საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფმა თამუნა ყულუმბეგაშვილმა სამინისტროსთან და საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, ერთი ძალიან კარგი საქმე გააკეთა - ერთა თასზე რუსეთის ნაკრების 46:0 განადგურების მეორე დღეს, ქართველი მორაგბეების უშუალო მონაწილეობით, მათი პირადი ნივთები აუქციონზე გაიტანა, რომელიც ძირითადად სრკ-ს მეგობარი კომპანიების (სპონსორების) წარმომადგენლებმა შეიძინეს და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება საგურამოს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს.
საგურამოს ბავშვთა სახლზე საქართველოს რაგბის კავშირი უკვე რამდენიმე წელია ზრუნავს. იქ სპეციალური სარაგბო სექციაცაა გახსნილი და სრკ-ს მიერ გამოყოფილი მწვრთნელი იქაურ ბავშვებს სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას აზიარებს. სწორედ ამის გაგრძელებაა ის, რაც კვირას მოხდა.
აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს მორაგბეთა სანაკრებო თუ საკლუბო მაისურები, ჰალსტუხი და ის ბურთი, რომლითაც “ბორჯღალოსნებმა” რუსები სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი, რაც ამ დღეს არ გაიყიდა, ფრანგული და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გრანდის, “ტულუზას” პირველხაზელ ჯაბა ბრეგვაძის საკლუბო მაისური იყო, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი, რომ მაისური პირადად გადაეცა საგურამოს ბავშვთა სახლში აღზრდილთა შორის საუკეთესო მორაგბისთვის.
აუქციონზე პირველი ის ბურთი გაიტანეს, რომლითაც ქართველებმა რუსებს სძლიეს და მისი საწყისი ფასი 200 ლარი იყო. მსურველი სულ სამი იყო, მაგრამ ყველაზე მეტი თანხა “ბაზის ბანკმა” გაიღო და ბურთი 1100 ლარად შეიძინა. მერე ჯერი გიორგი ჩხაიძის იმ მაისურზე მიდგა, რომლითაც წინა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა და ლელო გაიტანა. საწყისი ფასი 400 ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი, 700 ლარად კვართი კვლავ “ბაზის ბანკის” საკუთრება გახდა. ამის შემდეგ დადგა დავით ქუბრიაშვილის “ტულონის” მაისურის ჯერი, რომელსაც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავების ხელმოწერები ამშვენებდა. საწყისი ფასი აქაც 400 ლარი იყო და დიდი კონკურენციაც გაიმართა, რის შედეგადაც ყველას სააქციო საზოგადოება “თელასმა” აჯობა და მაისური 3000 ლარად დაისაკუთრა.
ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რომელიც იმ დღეს აუქციონზე გაიყიდა, ოღონდ, მას ფასით სულ მალე გაუტოლდა მამუკა გორგოძის “მონპელიეს” მაისური, რომლის საწყისი ფასიც ასევე 400 ლარი იყო და მაშინ, როდესაც ფასი სულ რაღაც 1400 ლარამდე იყო მისული, სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ 3000 თქვა. კონკურენტი აღარ გამოჩნდა და “მონპელიეს” (გორგოძის) მაისურიც ამიერიდან საქართველოს რაგბის კავშირის ოფისს დაამშვენებს.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის სანაკრებო მაისური 2000 ლარად სააქციო საზოგადოება “ბაგრატიონმა” შეიძინა (საწყისი ფასი 400 ლარი), ხოლო ნაკრების ახალი ფორმა (მაისური და ტრუსი) 1000 ლარად კომპანია “გალფის” წარმომადგენლის საკუთრება გახდა. სულ ბოლოს აუქციონზე ის ჰალსტუხი გამოიტანეს, რომელიც “ბორჯღალოსნებს” არასათამაშო, ოფიციალური შეხვედრებისას უკეთიათ. საწყისი ფასი 50 ლარი იყო, მაგრამ “ბაზის ბანკმა” მასში 20-ჯერ მეტი გადაიხადა (1000 ლარი) და ჯამში, ამ კომპანიამ აუქციონის შედეგად საგურამოს ბავშვთა სახლს ფინანსურად ყველაზე დიდი დახმარება გაუწია.
ამრიგად, ბავშვთა სახლმა საერთო ჯამში ამ აუქციონის შედეგად 11800 ლარი და ჯაბა ბრეგვაძის მაისური მიიღო. ღონისძიების მეორე ნაწილში მორაგბეებმა იხილეს ახალ ზელანდიაში მათი გამოსვლისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი, რომელიც სამინისტრომ დაამზადა. სულ ბოლოს კი, თამუნა ყულუმბეგაშვილმა მორაგბეებს გადასცა ფერადი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი, სადაც ასახულია მის მიერ დანახული ბატალიები განვლილ მსოფლიო თასზე და ყველა სურათს თან ახლავს ორიგინალური მინაწერი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია