საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე რეკორდული სხვაობით - 46 ქულით დაამარცხეს – 46:0. თანაც, აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ რუსებს ქულაც კი არ აეღოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებმა 6 ლელო დადეს, მათ პრემიალური ქულაც მიიღეს და მოგებისთვის 5 ქულა ჩაეწერებათ. აქვე გეტყვით, რომ პრემიალურისთვის 4 ლელოა საკმარისი.
პირველი ტაიმის 17:0 მოგების შემდეგ, მატჩის მე-2 ნახევარი ქართველებმა 29:0 მოიგეს.
44-ე წუთზე, მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა. 4 წუთის შემდეგ, ლელო ირაკლი მაჩხანელმა დადო და კვირიკაშვილმა გარდასახვიდან მონაგარს კიდევ 2 ქულა შესძინა.
მე-60 წუთზე, ლევან დათუნაშვილმა გაიტანა ლელო და გარდასახვის შესრულებისას კვირიკაშვილმა თავისი შანსი არ გაუშვა.
67-ე წუთზე, მე-5 ლელო გიორგი ნემსაძემ მიითვალა, კვირიკაშვილმა კი, ამჯერად გარდასახვიდან ვერ იხეირა.
მე-80 წუთზე მაჩხანელმა მეტოქე კიდევ ერთხელ დაალელოვა და კვირიკაშვილმა გარდასახვაც გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს და მას სპეციალური პრიზიც გადაეცა.
აქვე გეტყვით, რომ თუ დღეს ესპანელებმა შინ რუმინეთი პრემიალური ქულით ვერ დაამარცხეს, საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, ერთა თასის გამარჯვებულია.
ლაშა თაბაგარი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია