საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გამოჩნდა “ტარბის” ქართველი ლეგიონერი ირაკლი მირცხულავა. მისი და მამუკა მაგრაქველიძის გუნდი “ექს-ან-პროვანსთან” სტუმრად 32:39 დამარცხდა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
ორი ჩვენებური სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში ერთდროულად, 48-ე წუთზე ჩაერთო. ამ მომენტისთვის მასპინძლები 11-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ (33:22), მერე ჯარიმით, ლელოთი და რეალიზაციით, 64-ე წუთისთვის ეს ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ბოლო წუთებში მეტოქემ ორი ჯარიმა გაიტანა და 7 ქულის სხვაობით იმარჯვა. “ტარბი” 22 თამაშიდან 47 ქულით მე-12 ადგილამდე დაეშვა, მაგრამ გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, რადგან მე-15 საფეხურს მთელი 19 ქულა აშორებს.
მე-11 ადგილზეა 22 თამაშში 41 ქულით ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი”, რომელმაც “კარკასონს” დაძაბულ ბრძოლაში 20:15 აჯობა. სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტიურადაც ირჯებოდა. პირველხაზელმა ასეიშვილმა მოედანზე 52 წუთი გაატარა, ასევე პირველხაზელმა ნაცარაშვილმა – 75 წუთი, ხოლო მეორეხაზელი დათუნაშვილი, რომელიც გუნდმა სანაკრებოდ (რუმინეთთან) სწორედ ამ მატჩისთვის არ გაათავისუფლა, სრულად გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე, სალელოვე პასი სწორედ დათუნაშვილმა შეასრულა, რომელმაც კარგად აუბა მხარი გარღვევას, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 7-8 მეტრში მიიტანა და სანამ შებოჭავდნენ, მარცხნივ სრულიად თავისუფალ თანაგუნდელს გადაცემა დროულად გაუკეთა.
გავარდნას ძნელად თუ გადაურჩება თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო”, რომელიც 23 თამაშში მოპოვებული 27 ქულით ბოლო ადგილზეა და მიზნის მისაღწევად დარჩენილ VII ტურში 14 ქულის აღმოფხვრა მართებს, თანაც ისე, რომ მისმა კონკურენტმა “ბეზიემ” იგივე ვერ მოახერხოს. “პერიგო” ნაკრებში გამოძახებული ზებზიბაძის გარეშე “უაიონას” წინაშე სტუმრად წარსდგა და 7:43 შერცხვა. სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე მარგველაშვილი 37-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 68-ე წუთზე მოედანზე ისევ დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა. დადუნაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
გასულ ტურში მარცხის შემდეგ, “ოშთან” სტუმრად 13:6 იმარჯვა Pro D2-ის ლიდერმა, გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა”, რომელსაც 22 თამაშში 78 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს, თანაც მასზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე ქართველის გარეშე ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ” კახა კობერიძის “ალბი” 37:14 დაამარცხა. “პო” 23 თამაშში 68 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ალბიმ” 22 მატჩში 56 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია