ასეთი თხოვნით მიმართავს მთელი ქართული რაგბის თემი იმ ქომაგებს, რომლებიც ხვალ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩზე დასწრებას გეგმავს. უფრო სწორედ, იმ იღბლიანებს, რომლებმაც თადარიგი დაიჭირეს და ბილეთები უკვე შეიძინეს, თორემ სალაროებში ბილეთები აღარ დარჩა და ახლა მისი შოვნა მხოლოდ გადამყიდველებთან, სამმაგ ფასად (15 ლარი) არის შესაძლებელი.
ზემოთნახსენები თხოვნა მხოლოდ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობიდან არ მომდინარეობს. იმავეს ამბობენ გუნდის მწვრთნელები და თავად მორაგბეები, რომელთაც მოედანს მიღმა რუს სპორტსმენებთან მეგობრობა აკავშირებთ. ზოგადად, რაგბის ტრადიციების მიხედვით, მეტოქის შეურაცხყოფა, რაც არ უნდა მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა იყოს ის, ცუდ ტონად ითვლება. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ დარეკა და ქართველი კოლეგები მოიკითხა, მოიბოდიშა, საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქციელის გამო და ქართველ ერს მშვიდობა უსურვა.
რუსეთის ნაკრები, ოღონდ ახალგაზრდული, თბილისს გასულ წელს სტუმრობდა და ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით ორი კვირა გაატარა. მაშინ ქართველებმა მათ სტუმართმასპინძლობის ტრადიციული მაგალითი უჩვენეს და რატი ურუშაძის თქმით, დენის სიმპლიკევიჩი, რომელიც “ენისეი-სტმში” ქართველის თანაგუნდელია და რომელმაც გასულ წელს მსოფლიო თასზეც ითამაშა, კრასნოიარსკში დადიოდა და ნაცნობს თუ უცნობს ქართველთა სტუმართმასპინძლობაზე უყვებოდა. ის აღფრთოვანებული დარჩა იმ სულ სხვა გარემოთი, რომელიც აქ დახვდა, არადა, სამშობლოდან ისე ჩამოსულა, ჯოჯოხეთს ელოდა. ახლა ჯერი ეროვნულ ნაკრებზე მიდგა, სადაც ასევე მრავლად არიან ახალი სახეები და ქართველებს შეგვიძლია სამშობლოში კიდევ რამდენიმე მეგობარი გავისტუმროთ და არა მტერი.
მოკლედ, ქართველ ერს არავინ სთხოვს, რომ რუსეთის ჰიმნს ფეხზე წამოუდგეს და ტაში დაუკრას, უბრალოდ, კარგი იქნება თუ ამ ჩვენთვის ავადსახსენებელი ჰიმნის გაჟღერებისას გამაყრუებელი სტვენა არ იქნება, რუს მორაგბეებს საქართველო მათი გინებით არ დაამახსოვრდებათ და მთელი ეს ენერგია, ქართველთა ალალ ქომაგობაში გაიხარჯება და ბიჭებიც გვპირდებიან, ჩვენს კიდევ ერთხელ გასახარებლად მოედანზე მაქსიმუმს გაიღებენ - ქართული რაგბის თემმა თავისი სათქმელი თქვა და ქომაგებს თხოვა, “თავს ნუ მოგვჭრითო” და დანარჩენი უკვე კონკრეტულად თითეული გულშემატკივრის გადასწყვეტია. ისე კი, იმ ხალხის თხოვნის ყურადღება, რომელთაც ჩვენთვის ამდენი სიხარული მოუნიჭებიათ, ჩემის აზრით ყურადსაღებია.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ მატჩისწინა მზადებას. საქართველოს ნაკრები “მიხეილ მესხზე” თამაშამდე 24 საათით ადრე, 15:00 საათზე მივიდა და ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ (რომელიც დახურული იყო), ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გულშემატკივრების წინაშე წარსდგნენ.
“ზუსტად ვიცი, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსების წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, უპორველესი საფიქრალი სწორედ ესაა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თავად პროცესზე კონცენტრირებაა. მომავალი თამაშის წინ შექმნილმა აჟიოტაჟმა, უარყოფითი ეფექტი არ უნდა მოგვცეს და ზუსტად უნდა შესრულდეს ის დავალებები, რომელსაც მწვრთნელები მორაგბეებს ვუყენებთ. ამ თამაშს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი სარაგბო დაპირისპირება და მიზანსაც მივაღწიოთ.
რუსეთის ნაკრები ძლიერი გუნდია და ჩვენთან სათამაშოდ მოტივირებულნი არიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მეტოქის დაუფასებლობა. ჩვენს ეს გათვითცნობიერებული გვაქვს და ხვალ დიდი ბრძოლა იქნება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მორაგბეებს შორის, მოედანზე თუ რაიმე დაპირისპირება ხდება, ის იქვე რჩება და მის ფარგლებს არ სცილდება. მთავარია, რომ ჩვენმა ოჯახებმა, სრულიად საქართველომ იამაყოს ჩვენი თამაშით. კარგად უნდა ვითამაშოთ და მჯერა, ის პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან, ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ. მთლიანობაში, რაგბის სამყარო ერთი დიდი ოჯახია და მოედნის გარეთ ყველა ამ დიდი ოჯახის წევრია. ასე რომ მომავალ დაპირისპირებას შევხედოთ როგორც სარაგბო მატჩს და არა როგორც საქართველო-რუსეთის დაპირისპრებას” - მოგვიწოდა მილტონ ჰეიგმა.
“მიხარია, რომ ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, რუსებთან თბილისში თამაშის საშუალება გვეძლევა. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. რაგბი ლამის ერთადერთი ნათელი წერტილია, სადაც საქართველო რუსეთს ყოველთვის ჯობნის და ვეცდებით ეს ტრადიცია გავაგრძელოთ. გულშემატკივრის გვერდში დგომა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათთან ერთი თხოვნაც მექნება - პატივი ეცით ჩვენს მოწინააღმდეგეს. შეიძლება მოედანზე გარკვეული შეხლა-შემოხლა იყოს, მაგრამ მის გარეთ ჩვენ მეგობრებად ვრჩებით” - დაამატა ირაკლი აბუსერიძემ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია