ამბები

13:52 | 18.03.2012 | ნანახია 3304 - ჯერ

“დრაკონების” “დიდი სლემი” და შოტლანდიის “ხის კოვზი”

უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ერის გადამწყვეტ შეხვედრაში, “მილენიუმზე” საფრანგეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული “დიდი სლემით” (ყველა თამაშის მოგება) გახდა. მას შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირში იტალიის ნაკრები ჩაება (2000 წლიდან), “დრაკონებმა” ექვსი ერი მესამედ მოიგეს (8 წელიწადში) და წარმატებას მესამედაც “დიდი სლემით” მიაღწიეს.
ანგარიში ფრანგთა ქართული წარმოშობის ნახევარმცველმა დიმიტრი იაშვილმა ჯარიმით გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე ალექს კატბერტმა ლამაზი, სწრაფი შეტევა შეხვედრის ერთადერთი ლელოთი დააგვირგვინა და უელსის ნაკრები წინ გაიყვანა. ამას ლი ჰალფპენიმ ზუსტი რეალიზაცია და 12 წუთში ჯარიმა მიაყოლა და მასპინძლებმა ტაიმი 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ფრანგები ბევრს ეცადნენ სიტუაციის შეცვლას და პერიოდულად სხვაობის შემცირებასაც ახერხებდნენ, მაგრამ მათი მასირებული შეტევები, განსაკუთრებით დასკვნით წუთებში, “უელსელებმა წარმატებით მოიგერიეს და ტურნირის დამსახურებული გამარჯვებულები გახდნენ. ჯარიმებით სხვაობა ჯერ ლიონელ ბუქსიმ, ხოლო მერე იაშვილმა შეამცრეს, მაგრამ ჰალფპენიმ ორივე შემთხვევაში მალე ჯარიმითვე უპასუხა და “დრაკონებმა” 16:9 იმარჯვეს.
წლევანდელი ექვსი ერის დასკვნით ტურში, რომში იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებაში ირკვეოდა, თუ ვინ გახდებოდა “ხის კოვზის” (ხუთივე თამაშის წაგება) მფლობელი. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გუნდებმა მხოლოდ თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს. მე-10 წუთზე ანგარიში მირკო ბერგამასკომ გახსნა, ხოლო შესვენებამდე 5 წუთით ადრე წონასწორობა კრეიგ ლეიდლოუმ აღადგინა. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ვენდიტიმ სტუმართა დაცვის ხაზში ნაპრალი იპოვა, ხაზი გაჭრა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, რასაც კრის ბარტონმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მასპინძლები ნიკ დე ლუკას სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლულები იყვნენ. სქოთები სინბინით 56-ე წუთზეც დაისაჯნენ, მაგრამ კაცნაკლულებმა ზუსტად საათის თავზე ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და როდესაც 66-ე წუთზე სინბინით უკვე ალესანდრო ძანი დაისაჯა, მათ კაცნაკლული მეტოქის დამარცხების იმედი გაუჩნდათ. მაგრამ შოტლანდიამ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა, კრის ბარტონმა 77-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში 13:6 გახადა და იტალიის ნაკრებმა შოტლანდია ბოლო ადგილზე ჩატოვა.
მართალია, შოტლანდიის ნაკრების ინგლისელ თავკაც ენდი რობინსონს გუნდთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ზედიზედ 7 თამაშის წაგების შემდეგ, დღის წესრიგში მისი გათავისუფლების საკითხი დადგა. ექვს ერზე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან, სქოთებმა მხოლოდ ორი მოიგეს, ასეთი ცუდი მაჩვენებელი მათ 1998 წლის შემდეგ არ ჰქონიათ და დიდი შანსია, ინგლისელი უმუშევარი დარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტდა, თვიქნემში მასპინძლებმა გულშემატკივრების გასახარად კარგი რაგბი აჩვენეს. წვიმიან ამინდში, რომელიც გაშლილი რაგბის თამაშს ხელს უშლიდა, ინგლისელმა პირველხაზელებმა მეტოქის პირველი ხაზი სრულად დაჯაბნეს და “ვარდებმაც” მეტოქე 30:9 გაანადგურეს. პირველ ტაიმში ინგლისელი ოუენ ფარელის სამ ჯარიმას სტუმრებმა ჯონათან სექსტონის ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და ტაიმი 9:6 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა თითო დარტყმაც გაცვალეს, მერე კი, მასპინძლებმა გაილაღეს. 58-ე წუთზე ირლანდია საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ფარელიმ ზუსტ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა, ხოლო 73-ე წუთზე ბენ იანგსმა მეორე ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, თუმცა, ინგლისელებმა უპირატესობა კიდევ ერთ გატანილ ჯარიმაში ასახეს და 21-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

2012 წლის “ექვსი ერი”. V რაუნდი
17 მარტი

იტალია - შოტლანდია 13:6 (3:3)
უელსი - საფრანგეთი 16:9 (10:3)
ინგლისი - ირლანდია 30:9 (9:6)
 

1 უელსი 5 5 0 0 109-58 10
2 ინგლისი 5 4 0 1 98-71 8
3 ირლანდია 5 2 1 2 121-94 5
4 საფრანგეთი 5 2 1 2 101-86 5
5 იტალია 5 1 0 4 53-121 2
6  შოტლანდია 5 0 0 5 56-108 0



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141543