ამბები

19:14 | 17.03.2012 | ნანახია 15176 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “ეს ჩვენი შესაძლებლობების 30 პროცენტია”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მილტონ ჰეიგმა, რუსეთის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით - 46:0 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველთა გუნდმა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტი აჩვენა. 

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია და შორს არაა ის დრო, როდესაც “ბორჯღალოსნები” სარაგბო ბობოლებს ტოლსწორად ეთამაშებიან.
“ახლა გავიგე, რომ ეს გამარჯვება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში სარეკორდო ყოფილა. დიდი მადლობა გუნდს, მენეჯმენტსა და გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომით ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. 
დღეს ჩვენ იდეალურად არ გვითამაშია. პირველ ტაიმში 3 ეპიზოდი ყო, რომელიც ლელოთი უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ძნელია პრობლემებზე საუბარი, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით იგებ, თუმცა, როდესაც ჩვენ პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებთა დონის გუნდი ნამდვილად გვეყოლება და პრობლემებს გრანდებსაც შევუქმნით.
მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ემოციები აკონტროლეს. ეს, დიდწილად, ირაკლი აბუსერიძის დამსახურებაა, რომელიც სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სწორედ ამ კუთხით მუშაობდა. 
მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ გამოცდილი მორაგბეები: მაჩხანელი, კაჭარავა, გორგოძე. მათ სწორად მიჰყავდათ თამაში. 
და მაინც, დღეს ჩვენ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების 30 პროცენტი ვაჩვენეთ. იყო ტექნიკური შეცდომები, რამდენიმე სალელოვე შანსი ლელოთი ვერ დავაგვირგვინეთ და როდესაც ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, მერე ჩვენი დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია, რომლის გამოღვიძებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამას სარაგბო სამყარო მალე იხილავს. 
სამუშაო გვაქვს ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად, განსაკუთრებით დაცვაში”, – თქვა ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. 
“რუსეთის ნაკრებთან მუდამ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ ამ ჯერზე იოლად ვიმარჯვეთ. ამაყები ვართ, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით რომ დავამარცხეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. მადლობა იმ ხალხს, რომლებიც თავიანთი შეძახილებით გვამხნევებდნენ. მოხარული ვიქნები, თუ სხვა თამაშებზეც ასეთი ატმოსფერო იქნება”, – დაამატა გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.185919