ამბები

17:23 | 13.03.2012 | ნანახია 8726 - ჯერ

საქართველომ და რუსეთმა მზადება დაიწყეს

მომავალ შაბათს, 17 მარტს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლევანდელი ერთა თასის მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ამჯერად “ბორჯღალოსნების” მეტოქე რუსეთის გუნდი იქნება, რომლის პრემიალური ქულით დამარცხების შემთხვევაში, ქართველ მორაგბეებს ერთა თასის შენარჩუნება თითქმის გარანტირებული ექნებათ.
სატურნირო ცხრილში სამ გუნდს 10-10 ქულა აქვს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ურთიერთშეხვედრებში მარცხის გამო, ესპანეთს ჩამორჩება, ხოლო იგივე კომპონენტით რუმინეთს უსწრებს. 17 მარტსვე მადრიდში ესპანელები რუმინელებს ხვდებიან და ამ მატჩის შედეგს თასის მომავალი მფლობელის გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი ის იქნება, ეს დაპირისპირება ფრედ თუ დასრულდება, თუ არა და, სჯობს რუმინელებმა იმარჯვონ, ოღონდ პრემიალური ქულა ვერ აიღონ და ამ შემთხვევაში “ბორჯღალოსნებს” რუსეთის ნებისმიერი შედეგით დამარცხებაც ეყოფათ (ანუ, 4-ზე ნაკლები ლელოს გატანით).
ისე, ახლა ყველაფერი ესპანელთა ხელშია და თუ ისინი ორივე თამაშს მოიგებენ, ოთხ-ოთხ ლელოს გაიტანენ და პრემიალურ ქულებსაც აიღებენ, მათ ვეღარავინ დაეწევა, მაგრამ რუმინეთის შემდეგ “ლომებს” რუსეთში უწევთ სტუმრობა და ძნელად წარმოსადგენია, ორივე შემთხვევაში ასეთი გამარჯვებები იზეიმონ.
ბუქარესტის ომგამოვლილმა ქართველმა მორაგბეებმა ცოტა დაისვენეს და უკვე შეუდგნენ მომავალი მატჩისთვის მზადებას. მილტონ ჰეიგის გაფართოებულ რაზმში კვლავაც 29 მორაგბეა, მაგრამ ყველა მათგანს მოედანზე გასვლის შანსი არა აქვს და ცვლილებები სხვა კუთხითაც მოხდა. რუსების წინააღმდეგ გარანტირებულად ვერ ითამაშებს ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც მარიუს ტინკუს დანოკაუტება 10-დღიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. ექიმების საბოლოო ვერდიქტს ელოდება გიორგი შკინინი, თუმცა, წინასწარი ინფორმაცია არცთუ დამაიმედებელია.
სამაგიეროდ, მწყობრშია მამუკა გორგოძე, რომელმაც რუმინელებთან ჯახში ნეკნი იტკინა. მიკროტრავმები ხელს ვერ შეუშლის რუმინელთა მძლეველ სხვა “ბორჯღალოსნებსაც”. ჰეიგის რაზმს დაემატნენ გამოცდილი პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი, რომელმაც “ბრივმა” რუმინეთთან მატჩისთვის არ გაათავისუფლა და ასევე, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ “ორიაკმა” არ გამოუშვა. გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ქუთაისის “აიას” პირველხაზელი თორნიკე ლომიძე და მესამეხაზელი გელა შალამბერიძე, რომლებიც საბოლოოდ სარუმინეთო განაცხადში ვერ მოხვდნენ. რადგან მეორე ხაზში დათუნაშვილი გამოჩნდა, საჭიროების შემთხვევაში, მესამე ხაზში დაბრუნება გიორგი ჩხაიძეს შეეძლება.
ქართველთა წინააღმდეგ თამაშისთვის მზადებას შეუდგა რუსეთის ნაკრებიც, რომელმაც გასულ კვირაში უკრაინა 38:19 დაამარცხა. “დათვების” უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯონსმა სულ 28 მორაგბე შეკრიბა. უკრაინასთან ნათამეშებ შემადგენლობას გამოაკლდა დენის სიმპლიკევიჩი, რომელმაც თბილისში შარშან, 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე ითამაშა, ხოლო მერე რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე იბურთავა. ის რუსეთის 7-კაცა ნაკრებს შეუერთდა, რომელიც ჰონკონგში გასამართი მსოფლიო სერიის ეტაპისვის ემზადება.
სამაგიეროდ, ქართველებთან სათამაშოდ ჯონსმა სამი მორაგბე დაიმატა. ესენი არიან ალექსანდრ იანუშკინი (ვვა-“პოდმოსკოვიე”), ვიქტორ გრესევი (“ლონდონ უოსპსი”, ინგლისი) და სტანისლავ სელსკი (“ენისეი-სტმ”).
მომავალ თამაშზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია და მსურველებს მისი შეძენა “მიხეილ მესხის” და “ბორის პაიჭაძის” სტადიონების სალაროების გარდა, რაგბის კავშირის ოფისშიც შეუძლიათ. ბილეთების ღირებულება 5 და 10 ლარია. მატჩისადმი ინტერესის გათვალისწინებით, გულსემატკივრებმა თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭირონ, რადგან ვაკის არენა დაახლოებით 25 ათას მაყურებელს იტევს. შეგახსენებთ, რომ თამაშის დღეს ბილეთები მხოლოდ “მიხეილ მესხის” სალაროებში გაიყიდება.
იმედია, სტადიონი პირთამდე შეივსება და ამით ქართველ მორაგბეებს პრინციპულ მეტოქესთან თანადგომის გარდა, რუმინეთში ნაჩვენები გმირობისთვისაც დამსახურებული მადლობა მიეზღვებათ.
 

რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: დენის ანტონოვი (“სლავა”), მიხაილ ბაბაევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადიმირ ბოლტენკოვი (“იმპერია”), ვლადიმირ ბოტვინიკოვი (“ენისეი-სტმ”), პაველ ბუტენკო (“ენისეი-სტმ”), ალექსეი ვოლკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი გარბუზოვი (“კრასნი იარი”), ნაზირ გასანოვი (“კრასნი იარი”), დმიტრი გერასიმოვი (“ენისეი-სტმ”), გერმან გოდლიუკი (“სლავა”), ინოკენტი ზიკოვი (“ენისეი-სტმ”), პავლე კვერნაძე (“სპარტაკი”), კირილ კოპეშკინი (“იმპერია”), კირილ კულემინი (“კასტრი”, საფრანგეთი), იური კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”), ევგენი მატვეევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი ოტროკოვი (“კრასნი იარი”), ანტონ რიაბოვი (“კრასნი იარი”), ანტონ სინიცინი (“სპარტაკი”), მაქსიმ სტურზა (“კრასნი იარი”), ევგენი ტიტოვი (“ნოვოკუზნეცკი”), სერგეი ტრიშინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), არტიომ ფათახოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ შაკიროვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვიქტორ გრესევი (“ლონდონ უოსპსი”, ინგლისი), სტანისლავ სელსკი (“ენისეი-სტმ”).

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
პირველი ხაზი
: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 38 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33 კეპი, 20 ქულა), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 22, 5), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 19, 0), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 3, 0), რეზო ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 6, 5), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 4, 0);
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 55, 30), გიორგი ნემსაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 25, 25), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 48, 10);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 24, 5), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 14, 5), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 8, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 43, 100), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 22, 15);
#9: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 78, 35), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 3, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30);
#10: მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 59, 315), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 33, 100);
უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე (“გლოსტერი”, ინგლისი, 3, 5), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 50, 60), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 61, 75); ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 53, 90), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 31, 5), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”, თბილისი, 27, 25), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 35, 30), ბექა წიკლაური (“გდინია”, პოლონეთი, 2, 5).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 

11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 

25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 

10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
 

1. ესპანეთი 3 2 0 0 83-47 10
2. საქართველო 3 2 0 1 69-45 10
3. რუმინეთი 3 2 0 1 53-26 10
4. რუსეთი 3 2 0 1 71-76 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 69-97 6
6. უკრაინა 2 0 0 2 25-79 0

 
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
 

24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
 

19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
 

1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა
 

9 ივნისი
უკრაინა - საქართველო

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი

1. საქართველო 8 7 0 1 237-80 32
2. რუმინეთი 8 5 0 2 219-95 26
3. რუსეთი 8 4 0 4 171-174 20
4. ესპანეთი 8 4 0 4 175-222 20
5. პორტუგალია 9 4 0 5 182-195 20
6. უკრაინა 7 0 0 7 86-304 0


ზურა ქსოვრელი
www.msy.gov-ge-ს ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080989