კინგსლი ჯონსის იმედი, რომ “ახალ სახეებს” “საქართველოს კომპლექსი” არ ექნებოდათ და ეს მათ, წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდათ, უიმედობად იქცა. “ბორჯღალოსნებმა” “მიხეილ მესხის” სავსე ტრიბუნების თვალწინ, მეტოქეს ექვსი უპასუხო ლელო გაუტანეს, რუსეთი სარეკორდო სხვაობით დაამარცხეს და გაცნობის დღესვე ჩაუნერგეს თავის მუდმივ მეტოქეს შიში და რიდი.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 46:0 გაანადგურა და ამით, ტრადიციულ კონკურენტთან ზედიზედ მოგებათა სერია 11 მატჩამდე გაზარდა. სულ, 16 ჯახში მე-14 გამარჯვება მოაგროვა (ერთი მარცხი და ერთი ფრე) და 19 წლიანი დაუმარცხებელი ისტორია 20 წლამდე დაამრგვალა (მარცხი რუსეთ-საქართველოს პირველ მატჩში, 1993 წელს განვიცადეთ). აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგბეებს “დათვები” ყველაზე დიდი სხვაობით 2010 წელს, ტრაბზონში ჰყავდათ დამარცხებული 36:8 (28 ქულა), ახლა კი, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. რეკორდები ვახსენეთ და იმ დღეს, ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დამყარდა, ან გაუმჯობესდა.
რუსეთის ნაკრების ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხებაზე უკვე ვთქვით; აქამდე, რუსეთის ნაკრები ქართველებთან მატჩში სამი ქულის აღებას მაინც ახერხებდა, ახლა მშრალზე დარჩა; “ბორჯღალოსნებს” რუსებისთვის ერთ მატჩში 6 ლელო მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს თბილისში 46:19 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდათ გატანილი და ახლა, ეს მაჩვენებელი გაიმეორეს ისევე, როგორც მოგროვილი ქულების ოდენობა - 46. რეკორდები მორაგბეებმაც მიითვალეს. მამუკა გორგოძემ, რომელიც ისედაც იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვე, რუსებთან მატჩში კი კიდევ ორი ლელო მიითვალა, საკუთარი მაჩვენებელი 22-მდე გაზარდა (2 საჯარიმო ლელო), ხოლო ირაკლი მაჩხანელმა, მონაგარი 20 ლელომდე აწია და მხოლოდ ერთით ჩამორჩება გუნდის ლიდერს. საუკეთესო ბომბარდირებში დაწინაურდა მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც რუსეთის ნაკრებთან 16 ქულა მიითვალა, ჯამში 331 ქულა მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით მალხაზ ურჯუკაშვილს (325) გადაასწრო. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც ეროვნული კვართით ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ახლა, ეს მაჩვენებელი 79-მდე გაიზარდა. მან 33-ჯერ უკაპიტნა “ბორჯღალოსნებს”. ამ კუთხით მხოლოდ ილია ზედგინიძეს ჩამორჩება (37). სათქმელია ისიც, რომ აბუსერიძემ ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ, მე-11-ჯერ დაამარცხა რუსეთის ნაკრები და ამით, გია ლაბაძესა და მალხაზ ურჯუკაშვილს გაუსწრო, რომელთა ანგარიშზეც 10-10 რუსი “დათვების” “ტყავია”.
ეს მშრალი მაჩვენებელიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ქართველთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იყო და რომ არა მცირედი ტექნიკური შეცდომები, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ექვსი გატანილი ლელოს გარდა, “ბორჯღალოსნებს” თითქმის ამდენი სალელოვე შეტევა კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ბურთის წინ ვარდნის გამო და კონკრეტულად იმ სიტუაციებში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ეს შანსები გამოუყენებელი დარჩა. სწორედ ამაზე ისაუბრა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელმაც თქვა, რომ დღეისათვის ჩვენმა გუნდმა საკუთარი პოტენციალის მხოლოდ 30 პროცენტი აჩვენა და ცოტა ხანში “ბორჯღალოსნებს” სარაგბო გრანდებთან ტოლსწორად თამაში აღარ გაუჭირდებათ.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა როგორც შერკინებაში, ასევე დერეფანში და უმეტეს შემთხვევაში, თავისას კი არა, მეტოქის დერეფნებსა და შერკინებებს უპრობლემოდ იგებდა. ამასთან, ქართველი მორაგბეები მეტოქისაზე უფრო სწრაფები იყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე შესრულებაში და ეს, შედეგზეც სათანადოდ აისახა. მასპინძლებმა კარგად ითამაშეს დაცვაშიც და ხშირ შემთხვევაში მეტოქეს ბურთს ხელიდან ღლეტავდნენ. 15 ნომრის პოზიციაზე საიმედოდ ითამაშა ჰეიგის გუნდში ახალბედა ირაკლი ყიასაშვილმა, რომელიც კარგად იჭერდა ფეხით გადაკიდებულ ბურთებს და კარგად გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, როგორც ფეხით, ასევე ხელდახელ შეტევით და მნიშვნელოვან მანძილებს იგებდა. ყიასაშვილს ლელოს გატანაც შეეძლო, თუმცა ოდნავ არ გაუმართლა. საგულისხმოა ქართველი მორაგბეების თავშეკავებაც. უკვე მეორე ნახევარში, რუსებმა გივი ბერიშვილის გაღიზიანება სცადეს და თუ ერთი კვირის წინ, მარის ტინკუმ ვიტო კოლელიშვილისგან თმების მოქაჩვისთვის სამი მუშტი მიიღო (რამაც კოლელიშვილის დისკვალიფიკაცია გამოიწვია), ამჯერად, ქართველმა თავი შეიკავა და გუნდიც მოედანზე კაცნაკლული არ დარჩა.
25 ათასი მაყურებლის მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა “ბორჯღალოსნებმა”, მეტოქეს პირველსავე წამებიდან შეუტიეს და თითქოს, ლელოც მალევე უნდა გასულიყო, მაგრამ ბერიშვილს ბურთი წინ დაუვარდა. რუსები თავისავე შერკინებაში დაჯარიმდნენ, მაგრამ ქარმა მერაბ კვირიკაშვილს მიზანის გასწორებაში ხელი შეუშალა და დაახლოებით 15 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მე-7 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 15 მეტრიღა რჩებოდა, მაგრამ ყიასაშვილს ის წინ დაუვარდა. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა და კვირიკაშვილმა 22-ის ხაზიდან, ამჯერად მარჯვნიდან, დარტყმა ზუსტად შეასრულა.
მე-10 წუთზე ნატრიაშვილი დაჯარიმდა ბურთის ჩახურვისთვის და ანტონ რიაბოვმა კარამდე 25 მეტრიდან, ოდნავ მარჯვნიდან, წონასწორობის აღდგენა სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, რუსებმა მე-16 წუთზე კიდევ ერთხელ მოიპოვეს თითქმის იმავე პოზიციიდან ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ რიაბოვს დარტყმა ამჯერადაც გაუცუდდა. ამას დავით კაჭარავამ, რომელიც იმ დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კარგი გარღვევით უპასუხა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 5 მეტრში, მარჯვნივ ყიასაშვილს უპასა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ნახტომში ბოჭვისას ლელოს ხაზს ვერ მიწვდა და მსაჯმაც მეტოქის სასარგბლოდ შერკინება დანიშნა - ეს იყო პირველი ასპროცენტიანი შანსი ლელოს გატანისა.
მიუხედავად ამისა, ქართველებმა მეტოქე მარწუხებში მოაქციეს და საკუთარი 22-დან თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს. მერე მეტოქე შერკინებაში დაჯარიმდა და 22-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ბურთი უკვე აუტში გაიტანა. დერეფნიდან შეტევას ისევ ჯარიმა მოყვა, რომელიც გორგოძემ სწრაფად გაათამაშა, მაგრამ ლელო არ შედგა. მესამე ჯერზე, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის ნაცვლად უკვე შერკინება ირჩია, სადაც უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რუსეთი ისევ დაჯარიმდა, აბუსერიძემ სწრაფად გაათამაშა, შებოჭეს, რაქიდან ბურთი გორგოძემ აიტაცა, სამ მეტოქესთან ჭიდილში დარჩენილი 2 მეტრი გადალახა (მიძალების დასაწყისში, წონასწორობა ლევან დათუნაშვილის დახმარებით შეინარჩუნა), უკვე ჩათვლის მოედანში შესულმა, კიდევ სამი მეტრით წინ წაიწია და რუსებს პირველი ლელო სიღრმეში დაუდო. კვრიკაშვილმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და 25-ე წუთზე ანგარიში 10:0 გახდა.
32-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის შერკინება, ბურთს გორგოძე დაეუფლა, სამ მცველს ეძგერა და ათიოდე მეტრით წინ წაიწია, იერიში მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა, დათუნაშვილი შეაჩერეს, მაგრამ რაქიდან გამოტანილი ბირთი გიორგი ჩხაიძემ მიიღო, რომელიც ორ მცველს შორის სოლისებურად შეიჭრა რუსთა ხაზში და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა და ქართველთა მონაგარი 17 ქულამდე გაზარდა. შესვენებამდე დარჩენილმა დრომ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ქართველთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო ნათელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქულებში არ აისახა, ცხადი შეიქმნა, მეორე ნახევარში “დათვებს” კარგი დღე არ დაადგებოდათ.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. ქართველმა მორაგბეებმა მოულოდნელობისგან თავის დაცვის მიზნით, მიუხედავად გორგოძის მუდარისა, 43-ე წუთზე კვირიკაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა. 47-ე წუთზე მესამე ლელო გავიდა. აბუსერიძემ მეტოქის 22-ის ხაზთან ფეხით ითამაშა, ბურთი მეტოქის ზურგს უკან რბილად გადაკიდა, გორგოძემ მცველს დაასწრო და ჩათვლის მოედანში შევიდა, მას ბურთის დამიწება თავადაც შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა და ლელოს კიდით ხაზთან მისულმა, უკან მაჩხანელს უპასა - 25:0. კვირიკაშვილმა რეწალიზაცია ამჯერადაც ზუსტად შეასრულა.
მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა და მოედანზე რევაზ ბელქანია და გიორგი ნემსაძე შეუშვა. პირველმა ნატრიაშვილი შეცვალა, ხოლო მეორემ ჩხაიძე. ამ უკანასკნელს, მოედნიდან გასვლა ძალიან არ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, ამის გაკეთება მაინც მოუწია. მე-60 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა მოლით შეუტია, მერე მას დუდუ ქუბრიაშვილი მოწყდა და მნიშვნელოვანი მანძილით წაიწია წინ, მერე საქმეში გორგოძე ჩაერთო, რომელმაც ზედ კარის გასწვრივ მძლავრად დაარტყა და ბურთი ცალი ხელით ძელებსშუა დაამიწა. მას დათუნაშვილი წამოეშველა და საქართველოს ნაკრების ლიდერს ბურთის დამიწება რომც ვერ მოეხერხებინა, დათუნაშვილი ამ მისიის შესასრულებლად მზად იყო. კვირიკაშვილმა კარის გასწვრიდან გარდასახვა უშეცდომოდ დაარტყა და ანგარიში 34:0 გახდა. რაგბი გუნდური თამაშია და მნიშვნელობა არა აქვს ლელოს ავტორად ვინ მოიხსენიება, ეს, უფრო სტატისტიკისთვისაა საჭირო, მთავარი კი ისაა, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი მეოთხე ლელო და საათის თავზე “ბორჯღალოსნებმა”, გამარჯვებასთან ერთად, პრემიალური ქულაც გაინაღდეს.
