ამბები

13:46 | 16.03.2012 | ნანახია 4893 - ჯერ

რუსები გამოწვევის წინ

რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთსაათიანი კაპიტნის ვარჯიში გამართა. ვარჯიში ძირითადად დახურული იყო და დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უელსელმა კინგსლი ჯონსმა და კაპიტანმა – ალეკსანდრ იანუშკინმა პრესკონფერენცია ჩაატარეს.

რუსეთის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ის თბილისში უბრალო მოგზაურის სტატუსით არ ჩამოსულა და ხვალინდელი შეხვედრისთვის გამარჯვებას გეგმავს.
კინგსლი ჯონსი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მე არასოდეს მითქვამს, რომ წელს საქართველოს ნაკრებს ვერ დავამარცხებდით. როგორც ჩანს, თარგმნის დროს რაღაც გაუგებრობა იყო და ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოში ჩამოსვლა. ქართველ ხალხს დიდ პატივს ვცემ, რადგან ქართველები ძალიან გვანან ჩემს ერს (უელსელებს), თუმცა, აქ მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით. რუსეთის ნაკრები ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც საქართველოსთან მარცხის კომპლექსი არ გააჩნიათ და ეს შეიძლება ჩვენ სასიკეთოდ წაგვადგეს. მართალია, სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს, მაგრამ ხვალ შევეცდებით, რომ ამ კუთხით გარდატეხა შევიტანოთ. შაბათს, ალბათ, უმთავრესი პრობლემა სტატიკაში შეგვექმნება. თუ ჩვენ თქვენ შერკინებას გავუმკლავდით, მაშინ ჩვენ უკანა ხაზს შეუძლია იქეთ შეგიქმნათ პრობლემები. საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე ხომ სწორედ ძალისმიერი თამაშია. მთავარია, მათ არ მოახერხონ ბურთის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა. საფრანგეთში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ქართველი მორაგბეების შესაძლებლობებსაც კარგად ვიცნობ. ჩემთვის ასეთ სტადიონზე თამაში სასიამოვნოა”.
ალეკსანდრ იანუშკინი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “გუნდის 50 პროცენტი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მოგება გვინდა და იმდენად ვართ მონდომებულები, რომ შეიძლება ეს გამოგვივიდეს კიდეც. მართალია, სტატისტიკა ჩვენ სასარგებლოდ არ მოქმედებს. თუმცა, ეს უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია. ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებთან მუდამ ვმარცხდებოდით, გონებიდან მომდინარეობს. იმედია, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება”.
დღეს, 3 საათზე კაპიტნის ვარჯიშს უკვე საქართველოს ნაკრები გამართავს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების მწრთნელისა და ნაკრების კაპიტნის მონაწილეობით პრესკონფერენცია ჩატარდება. 
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.140189