ამბები

15:17 | 20.03.2012 | ნანახია 2197 - ჯერ

18-წლამდელები ევროპის ჩემპიონატამდე საფრანგეთში ივარჯიშებენ

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც წლეულს პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში, სადაც ექვსი ერის წარმომადგენელი ქვეყნების ახალგაზრდული გუნდები გამოდიან, წინასატურნირო ათდღიან მზადებას საფრანგეთში გადის.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სარაგბო დონეების გუნდების ინტეგრაციას, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველები სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებებში ცდილობენ და ექსპერიმენტებს მიმართავენ. შარშანდელი ექვსი ერის ორი უარესი გუნდი (შოტლანდია და იტალია) მომდევნო ექვს ნაკრებს გაუტოლეს და ევროპის ჩემპიონატის მეორე, რვაგუნდიანი ჯგუფი შექმნეს. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთ ნახსენები გრანდების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ქართველები ნახევარფინალში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ, მღელვარებას ვერ გაუმკლავდნენ და ტაიმი 3:29 დათმეს. მერე პატარა “ბორჯღალოსნებმა” იბრძოლეს და ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანეს (16:29), თუმცა, საბოლოოდ 16:36 დამარცხდნენ.
გასული წლის მიწურულს, ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ოთხთა ტურნირმა (საქართველო, პორტუგალია, ბელგია და რუმინეთი), რომელსაც რუმინეთმა უმასპინძლა, ორი უძლიერესი გამოავლინა (საქართველო და პორტუგალია), რომლებიც ექვსი ერის გუნდებს დაემატნენ და უკვე სრულფასოვან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში უნდა გადანაწილებულიყვნენ და მერე იქ დაკავებული ადგილების მიხედვით, ჯამში პირველი, მესამე, მეხუთე და ბოლოსწინა ადგილების დასაკავებლად უნდა ებრძოლათ, თუმცა, საბოლოოდ შეჯიბრის პლეი ოფის სისტემით ჩატარება გადაწყდა.
რადგან საქართველოს ნაკრებმა ოთხთა შესარჩევ ტურნირზე იმარჯვა, ის მეოთხედფინალში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მეორე გუნდს, ინგლისს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში უელსი-იტალიას შორის გამარჯვებულს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, V ადგილისთვის ამავე წყვილში დამარცხებულ გუნდთან შეხვედრით გააგრძელებს ბრძოლას. დასკვნით დღეს, 7 აპრილს, კვლავ ოთხი თამაში გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა ევროპის ჩემპიონის და მომდევნო 7 ადგილის მფლობელი გუნდი.
ესპანეთში ჩასვლამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ეროვნული გუნდის თანაშემწე ილია მაისურაძე თავკაცობს, საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ “კლერმონის” ბაზაზე 18 მარტს ათდღიანი შეკრება დაიწყო. ფრანგული გრანდის ახალგაზრდულ გუნდთან ვარჯიშის პარალელურად, საქართველოს ნაკრები 22 მარტს “კლერმონის” ახალგაზრდულ გუნდთან საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს, 28 მარტს კი, გეზს მადრიდისკენ აიღებს და იქ გრანდებისთვის თავისი ძალის ჩვენებას შეეცდება.
 
საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: გიორგი აფციაური (“არმია”), დევი დევსურაშვილი (“ხულიგანა”), იოსებ კიკვაძე (ქუთაისი), გიორგი ფრუიძე (ქუთაისი), ნიკა ამაშუკელი (“ჯიქები”), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისი), გიორგი ტალახაძე (“ხულიგანა”), იოსებ ტუკვაძე (“ყოჩები”), რევაზ ბროძელი (“არმაზი”);
შერკინება: ბექა ფირიაშვილი (“ყოჩები”), ბადრი ალხაზაშვილი (“აკადემია”), მიხეილ ზურიკაშვილი (რუსთავი), ლექსო ცისკარიშვილი (“არმია”), ზაურ ხარებავა (ფოთი), გიორგი მარგველანი (“ივერია”), გიორგი სორდია (საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი (“ჯიქები”), შალვა შაშიაშვილი (ქუთაისი), საბა შუბითიძე (“აკადემია”), გიორგი გოგლიძე (“აკადემია”), ვახტანგ ამირანაშვილი (“ივერია”), ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ზურაბ ამონაშვილი
დელეგაციის ხელმძღვანელი: გია გორგასლიძე (სრკ-ს ვიცე პრეზიდენტი)
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
 
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი
მადრიდი (ესპანეთი). 30 მარტი - 7 აპრილი
30 მარტი. 1/4-ფინალები
1. ინგლისი - საქართველო
2. ირლანდია - პორტუგალია
3. უელსი - იტალია 
4. საფრანგეთი - შოტლანდია 
 
3 აპრილი. ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისთვის
პირველის წაგებული - მეოთხეს წაგებული
მეორეს წაგებული - მესამეს წაგებული
თასის ნახევარფინალები
პირველის გამარჯვებული - მეოთხეს გამარჯვებული
მეორეს გამარჯვებული - მესამეს გამარჯვებული
7 აპრილი. ფინალები
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076258