ამბები

11:47 | 19.03.2012 | ნანახია 1464 - ჯერ

“თიბისის” “ბაგრატი” შეუერთდა

საქართველოს მორაგბეთა გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირში, უმაღლესი ლიგის ათ გუნდს, თბილისის “თიბისის” შემდეგ, დასავლეთ დივიზიონიდან ქუთაისის “ბაგრატი” შეემატა.

დასავლეთ დივიზიონში უამინდობის გამო ჯერ კიდევ დარჩა ოთხი შეხვედრა ჩასატარებელი, მაგრამ მათი შედეგები ჯგუფის სათავეში ცვლილებებს ვეღარ გამოიწვევს. “ბაგრატს” 14 მარტს საჩხერეში, “ჯრუჭის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ თოვლმა ქუთათურებს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, დასკვნით მატჩში მათ მალთაყვაში “კოლხი რაინდები” 35:3 დაამარცხეს, მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანეს და პრემიალური ქულაც აიღეს. რადგან ბათუმის “დელფინებმა” ოზურგეთში “არწივების” დიდი სხვაობით დამარცხება ვერ შეძლეს, მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს და 5:0 იმარჯვეს, ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს თანაბარი ქულები დაუგროვდათ.
მართალია, “ბაგრატს” “ჯრუჭთან” თამაში კიდევ ჩასატარებელი აქვს, მაგრამ “დელფინებმა” თავიანთი თამაშები უკვე მოილიეს და დებულების თანახმად, თანაბარქულიან გუნდებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულ “ბაგრატს” ენიჭება, ასე რომ, მათი გადადებული მატჩი უკვე აზრს კარგავს და 31 მარტიდან ისინი უმაღლესლიგელებთან უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ერთი გადადებული თამაში გაიმართა აღმოსავლეთ დივიზიონში, სადაც თბილისის “დევებმა” პატარძეულის “ვეფხვები” 29:17 დაამარცხეს, მაგრამ ამ შედეგს მხოლოდ ცხრილისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჰქონდა მნიშვნელობა, თორემ სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა.
 
აღმოსავლეთ დივიზიონი
18 მარტი. (გადადებული)
დევები - ვეფხვები 29:17
 
1. თიბისი (თბილისი)           3 2 0 1 75-43 10
2. ხულიგანა (თბილისი)       3 2 0 1 64-33 10
3. დევები (თბილისი)           3 2 0 1 50-70 8
4. ვეფხვები (პატარძეული)   3 0 0 3 37-80 1
 
დასავლეთ დივიზიონი
V ტური. 18 მარტი
კოლხი რაინდები - ბაგრატი 3:35 
არწივები - დელფინები 0:5
ჯრუჭი - ნოქალაქევი (გადაიდო)
 
1. ბაგრატი (ქუთაისი)             4 4 0 0 129-10 19
2. დელფინები (ბათუმი)         5 4 0 1 101-20 19
3. კოლხი რაინდები (ფოთი)  4 2 0 2 26-64 8
4. არწივები (ოზურგეთი)       4 1 0 3 25-64 6
5. ჯრუჭი (საჩხერე)               2 0 0 2 0-51 0
6. ნოქალაქევი (სენაკი)           3 0 0 3 5-77 0
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081537