მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” რუს “დათვებს” “ტყავს აძრობდა”, საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონ ფედერალ 1-ში, სადაც ქართველი ლეგიონერების უმეტესობა გამოდის, უამინდობის გამო გადადებული XII ტურის შეხვედრები იმართებოდა.
პირველი ჯგუფის ლიდერმა, დავით ბოლღაშვილის “ლილმა” “ნევერს” უმასპინძლა და 12:3 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მის გუნდს კი, 56 ქულა მოუგროვდა, უახლოეს მდევარს 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსანს - 16 ქულით და პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს. 54 ქულით მე-2 ადგილზე შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასია”, რომელმაც შოთა მელიქიძის “მაკონს” უმასპინძლა და 42:20 გაანადგურა. სუთიაშვილი თბილისში ნაკრების მაისურით ირჯებოდა, კობაური და მელიქიძე განაცხადში არ იყვნენ, ხოლო აშვეთია თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო. მიუხედავად მარცხისა, 37 ქულით მე-5 ადგილზე მყოფ “მაკონს”, პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს - ის 3 ქულით ჩამორჩება “მონლუსონსა” და “დიჟონს”.
გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა” გადადებულ შეხვედრაში 26:22 მოუგო ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანს”. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო კოპალიანი და საყვარელიძე სრულად გაისარჯნენ. მათმა გუნდმა ტაიმი 0:14 დათმო, თანაც, ზედ შესვენების წინ წითელი ბარათის გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, სტუმრები 67-ე წუთზე 22:19 დაწინაურდნენ, თანაც წითელი ბარათი მეტოქის მორაგბემაც მიიღო და რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა, მაგრამ სულ ბოლოს ლელო-გარდასახვა გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. უკვე ვთქვით, რომ “დიჟონი” 40 ქულით “მონლუსონთან” მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო “ორლეანს” 15 ქულა მოუგროვდა და ბოლოსწინა, მე-9 საფეხურზეა.
ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონმა”, “ბობინის” მინიმალური სხვაობით, 18:17 აჯობა. ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ ყუფარაძე იყო, რომელმაც 62 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მისი შეცვლისას გუნდი 18:12 იგებდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლელო გაუშვა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და “მონლუსონი” მარცხს გადაურჩა. 14 თამაშის შემდეგ, კვლავ უქულოდაა რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი”, რომელიც ამჯერად საკუთარ მოედანზე “სტრასბურთან” 6:30 დამარცხდა. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შუამარბმა გიგაურმა და მეორეხაზელმა ხოჭოლავამ სრულად ითამაშეს, ხოლო პირველხაზელი გიორგაძე მე-60 წუთზე შეცვალეს.
მეორე ჯგუფში თემურ გელანტიას “ნიმი” 25:43 დამარცხდა “მონტობანთან”. ქართველმა ლეგიონერმა ტრავმირებული თანაგუნდელი 27-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ ლელოუხვ მატჩში (4-3) საკუთარ გუნდს ვერ უშველა. “ნიმი” 16 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენი” საკუთარ მოედანზე “კასტანესთან” 16:32 დამარცხდა, 33 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა და საპლეიოფო მე-4 საფეხურს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. ქართველი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებისთვის ირჯებოდა.
გიორგი კუთარაშვილის “შატორენარისა” და დავით კაჭარავას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცას” შეხვედრა ფრედ - 13:13 დასრულდა. ქართველ ლეგიონერთაგან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ კუთარაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. მაღალდაძე განაცხადში არ იყო, ხოლო კაჭარავა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა. ამ გუნდებს 28-28 ქულა აქვს და მე-7-მე-8 ადგილებს ინაწილებენ.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინი” ირაკლი ნინიძის “რომანს” მასპინძლობდა და 20:24 დამარცხდა. მაისურაძე ტრავმირებულია, ბელქანია საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მობურთალი ლაბაძე მწვრთნელმა 50-ე წუთზე შეცვალა. 47-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ნინიძე. სხვათა შორის, მასპინძლები 45-ე წუთზე 20:9 იგებდნენ, ხოლო როცა ლაბაძე შეცვალეს და სტუმართა რიგებში ნინიძე გამოჩნდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. “რომანმა” დასკვნით 30 წუთში 5 უპასუხო ჯარიმა გაიტანა და გამარჯვება იზეიმა, ხოლო “ლა სეინი” ერთი პრემიალური ქულის ამარა დარჩა. მიუხედავად მარცხისა, “ლა სეინი” 41 ქულით საპლეიოფო მე-4 ადგილზე რჩება, ხოლო “რომანი” 33 ქულით “სენტ-ეტიენთან” მე-5-მე-6 ადგილებს იყოფს.
მესამე ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძის “სენ-ჟუნიენი”, მხოლოდ ერთი ქართველის, გიორგი ოზგებაშვილის ამარა დაუხვდა “კოლომიეს” და მომხვდურთან ვერაფერს გახდა - 12:25. ოზგებაშვილმა ბოლო 8 წუთი ითამაშა, “სენ-ჟუნიენს” კი, 31 ქულა დარჩა, მე-6 ადგილამდე დაქვეითდა და პლეი ოფში მოსახვედრად სამ თამაშში 6-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებს.
მეოთხე ჯგუფში უქართველებოდ დამარცხდა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენი”, რომელიც “ლურდს” მასპინძლობმა - 18:22. მიუხედავად ამისა, ქართველების გუნდი 44 ქულით მე-3 ადგილს ინარჩუნებს. საკუთარ მოედანზე 3:20 დამარცხდა “ტიროსთან” საბა ქართველიშვილის “ლანემეზანი”. ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე ბოლო 12 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი, 32 ქულით მე-7 ადგილზეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია