ამბები

17:45 | 19.03.2012 | ნანახია 5689 - ჯერ

რუსთა ფასი ნულის ტოლია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი სარეკორდო ანგარიშით - 46:0 კი გაანადგურა, მაგრამ ამით მის სარეიტინგო ქულებს არაფერი შეემატა. რაგბის საერთოშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში “ბორჯღალოსნები” 70,26 ქულით კვლავ მე-15 ადგილზე რჩებიან და მცირედით ჩამორჩებიან იაპონიას (0,19), ჩვენს უკან კი, ფიჯის ნაკრებია.
მთლიანობაში, გასული კვირის შედეგების მიხედვით, რეიტინგის ზედა მესამედში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. რიგითობა რომ დავიცვათ, უნდა ვთქვათ, რომ ინგლისს ირლანდიის 30:9 ძლევით 0,69 ქულა მოემატა, მეოთხე ადგილი შეუნარჩუნდა და “პომები” კვლავ რჩებიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდად. თითქმის ამდემივე ქულა შემატა მონაგარს ექვსი ერის გამარჯვებულმა უელსმა (0,70), რომელმაც საფრანგეთი 15 ქულაზე მეტი სხვაობით ვერ დაამარცხა - 16:9 და მე-5 ადგილი შეინარჩუნა. საფრანგეთმა სარეიტინგო ქულები კი დაკარგა, მაგრამ რეიტინგში მე-6 ადგილი შეინარჩუნა.
სამაგიეროდ, იგივე ვერ შეძლო ირლანდიამ, რომელმაც ინგლისთან მარცხის შემდეგ, მე-7 პოზიცია არგენტინას დაუთმო. იტალიამ რომში შოტლანდიას 13:6 აჯობა, “ხის კოვზს” თავი დააღწია, რეიტინგს 0.84 ქულა შემატა და რადგან შოტლანდიას ამდენივე დააკლდა, მას ადგილი გაუცვალა. ახლა იტალია მე-11 საფეხურზეა, სქოთებმა კი, მე-12 ადგილზე ჩამოინაცვლეს. ევროპის ერთა თასზე, შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მადრიდში გაშვებული არეკნი რუმინეთს 1,03 სარეიტინგო ქულად დაუჯდა. მართალია, რუმინელებმა მე-18 ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ 13:12 მომგები ესპანეთი ახლა მას მნიშვნელოვნად წამოეწია.
უფრო დიდი დანაკარგი განიცადა პორტუგალიამ, რომელიც უკრაინასთან 33:35 შერცხვა. პორტუგალიელებს მეტოქის დაუფასებლობა 1,35 სარეიტინგო ქულად დაუჯდათ და რადგან ბელგიამ სტუმრად გერმანიას 30:29 აჯობა, რითაც 0,77 ქულა მიიღო, 24-ე პოზიციაზე ბელგიელები აღზევდნენ, პორტუგალია კი, 25-ე საფეხურამდე დაქვეითდა. სამაგიეროდ, ამ მოგებამ მნიშვნელოვანი ნახტომის გაკეთების საშუალება მისცა უკრაინას, რომელიც ერთბაშად 4 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 29-ე ადგილს იკავებს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 19 მარტისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,34
4    (4). ინგლისი    83,62
5    (5). უელსი    83,32
6    (5). საფრანგეთი    81,91
7    (8). არგენტინა    80,28
8    (7). ირლანდია    79,85
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). სამოა    75,81
11    (12). იტალია    74,17
12    (11). შოტლანდია    73,86
13    (13). კანადა    72,92
14    (14). იაპონია    70,45
15    (15). საქართველო    70,26
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,81
19    (19). ესპანეთი    62,57
20    (20). ნამიბია    61,24
21    (21). ურუგვაი    60,47
22    (22). რუსეთი    60,12
23    (23). ჩილე    59,52
24    (25). ბელგია    58,88
25    (24). პორტუგალია    57,75
26    (26). ჰონკონგი    56,51
27    (27). მაროკო    56,13
28    (28). პოლონეთი    54,80
29    (33). უკრაინა    53,95
30    (29). მოლდოვა    53,85
31    (30). ყაზახეთი    53,62
32    (31). კორეა    53,36
33    (34). ზიმბაბვე        52,40
34    (32). გერმანია    52,76
35    (35). ბრაზილია    51,57
36    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085531