საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის XXIV ტურში, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “პერიგოსა” და “ორიაკის” ოთხი ქართველი პირველხაზელი, პირველივე წუთიდან ერთმანეთის პირისპირ იდგა.
ჯგუფის აუტსაიდერ “პერიგოს” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დავით დადუნაშვილი და ალექსანდრე მარგველაშვილი, ხოლო შუამარბი თედი ზიბზიბაძე თბილიშში რუსეთის ნაკრებს არბევდა. “ორიაკის” სასტარტო 15-ში იყვნენ კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი კი, საქართველოს ნაკრების მაისურით, რუსეთის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს გუნდები მეორე ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. “პერიგოს”, რომელიც მასპინძელი იყო, უფრო რთულად აქვს საქმე, რადგან ბოლო ადგილზეა და გადასარჩენად 11 ქულა აქვს ამოსაქაჩი, ხოლო “ორიაკი” ნელ-ნელა ქვევით ეშვება და მისი უპირატესობა უკვე 10 ქულამდე შემცირდა.
ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე აქტიური დადუნაშვილი იყო, რომელმაც მატჩის დებიუტში კარგი გარღვევა განახორციელა. მართალია, შებოჭეს, მაგრამ იერიში მარცხენა ფრთიდან გაგრძელდა და საბოლოოდ ლელოთი დაგვირგვინდა. კიდევ ერთხელ, ის კარგად მიყვა ფეხით გადაკიდებულ ბურთს, მეტოქე შებოჭა და მას დაჯარიმება აუძულა. ადრეული ლელო-გარდასახვის შემდეგ, გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, “პერიგო” მეტოქეს ჩამორჩენის 7 ქულაზე მეტით შემცირების საშუალებას არ აძლევდა და საბოლოოდ, “ორიაკი” 22:15 დაამარცხა.
“ორიაკის” პირველხაზელი ასეიშვილი 32-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ნაცარაშვილმა 65 წუთი იბურთავა. მასპინძელთა ქართველებმა დადუნაშვილმა და მარგველაშვილმა მოედანზე 60 წუთი გაატარეს და ერთდროულად შეიცვალნენ. ახლა “პერიგოს” 31 ქულა აქვს, მაგრამ რადგან “ბეზიემაც” მოიგო, მას კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო “ორიაკი” 42 ქულით მე-14 ადგილზეა.
გათამაშების ლიდერმა, გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა” მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს” უმასპინძლა, მეტოქე 21:3 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მაგრაქველიძე იყო და ის თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო. “გრენობლმა” მხოლოდ ორი ლელოს გატანა მოახერხა და პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ დამარცხდა მისი უახლოესი მდევარი “დაქსი” და ახლა მენაბდიშვილის გუნდი მას 12 ქულით უსწრებს (82 ქულა). “ტარბს” 47 ქულა დარჩა და მე-12 საფეხურზეა.
“დაქსის” მარცხით ვერ ისარგებლა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ”, რომელიც “მონ დე მარსანთან” სტუმრად 16:27 დამარცხდა. “პოს” 68 ქულა დარჩა, კვლავაც მე-3 ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება “დაქსს”, რომელსაც კახა კობერიძის “ალბიმ” 33:9 მოუგო, მაგრამ ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “ალბი” 61 ქულით მე-6 ადგილზეა და Top 14-ში გადასასვლელ პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ის მეხუთეადგილოსან “ლა როშელს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. Pro D2-ის მორიგი ტური 31 მარტსაა დანიშნული, მანამდე კი, გამოტოვებული შეხვედრების ჩატარება იგეგმება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია