20-წლამდელები

20:44 | 1.03.2016 | ნანახია 4484 - ჯერ

ლადო კილასონია: „სათამაშო გეგმას გადავხედავთ“

28 თებერვალს „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სამხრეთ-ამერიკული ტურნეს მესამე მატჩში მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაისთაინ 2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 19:21.

წინ სერიის მე-4 მატჩია, რომელშიც ქართველ 20-წლამდელებს „ტერიტოსთან“ რევანშის აღების შანსი ექნებათ. შეხვედრა 4 მარტს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და ამით დასრულდება 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა, უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

ლადო კილასონია (მწვრთნელი): „ურუგვაისთან თამაშამდე 2 ვარჯიში გვქონდა და ორივემ კარგად ჩაიარა. აქ არგენტინასთან შედარებით ოდნავ გრილა და გუნდი ფიზიკურადაც ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. ისე არ გვიჭირდა გადაადგილება, როგორც არგენტინაში. თამაში კარგად, ორგანიზებულად დავიწყეთ და აგრესიულად ვუტევდით. პირველივე შეტევაზე ბურთი ჩვენი 22-დან წამოვიღეთ და დავალელოვეთ, მეორე შეტევაზე იმათ ლელოს ხაზთან გაგვივარდა ბურთი, შემდეგ შერკინებაში მივაწექით და იქიდან გამოვარდნილი ბურთით მეორე ლელო გავიტანეთ.

ამის შემდეგ კი, დაიწყო ინდივიდუალური შეცდომები. ერთხელ აუტში ვერ გადავიტანეთ ბურთი, ერთხელ იმათ ლელოს ხაზთან დავკარგეთ, ცენტრშიც უაზროდ დავჯარიმდით, შემდეგ კაცი გავატარეთ დაცვაში და მოგეხსენებათ, 5 ინდივიდუალური შეცდომა 5 გუნდურ შეცდომას უდრის. ამასობაში ურუგვაიც გამოფხიზლდა, ათამაშდა და მეორე ტაიმის შუაში დაწინაურდა კიდეც.

შემდეგ მეტოქე ისევ დავალელოვეთ, აფრასიძემ კიდეზე ფეხით გადაკიდა და ბურთს მესხმა მიუსწრო, მაგრამ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვური შეცდომა დავუშვით, ლელო დაგვიდეს და წავაგეთ. ახლა მთავარია ერთმანეთზე არ გავბრაზდეთ და დისციპლინა შევინარჩუნოთ. მიუხედავად სამი მარცხისა, გუნდში კარგი სიტუაციაა და ეს მნიშვნელოვანია. გადავხედავთ ჩვენს სათამაშო გეგმას, ვნახავთ სად ვართ სუსტები, შეცდომებს გამოვასწორებთ და ტურნეს ღირსეულად დავასრულებთ“.

რატი შანიძე: „თამაშისთვის მიზანმიმართულად ვემზადებოდით და ბიჭებიც მოტივირებულნი ვიყავით. მატჩი კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე ლელო დავდეთ. შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენივე მეორე ლელო, რომელსაც წესით გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა, თუმცა ჩვენმა ხელიდან გაშვებულმა შანსმა და შეცდომებმა მოწინააღმდეგეს თამაშში „დაბრუნების“ საშუალება მისცა და ამის ხარხჯზე 2 ქულით დავმარცხდით“.

ილია სპანდერაშვილი: „ვერ ვიტყვი, რომ ურუგვაი ძლიერი გუნდი იყო. თავისუფლად შეგვეძლო ამ თამაშის მოგება, მაგრამ საკმარისად ვერ მოვინდომეთ და დავმარცხდით. სამი თამაში დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩვენი შეცდომები დაგვენახა. ვიმედოვნებ, მეოთხე მატჩი ყველასთვის სასურველი ანგარიშით დამთავრდება“.

ტურნეს გასულ ორ მატჩში, არგენტინელმა 20-წლამდელებმა 36:17 და 49:11 იმარჯვეს, ხოლო მესამე ჯახი ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა. მარცხი ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ უმთავრესი ამა წლის ივნისში, ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატია და იმედია, სამხრეთ ამერიკაში მიღებული გამოცდილება გუნდს ოფიციალურ თამაშებში წაადგება, სადაც „ბორჯღალოსნები“ უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრებიან.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:06 | 04.03.2016
lukaferrari (24)

წარმატებები. მეოთხე თამაშს მოიგებენ სავარაუდოდ. მაგრამ ამ ტურნირზე მთავარი გუნდის თამაშის დალაგება და სელექციის პროცესია

23:14 | 01.03.2016
Ika.K (16)

მომწონს ეს თაობა!

22:37 | 01.03.2016
Dima89D (9)

midit bichebo

21:11 | 01.03.2016
Alexandre74 (13)

უნდა მოვიგოთ

0.11783