ამბები

15:44 | 16.03.2012 | ნანახია 4803 - ჯერ

გია ნიჟარაძე: “საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზადაა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს მართავს. ამ წუთის მონაცემებით, ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთები შემორჩენილია გადამყიდველებში, რომლებიც თითო ბილეთს 15 ლარს აფასებენ. ვარჯიშის დაწყების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ გულშემატკივრებს იმისკენ მოუწოდა, რომ პატივი სცენ მეტოქეს და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას რუს მორაგბეებს.
გია ნიჟარაძ (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მინდა ყველა გულშემატკივარს მივმართო, რომ მთელი თავისი ენერგია მოახმარონ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მორაგბეები ქართველი მორაგბეების მეგობრები არიან და ნუ დავარღვევთ სარაგბო ტრადიციას. ნუ დავიწყებთ მათ ლანძღვას. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველა გულშემატკივარს სკამზე დახვდება თეთრი ან წითელი ფერის კვადრატის ფორმის ფურცელი, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ორჯერ აღვმართავთ - ერთხელ ეს იქნება მაშინ, როდესაც გუნდები თამაშის დაწყებამდე გვირაბიდან გამოვლენ და მეორედ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ გურამ მოდებაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილი დასრულდება. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისათვის. ნურავის მოატყუებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობითაა ჩამოსული. ისევე, როგორც ჩვენთან, რუსეთის ნაკრებშიც გაახალგაზრდავების და გადახალისების პროცესი მიმდინარეობს, ანუ დაახლოებით 5 მორაგბის გამოკლებით, ეს იქნება ის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში მოგვიწევს თამაშების ჩატარება. საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზადაა. მითუმეტეს, რომ, თუ რუსეთის ნაკრები პრემიალური ქულით დავამარცხეთ, “ერთა თასის” მოგება თითქმის განაღდებული გვექნება”.

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108074