მარტი
ბაგრატი - კოლხი რაინდები 
ჯრუჭი - ნოქალაქევი 
არწივები - დელფინები 
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08634