66-ე წუთზე, ცენტრალურ ხაზთან მოგებული დერეფნის შემდეგ, აბუსერიძემ დიდებულად გაჭრა ხაზი, 30 მეტრით წინ წაიწია, ბოლო მცველთან კონტატში შესვლას მოერიდა, მარცხნივ გიორგი ნემსაძე მოძებნა და მანაც მე-5 ლელო გაიტანა. ამჯერად, კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა. ამას რუსეთის ნაკრების მიძალება მოჰყვა, რომლებიც საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს ერთ მეტრამდე პირველად მიუახლოვდნენ, მაგრამ ქართველები დადგნენ და მეტოქეს ქულა არ ააღებინეს. ქართველებმა საპასუხოდ შეუტიეს და ლაშა მალაღურაძის ფეხით შეგორებულ ბურთს ხინჩაგიშვილი მიჰყვა, მაგრამ მისი აღება ვერ მოახერხა და რუსეთის ნაკრები აშკარა ლელოს გადაურჩა.
თამაშის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე, რუსები ბერიშვილს გაექაჩნენ. ქართველი პროვოკაციას არ აჰყვა, სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე მეექვსე ლელოთი დასაჯა. ბერიშვილმა შერკინებიდან შეუტია, ბეგაძემ მალაღურაძეს უპასა, მან ჩვენს ნახევარზე მეტოქის ხაზი გაჭრა და მათ 22-მდე ირბინა, მერე მარცხნივ მაჩხანელი მოძებნა და ამ უკანასკნელმა ჩათვლის მოედნამდე ირბინა, ხოლო კვირიკაშვილმა რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრებმა 46:0 იმარჯვა.
პრესკონფერენცია
კინგსლი ჯონსი (რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “თამაში ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ თქვენმა შერკინებამ უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა. ძალიან დიდი დროის დაცვაში გატარება მოგვიწია და შედეგიც ამან განაპირობა. გორგოძის შეჩერება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. თქვენ 2-3 მსოფლიო კლასის მორაგბე გყავთ. გორგოძესთან ერთად გამოვყოფდი კვირიკაშვილს და ქუბრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო 3 ნომერია მსოფლიოში. სწორედ ასეთი თამაშებით უნდა გავიზარდოთ. გული მწყდება ნულზე რომ წავაგეთ, მაგრამ სწორედ თქვენთან შეხვედრაა ჩვენი მდგომარეობის საზომი. მოთამაშეებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს ძლიერ მეტოქესთან თამაშით. სამწუხაროდ, რუსეთში რაგბისადმი ისეთი ინტერესი არაა, როგორც თქვენს ქვეყანაში. პირადად ჩემთვის, სასიამოვნოა ასეთი ტრიბუნების წინაშე თამაში. ვფიქრობ, გულშემატკივართა ამ რაოდენობამ, თქვენს გუნდს მატჩამდე მისცა ათქულიანი უპირატესობა”.
ალექსანდრ იანუშკინი: “პირველ ტაიმში, მეტ-ნაკლებად კი გავძელით, მაგრამ მეორე ნახევარში საბოლოოდ გავტყდით. დღეს საქართველოს ნაკრებმა მარტო ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც დაგვჩაგრა”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ახლა გავიგე, რომ ეს გამარჯვება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში სარეკორდო ყოფილა. დიდი მადლობა გუნდს, მენეჯმენტსა და გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომითაც, ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ.
დღეს ჩვენ იდეალურად არ გვითამაშია. პირველ ტაიმში 3 ეპიზოდი ყო, რომელიც ლელოთი უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ძნელია პრობლემებზე საუბარი, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით იგებ, თუმცა, როდესაც ჩვენ პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებთა დონის გუნდი ნამდვილად გვეყოლება და პრობლემებს გრანდებსაც შევუქმნით.
მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ემოციები აკონტროლეს. ეს, დიდწილად, ირაკლი აბუსერიძის დამსახურებაა, რომელიც სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სწორედ ამ კუთხით მუშაობდა.
მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ გამოცდილი მორაგბეები: მაჩხანელი, კაჭარავა, გორგოძე. მათ სწორად მიჰყავდათ თამაში.
და მაინც, დღეს ჩვენ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების 30 პროცენტი ვაჩვენეთ. იყო ტექნიკური შეცდომები, რამდენიმე სალელოვე შანსი ლელოთი ვერ დავაგვირგვინეთ და როდესაც ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, მერე ჩვენი დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია, რომლის გამოღვიძებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამას, სარაგბო სამყარო მალე იხილავს.
სამუშაო გვაქვს ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად, განსაკუთრებით დაცვაში”.
ირაკლი აბუსერიძე: “რუსეთის ნაკრებთან მუდამ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ ამ ჯერზე იოლად ვიმარჯვეთ. ამაყები ვართ, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით რომ დავამარცხეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. მადლობა იმ ხალხს, რომლებიც თავიანთი შეძახილებით გვამხნევებდნენ. მოხარული ვიქნები, თუ სხვა თამაშებზეც ასეთი ატმოსფერო იქნება”.
7 საათზე ის თამაში დაიწყო, რომელსაც ერთა თასის წლევანდელი გამარჯვებულის გამოსავლენად, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მადრიდში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ესპანელებმა საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე გატანილი არეკნით გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. ისინი ამ დარტყმის შემდეგ 13:12 დაწინაურდნენ, მერე ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ შეძლეს, თუმცა, თავიც უშეცდომოდ დაიცვეს, რუმინელებს ჯარიმის შესრულების საშუალებაც კი არ მისცეს და გამარჯვებისთვის ოთხი ქულა მიიღეს, მაგრამ პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ. ერთი პრემიალური ქულა ერგო რუმინეთს, მაგრამ ორივე ეს გუნდი, საქართველოს უკვე არა დამატებითი მაჩვენებლებით, არამედ ქულებით ჩამორჩა.
ახლა, სიტუაცია ასეთია: თუ საქართველოს ნაკრებმა უკრაინას სტუმრად სძლია და ოთხი ლელოც გაუტანა (პრემიალური ქულისთვის), რაც მარტივი მისაღწევია, მისი დამწევი ვეღარავინ იქნება. ესპანელები თავის ბოლო მატჩს მანამდე, 19 მაისს გამართავენ რუსეთის წინააღმდეგ და თუ იმ მატჩში ვერ იმარჯვეს, მაშინ პრემიალური ქულა საზრუნავი აღარც გახდება. აღსანიშნავია, რომ ზაზა ლეჟავას გაწვრთნილმა უკრაინის ნაკრებმა, გუშინ პორტუგალიას უმასპინძლა და 35:33 იმარჯვა, თანაც, სამის საპასუხოდ ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ეს, უკრაინელთა პირველი გამარჯვებაა ერთა თასზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში.
2012 წლის ევროპის ერთა თასი. V რაუნდი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 25000 მაყურებელი
საქართველო - რუსეთი 46:0
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 68), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (22. თედო ზიბზიბაძე 61), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. გიორგი ბეგაძე 68); 1. ვასილ კაკოვინი (17. დავით ხინჩაგიშვილი 41), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. რეზო ბელქანია 52), 3. დავით ქუბრიაშვილი (1. ვასილ კაკოვინი 65), 4. გიორგი ჩხაიძე (18. გიორგი ნემსაძე 52), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი (19. დიმიტრი ბასილაია 61), 7. გივი ბერიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
6 ლელო: გორგოძე (2), ჩხაიძე, მაჩხანელი (2), ნემსაძე
5 რეალიზაცია: კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი; 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზირ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფათახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმირ ბოლტენკოვი, 19. პავლე კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დმიტრი გერასიმოვი.
მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
რეფერი: მატიო რეინალი (საფრანგეთი)
ასისტენტები: სედრიკ მარშა, სალემ ატალა (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: როსანო ფაჩოლი (იტალია)
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
17 მარტი
საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)
1. საქართველო 4 3 0 1 115-45 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 96-59 14
3. რუმინეთი 4 2 0 2 65-39 11
4. რუსეთი 4 2 0 2 71-122 9
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6. უკრაინა 3 1 0 2 60-112 5
19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
1 ივნისი
რუმინეთი - უკრაინა
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო 9 8 0 1 283-80 37
2. რუმინეთი 9 5 0 4 231-108 27
3. ესპანეთი 9 5 0 4 188-234 24
4. პორტუგალია 10 4 0 6 215-230 21
5. რუსეთი 9 4 0 5 171-220 20
6. უკრაინა 8 1 0 7 121-337 5
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია